понедельник, 25 июля 2011 г.

,,სამშობლოა და იმიტომ“

აზერბაიჯანი, საათლის რაიონი, სოფელი შირინბეგი. აქ 1943 წელს საქართველოდან რეპატრირებული მესხები ცხოვრობენ.

აქაურობა იმერულ ეზოს მაგონებს. სახლის წინ დიდი მწვანე მდელო. გვერდით, ყანაში , ხაზებად, ლამაზად კვალებში ჩარგული ლობიო, ჩრდილში მაგიდა გამჭირვალე წყლის ,,ტოლჩით“ და ცალი ფეხით დაბმული კრუხი.

აბდულა გულახმედოვის ოჯახს ვსტუმრობთ.

სახლი ერთსართულიანია, წინ პატარა აივნით და სამსაფეხურიანი კიბით.

ეზოში ვჯდებით, მაგიდასთან. აბდულა ქართულად გველაპარაკება.

,,სამ თვეში ვისწავლე ქართული ენა“,
- გვეუბნება ის და თავის სტუდენტობას გვიყვება.

,,სკოლა რომ დავამთავრე საქართველოში წამოვედი სასწავლებლად. ახალციხეში დავამთავრე თსუ ახალციხის ფილიალი. დარჩენა მინდოდა მაგრამ, მშობლებთან დავბრუნდი, მარტო იყვნენ და ამიტომ“, - ამბობს აბდულა და თვალები უნაღვლინდება.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ 12 მაისს აზერბაიჯანში, სოფელ ნასიმიკენდში (ყოფილი ადიგენი) საინფრომაციო ცენტრი გახსნა. ცენტრის გახსნას სხვა რეპატრირებულ მესხებთან ერთად აბდულა გულახმედოვიც დაესწრო.

ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი აბდულა გულახმედოვის ლექტორი იყო. ყოფილმა სტუდენტმა ლექტორი სახლში დაპატიჟა. ასე აღმოვჩნდით გულახმედოვების ოჯახში.
აბდულა 32 წლისაა, სახლში მშობლებთან და ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს.

აბდულას ცოლი - სევილი 21 წლისაა. მათ ორი შვილი ჰყავთ სამი წლის ქადირი და ოთხი თვის მურადი, რომელიც აკვანში იწვა.

აბდულამ სევილი ქორწილში გაიცნო.

,,ვნახე და შემიყვარდა, - ამბობს აბდულა და ამატებს - ერთ დღში შემიყვარდა, ორ თვეში ცოლად მოვიყვანე“, - იცინის, სევილსაც აზერბაიჯანულად უხსნის რასაც მეუბნება, სევილიც იცინის და თავს დაბლა ხრის.

სევილი მაღალია, თხელი, დიდი შავი თვალები აქვს და გაღიმება უხდება. ფოტოს როცა უღებ ქმარს გახედავს და მერე უყურებს აპარატის ობიექტივს. თავსაფარი უხდება, ასე ყველა ვერ იხდენს მანდილს. მშვიდია და სულ აბდულას შესციცინებს თვალებში. აბდულას თვალები დაღლილი და სევდიანი აქვს. მოსწონს როცა ცოლს ფოტოებს უღებთ, ამ დროს მასაც სევილივით უციმციმებს თვალები.

თსუ ახალციხის ფილიალის დამთავრების შემდეგ აბდულამ თბილისში დაიწყო მუშაობა.

,,დედაქალაქში თურქებთან დავსაქმდი. კარგი იყო “
, - ამბობს ის.

ოჯახი მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევს. ჰყავთ ძროხა ქათამი, ცხენი.
მიწას ტრაქტორით ხნავენ . მოჰყავთ კარტოფილი, ლობიო, ხახვი, საზამთრო.

,,აქ ჭაობი იყო, ამოვაშრეთ და მალე ეს ბაღი გავაშენეთ“, - ამბობს აბდულას მამა.

ეზოს უკანა მხარეს ქათმები კრიახობენ, ოჯახის დიასახლისმა ქათამი დაგვიკლა, პურიც უკანა მხრიდან გამოაქვთ, გავყევი. პური თონეში გამოუცხვიათ, თონე ჯერ კიდევ ცხელია. ნაკვერჩხალი ნახევრად გაღვივებული. აქ თონის ნახვას ნამდვილად არ ველოდი.
სტუმრებიც მოდიან, საქართველოზე გვეკითხებიან.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მენეჯერი გოჩა ნათენაძე უყვება ადგილობრივებს საქართველოში მცხოვრები რეპატრირებული მესხების უსტატუსოდ ჩამოსვლასა და ამ საკითხთან დაკავშირებულ ყოფით პრობლემებზე.

არაინფორმირებულობა ხომ აქაურების მთავარი პრობლემაა.

მასპინძელი გულახმედოვების ოჯახი საქართველოში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში ცხოვრობდნენ. გვარად ლორთქიფანიძეები ვართო გვეუბნებიან. რეპატრიანტის სტატუსის მიღებაზე ოჯახის ყველა წევრს აქვს განცხადება შეტანილი.

რატომ გინდა საქართველოში დაბრუნება? - ვეკითხები აბდულას.

თავს ხრის, მუხლებზე ხელებს იწყობს და მეუბნება - ,,სამშობლოა და იმიტომ“.













среда, 6 июля 2011 г.

სამსახური, კაქტუსი და ბოლოს ფოტოები

ახალი სამსახური ძალიან მღლის, თუმცა რაღა ახალი, ოთხი თვეა უკვე აქ ვარ. ჩემი წინა სამსახურისგნ აბსოლიტურად განსხვავებულია, მაგრამ კარგად ვარ, არადა ცვლილებების მუდამ მეშინოდა. ახალი სამსახური, ახალი თანამშრომელები, ახალი გარემო, ახალი უფროსი - თანაც კაცი:)

,,ჩემი სახლი" მოვაწყვე აქ - ჩემი კაქტუსით,წიგნებითა და ფოტოებით.

დღეში ალბათ ას წერილს ვკითხულობ და ამდენივეს ვცემ პასუხს. სოციალური კლიპის გადაღებაზე კონკურსი გვაქვს გამოცხადებული. ჯერ 12 განაცხადია შემოსული, მე ჩემი ფავორიტი მყავს, ველოდებით სცენარებს. იმედია ,,ის" იქნება ყველაზე კარგი.

ყოველ დღე მოდიან რეპატრირებული მესხები, ზოგს იურიდიული კონსულტაცია სჭირდება, ზოგს სამედიცინო დახმარება, ზოგს უბრალოდ მოსაუბრე.


ამ კვირაში გაზეთსაც ვაკეთებ,ოთხგვერდიანია, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი შრომა უნდა.

გასულ კვირას ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში რეპატრირებული მესხის ოჯახში ვიყავი, ფოტოებიც გადავიღე, თქვენც გიწილადეთ:)