вторник, 27 декабря 2011 г.

,,ორჯერ გასახლება „

მაჰმუდ გოვჰაროვი უკვე ათი თვეა საქართველოში დაბრუნებას ცდილობს. 73 წლის მოხუცს ახალციხეში ოჯახი ელოდება.
ახალციხეში გოვჰაროვების ოჯახს ვსტუმრობ. მაჰმუდ გოვჰაროვის მეუღლეს ზანნას უყვები, რომ აზერბაიჯანში, საათლის რაიონში, სოფელ ნასიმიკენდში, როცა სამცხე-ჯავახეთის რეგონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში საინფორმაციო ცენტრი გახსნა, მისი მეუღლე ვნახე. ზანნა გოვჰაროვას თვალები უბრწყინავს, ფოტოებს ვაჩვენებ. რატომღაც თავსაფარს ისწორებს და ისე ნახულობს ქმრის სურათებს.
- კარგად არის - ვეუბნები მე.
- მართლა? - მეკითხება ის და ვატყობ, რომ ნერვიულობს.
გოვჰაროვების ისტორიული გვარი თურმანიძეა. ისინი საქართველოში ორი წლის წინ ჩამოვიდნენ აზერბაიჯანიდან.
ოჯახი ახალციხეში, ეგრეთწოდებულ ,,ტავარზე“ დასახლდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.
იუნუს და ფავზია გოვჰაროვებს სამი ვაჟი ჰყავთ; ელდარი, ბინალი და რუსტამი. იუნუსის მშობლები ზანნა და მაჰმუდ გოვჰაროვებიც ,,ტავარზე „ ცხოვრობენ.
მაჰმუდ გოვჰაროვი აზერბაიჯანში ექიმთან სამკურნალოდ ამა წლის 26 თებერვალს წავიდა. უკან ორ კვირაში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა. . .
ათი თვის მანძილზე მაჰმუდ გოვჰაროვმა სამჯერ სცადა საზღვრის გადმოკვეთა, თუმცა უშედეგოდ.
,,არ უშვებენ! საბაჟოზე მიზეზსაც კი არ ეუბნებიან და უკან აბრუნებენ. გაწვალდა მოხუცი, ფული ფულად ეხარჯება და არც ფიზიკურად არის კარგად“, - ამბობს ფავზია გოვჰაროვა, მაჰმუდ გოვჰაროვის რძალი.
მაჰმუდ გოვჰაროვსაც უკვირს თუ რატომ არ უშვებენ უკან - ,, ჩვეულებრივ გადმოვედი, თუ პასპორტში მქონდა პრობლემა როგორ გადმოვკვეთე მაშინ საზღვარი? „
ასოციაცია ,,ტოლერანტის“ საზოგადოებრივი ადვოკატი ტარიელ მახაჭაშვილი ცდილობდა გაერკვია სამი მცდელობის მიუხედავად რატომ ვერ გადმოკვეთა საზღვარი მაჰმუდ გოვჰაროვმა, რისთვისაც შეხვედრები ჰქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.
საზოგადოებრივი ადვოკატი ამბობს რომ ,,სტატუსის მინიჭებაა ამ პრობლემიდან გამოსავალი, მოხუცის ასაკიდან გამომდინარე სამინისტროში დაგვპირდნენ, რომ დააჩქარებენ სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილი დოკუმენტების განხილვას“, - აგვიხსნა მან.
მაჰმუდ გოვჰაროვი შვიდი წლის იყო პირველად როცა გაასახლეს. 67 წლის წინ გასახლებული და დაბრუნებული 73 წლის მოხუცი ამჯერად სამშობლოში დაბრუნებას ისევ ითხოვს.
,,გამოდის სამშობლოდან ორჯერ გაასახლეს“, - ამბობს მაჰმუდ გოვჰარვის მეუღლე სინანულით.
ნახეთ აქ

воскресенье, 4 декабря 2011 г.

ზამთარია, სიცივეა . . .

შაბათს სოფელში ავედი. გრძელი გზა ისე ავიარე კაცის ჭაჭანება არ იყო. ციოდა და . . . ჭიშკრის საკეტის ხმაზე ბუთხო მოვარდა ყეფით და წკმუტუნით. წინა თათები მკერდზე დამაწყო და სახე ამილოკა. ჩემზე მაღალია:) სინათლე ყველა ოთახში ავაბდღვიალე, ღუმელი დავანთე და ღვინოს მოურიე, მაჭარია ისევ, მაინც ამოვიღე, გავივლი მოვწრუპავ, გამოვივლი მოვწრუპავ, ამიტომაც არის სოფელში ხასიათს, რომ არ ვუჩივი:) მთელი ღამე თოვდა. ბუთხომ ღამით ეზოში რაღაც თეთრბეწვიანი ტყავი მოათრია, ეტყობა ცხვარი დაგლიჯეს სოფელში მგლებმა და ალიონზე ტყავი შეხვდა მხოლოდ ბუთხოს. მთელი ღამე გაბმული ყმუილი ისმოდა. ადრე ბაბუა ამბობდა ხოლმე ძაღლებმა მგლის სუნი აიკრეს და ამიტომ ყმუიანო. ძაღლების ყმუილს უსიამოვნო შეგრძნება მოაქვს ხოლმე. ადრე ბაბუა აივანზე თოფს დააჭექებდა და ცოტა ხანში ძაღლებიც შეწყვეტდნენ ყმუილს. მერე უკვე ჩვენებურად ,,კაბიაბის" საყოველთაოდ კი ზღაპრების მოყოლის დროც დგებოდა. ჩემს ძმებს ნადირობაზე უყვარდათ ზღაპრები, მე კონკია და მისთანები მერჩია, თუმცა, ბაბუასთვის გვარის გამგრძელებლების სურვილი იყო მთავარი და ზღაპრებს სულ ნადირობაზე უსმენდი ხოლმე. მე ,,დამტირებლის " ფუნქცია მქონდა. ,,ჩემი დამტირებელი" მეტყოდა ხოლმე ბაბუა და თავზე მაკოცებდა. ლექციაზე ვიჯექი როცა დამირეკეს ბაბუა მოკვდაო. ღამით ავაღწიე სოფელში. სიჩუმე იყო, სამზარეულოში ისხდნენ. მეც ჩუმად დავჯექი სკამზე. ოოოო, სად წავედი. ახლა ყინულის ჩურჩხელებითაა მორთული სახლი გარედან. ლამაზია:) შაბათ -კვირას აქ ვიქნები:)

пятница, 28 октября 2011 г.

მოვფრინავ გული :)

პარასკევია, ჩვეულებრივი დღე. ჟურნალისტებთან შეხვედრა მაქვს გასაკეთებელი და ვმუშაობ. დღეა უღიმღამო. მობილურის ნომრებს ვინიშნავ, ზოგს ურეკავ, ზოგსაც ფეისბუქით ვეხმიანები. გაზეთიც დასაგეგმ-დასაწერ-ასაწყობი მაქვს. ზურგიც მეტკინა. ვზივარ და ვმუშაობ. მწვანე ჩაის მივეტანე, ვსვამ და ვსვამ. მობილური აზუზუნდა -  SMS -ია  ,,მოვფრივან გული",  - თეთე მწერს.  ვპასუხობ - გელოდები კოკრი. კოკრი, ანუ თეთე ჩემი დაა, 22 წლისაა და ნინოწმინდის ქართულ საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებელია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქ წავიდა სამუშაოდ, ძალიან არ მინდოდა, ბევრიც ვეხვეწეთ, მკაცრადაც უთხარით, მაგრამ . . . 
   
     თეთე მოდის, მიხარია, ამინდიც გამოსწორდა:) ვინც თეთეს იცნობს ყველამ მითხრა იქ რა გააჩერებსო, თუმცა უკვე მეორე წელია თეთე პედაგოგობს. რატომ არ მინდოდა, რომ ნინოწმინდაში წასულიყო - პირველი ამინდის გამო, საშინელი ზამთარი იცის. ყინვები. იქ პირობები არ არის ნორმალური საცხოვრებლად. ადგილობრივებს კი აქვთ უკვე ყველაფერი მოწყობილი, მაგრამ თეთეს? ბინა უნდა ექირავებინა, იქ ბუნებრივი გაზი არ არის, ანუ შეშა აქედან უნდა ჩაგვეტანა. ყველაფერს მოერია. ბინაც იქირავა და ნორმალურადაც მოეწყო. ხელფასი 280 ლარი აქვს:) რომელიც არაფერში არ ჰყოფნის, უფრო სწორად ვერც კი ხვდება სად ,,მეკარგება" ეს ფული. იცინის ხოლმე -  ,,ჩექმაც კი ვერ მიყიდია ჩემი ერთი თვის ხელფასითო", - თუმცა მაინც ნინოწმინდაში რჩება. ყოველ პარაკევს ჩამოდის სახლში, გზაში ხარჯავს მგონი მთლიან ხელფასს:) 
     
      ახლა ნინოწმინდაში უკვე თოვლია. ორი კვირის წინ მოთოვა. ტელევიზორი არ აქვს - ,,არც მინდაო"  - თქვა. აქ როცა ჩამოდის შუაღამით ვხედავ ხოლმე ოთახში როცა შემოდის დასაძინებლად, მეგობრებში ხალისობს. ვსაყვედურობ ხოლმე ცალყბად, მაინც უფროსი და ვარ რა:) 

    ნინოწმინდაში მასწავლებლებს, რომ უფრო კარგი პირობები ქონდეთ ბევრი წავა სამუშაოდ და ეს მხარეც ასე შორეული არა მოეჩვენება ზოგ-ზოგიერთებს. თეთე როცა თავის მოსწავლეებზე იწყებს ლაპარაკს ვეღარ ვაჩერებ. როცა ჯავახეთზე საუბრობს მაშინაც ვერ ჩერდება - ,,წივა, თბილი გადასარევი ხალხი,  კიდე ტბები, მიწური სახლები, ეკლესიები, " - ყვება და მეც მნუსხავს:)
   დადის ქორწილებში, მთებში, დედათა მონასტერში. დადის თოვლშიც, წვიმაშიც, ყინვაშიც, ბარალეთი, ფოკა, სპასოვკა, გორელოვკა, სამება. ყველაფერს იღებს, საღაამოობით ლეპტოპში წერს და იქნებ როდესმე წამაკითხოს კიდეც:) ელენე მონასტერში წავიდა, მინანქრის ბეჭედი, რომლიც ასე მომწონდა მე დამიტოვაო - მითხრა გულისწყვეტით. 

    ,, რომ მოთოვა ისე ლამაზი იყო აქაურობაოო"  . . . ,,ღამე ფოკაში კოცონთან დაუვიწყარი|"  . . . მაგრამ მთავარი რატომ არ მოდის ნინოწმინდიდან ბავშვებია. ზემოტაც დავწერე თეთე ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბავშვებს ასწავლის - ,,ყოველ წამოსვლაზე მეხვევიან და მეკითხებიან ხომ დავბრუნდები უკან", - ამბობს და თვალებში ცრემლები უდგება. ბავშვების ისტორიები მძიმე მოსასმენია,  არც მოვყვები,  არც მათ ფოტოებს დავდებ. თეოს კი  მათი უამრავი ფოტო აქვს.

      - ,,მოვფრინავ გული," - მომწერა წეღან და ეს ამიტომ მოვაყოლე. საღამოს სოფელში წავალთ. ჭადებს გავაკეთებთ, ასე ძალიან რომ უყვარს თეთეს. მერე შროშაში ნაყიდ თიხის ქოთანში ლობიოს მოვხარშავთ. ბუხარს დავანთებთ და გოგოშკურ ამბებზე ვიჭორავებთ. ეზოში მუხლებამდე ყვითელი ფოთლები და სახლის მცველი ბუთხო გველოდება.

понедельник, 15 августа 2011 г.

შავ-თეთრი მოგონება

ეს ფოტოები რეპატრირებული მესხის სარვარ საფაროვის ოჯახში მოვიძიეთ. სარვარ საფაროვი ამჯამად ახალციხეში, საბარგო დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ფოტოებზე მისი წინაპრები არიან აღბეჭდილები. მესამე ფოტოზე კი თვითონაა ცოლ-შვილთან ერთად.





понедельник, 25 июля 2011 г.

,,სამშობლოა და იმიტომ“

აზერბაიჯანი, საათლის რაიონი, სოფელი შირინბეგი. აქ 1943 წელს საქართველოდან რეპატრირებული მესხები ცხოვრობენ.

აქაურობა იმერულ ეზოს მაგონებს. სახლის წინ დიდი მწვანე მდელო. გვერდით, ყანაში , ხაზებად, ლამაზად კვალებში ჩარგული ლობიო, ჩრდილში მაგიდა გამჭირვალე წყლის ,,ტოლჩით“ და ცალი ფეხით დაბმული კრუხი.

აბდულა გულახმედოვის ოჯახს ვსტუმრობთ.

სახლი ერთსართულიანია, წინ პატარა აივნით და სამსაფეხურიანი კიბით.

ეზოში ვჯდებით, მაგიდასთან. აბდულა ქართულად გველაპარაკება.

,,სამ თვეში ვისწავლე ქართული ენა“,
- გვეუბნება ის და თავის სტუდენტობას გვიყვება.

,,სკოლა რომ დავამთავრე საქართველოში წამოვედი სასწავლებლად. ახალციხეში დავამთავრე თსუ ახალციხის ფილიალი. დარჩენა მინდოდა მაგრამ, მშობლებთან დავბრუნდი, მარტო იყვნენ და ამიტომ“, - ამბობს აბდულა და თვალები უნაღვლინდება.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ 12 მაისს აზერბაიჯანში, სოფელ ნასიმიკენდში (ყოფილი ადიგენი) საინფრომაციო ცენტრი გახსნა. ცენტრის გახსნას სხვა რეპატრირებულ მესხებთან ერთად აბდულა გულახმედოვიც დაესწრო.

ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი აბდულა გულახმედოვის ლექტორი იყო. ყოფილმა სტუდენტმა ლექტორი სახლში დაპატიჟა. ასე აღმოვჩნდით გულახმედოვების ოჯახში.
აბდულა 32 წლისაა, სახლში მშობლებთან და ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს.

აბდულას ცოლი - სევილი 21 წლისაა. მათ ორი შვილი ჰყავთ სამი წლის ქადირი და ოთხი თვის მურადი, რომელიც აკვანში იწვა.

აბდულამ სევილი ქორწილში გაიცნო.

,,ვნახე და შემიყვარდა, - ამბობს აბდულა და ამატებს - ერთ დღში შემიყვარდა, ორ თვეში ცოლად მოვიყვანე“, - იცინის, სევილსაც აზერბაიჯანულად უხსნის რასაც მეუბნება, სევილიც იცინის და თავს დაბლა ხრის.

სევილი მაღალია, თხელი, დიდი შავი თვალები აქვს და გაღიმება უხდება. ფოტოს როცა უღებ ქმარს გახედავს და მერე უყურებს აპარატის ობიექტივს. თავსაფარი უხდება, ასე ყველა ვერ იხდენს მანდილს. მშვიდია და სულ აბდულას შესციცინებს თვალებში. აბდულას თვალები დაღლილი და სევდიანი აქვს. მოსწონს როცა ცოლს ფოტოებს უღებთ, ამ დროს მასაც სევილივით უციმციმებს თვალები.

თსუ ახალციხის ფილიალის დამთავრების შემდეგ აბდულამ თბილისში დაიწყო მუშაობა.

,,დედაქალაქში თურქებთან დავსაქმდი. კარგი იყო “
, - ამბობს ის.

ოჯახი მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევს. ჰყავთ ძროხა ქათამი, ცხენი.
მიწას ტრაქტორით ხნავენ . მოჰყავთ კარტოფილი, ლობიო, ხახვი, საზამთრო.

,,აქ ჭაობი იყო, ამოვაშრეთ და მალე ეს ბაღი გავაშენეთ“, - ამბობს აბდულას მამა.

ეზოს უკანა მხარეს ქათმები კრიახობენ, ოჯახის დიასახლისმა ქათამი დაგვიკლა, პურიც უკანა მხრიდან გამოაქვთ, გავყევი. პური თონეში გამოუცხვიათ, თონე ჯერ კიდევ ცხელია. ნაკვერჩხალი ნახევრად გაღვივებული. აქ თონის ნახვას ნამდვილად არ ველოდი.
სტუმრებიც მოდიან, საქართველოზე გვეკითხებიან.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მენეჯერი გოჩა ნათენაძე უყვება ადგილობრივებს საქართველოში მცხოვრები რეპატრირებული მესხების უსტატუსოდ ჩამოსვლასა და ამ საკითხთან დაკავშირებულ ყოფით პრობლემებზე.

არაინფორმირებულობა ხომ აქაურების მთავარი პრობლემაა.

მასპინძელი გულახმედოვების ოჯახი საქართველოში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში ცხოვრობდნენ. გვარად ლორთქიფანიძეები ვართო გვეუბნებიან. რეპატრიანტის სტატუსის მიღებაზე ოჯახის ყველა წევრს აქვს განცხადება შეტანილი.

რატომ გინდა საქართველოში დაბრუნება? - ვეკითხები აბდულას.

თავს ხრის, მუხლებზე ხელებს იწყობს და მეუბნება - ,,სამშობლოა და იმიტომ“.













среда, 6 июля 2011 г.

სამსახური, კაქტუსი და ბოლოს ფოტოები

ახალი სამსახური ძალიან მღლის, თუმცა რაღა ახალი, ოთხი თვეა უკვე აქ ვარ. ჩემი წინა სამსახურისგნ აბსოლიტურად განსხვავებულია, მაგრამ კარგად ვარ, არადა ცვლილებების მუდამ მეშინოდა. ახალი სამსახური, ახალი თანამშრომელები, ახალი გარემო, ახალი უფროსი - თანაც კაცი:)

,,ჩემი სახლი" მოვაწყვე აქ - ჩემი კაქტუსით,წიგნებითა და ფოტოებით.

დღეში ალბათ ას წერილს ვკითხულობ და ამდენივეს ვცემ პასუხს. სოციალური კლიპის გადაღებაზე კონკურსი გვაქვს გამოცხადებული. ჯერ 12 განაცხადია შემოსული, მე ჩემი ფავორიტი მყავს, ველოდებით სცენარებს. იმედია ,,ის" იქნება ყველაზე კარგი.

ყოველ დღე მოდიან რეპატრირებული მესხები, ზოგს იურიდიული კონსულტაცია სჭირდება, ზოგს სამედიცინო დახმარება, ზოგს უბრალოდ მოსაუბრე.


ამ კვირაში გაზეთსაც ვაკეთებ,ოთხგვერდიანია, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი შრომა უნდა.

გასულ კვირას ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში რეპატრირებული მესხის ოჯახში ვიყავი, ფოტოებიც გადავიღე, თქვენც გიწილადეთ:)










четверг, 23 июня 2011 г.

четверг, 19 мая 2011 г.

წერეთ - ხალხს არ უყვარს ღორები

დავიწყებ თავიდან.
გიჟი თვე მაქვს ეს მაისი.
ჯერ იყო და გაზეთის აწყობაა დაწყობა:)
მერე იყო და აზერბაიჯანი, მხოლოდ ფოტოები დავდე, არადა იმდენი რამ მაქვს საინტერესო დასაწერი რომმმმმმმმმმმმმ
ნელ-ნელა დავდებ ყველაფერს.
ახლა კი ამერიკა.
ვაშინგტონში ვარ უკვე მეოთხე დღეა. ვერ ვიცლი აქაც დასაწერად. მთელი დღეები შეხვედრები და სემინარები, საღამოს კი საწოლი და ხვრინვაა:))
ნელ-ნელა ამ ამბებსაც დავდებ, მთავარია გეგმა მაქვს გაკეთებული რა უნდა დავწერო.
ანუ, აქ უნდა დავდო პირობა თორემ მერე დამეზარება.
პირველი - რეპორტაჟი ბაქოზე.
მეორე - რეპორტაჟი რეპატრირებული მესხების სოფელზე ან ოჯახზე.
მესამე - შთაბეჭდილება ვაშინგტონზე.
მეოთხე - გაზეთების მოკლე მიმოხილვა.(სხვადასხვა რედაქციებში გვქონდა ვიზიტები)
მთავარია მასალა უკვე მაქვს და გაშიფვრა უნდა. ემოციები კიი თავშია, ჯერ არ განელებულა.
არაააააა, ამაზე დღესვე უნდა დავწერო. ვნახე და გავიცანი ჟურნალისტი, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო, ანუ მივყვეთ მოვლენებს:
მედია-გაცვლითი პროგრამის მონაწილე ჟურნალისტებს დღეს 19 მაისს სემინარი საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესახებ ,,ნიუსდეის” საგამოძიებო რეპორტიორმა სანდრა პედიემ ჩაგვიტარა, ჟურნალისტმა რომელსაც მიღებული აქვს პულიცერის პრემია პოლიციელის ინვალიდობის აფიორაზე. სემინარი საინტერსი იყო, საგამოძიებო რეპორტიორი ლაღად, უშუალოდ და აღფრთოვანებით გვიყვებოდა თავის საგამოძიებო სტატიების შესახებ. აღფრთთოვანება მეც გადმომედო, როგორ გავიდა დრო ვერც გავიგე.

ჩვენმა ჟურნალისტმა კითხვის დასმის შემდეგ ასეთი რამ თქვა - ჩვენ ვწერთ, მაგრამ რეაგირება არ მოყვება ხოლმე სტატიებსო.

სანდრა პედიეს პასუხი კი ასეთი იყო - თქვენ წერეთ, წერეთ აუცილებლად. მიიქცევთ, მიიქცევთ ყურადღებას. ხალხს არ უყვარს ღორები!

ახლა კი ფოტოები:)