понедельник, 3 декабря 2012 г.

თოვლი ციცინათელების სოფელში



ამ ფოტოს სახლი ბაბუას სახლს ძალიან გავს, რომელიც ბაღდათის რაიონის სოფელ კაკასხიდში გვაქვს. ზუსტად  ხის სახლი, ზუსტად ასეთი აივნითა და ერთი პატარა ფანჯრით. ამ ზამთარში აუცილებლად წავალ და იქ გადაღებულ  ფოტოებსაც დავდებ მერე. ირგვლივ არავინ ცხოვრობს და ამიტომაც ვერ მივდივარ ხოლმე ხშირად. ბაბუას საყვარელი სოფელი კაკასიხიდი -ციცინათელების სოფელი. 



пятница, 2 ноября 2012 г.

ბავშვობა

შობამდე დედა ჩამოვა.

მანამდე 65 დღეა. ჩემთვის ეს დღეები გარბის, დედაჩემისთვის კი უსაშველოდ იწელება.

ნამცხვრის ფორმები ვიყიდე გულის და კექსის, ხოდა ახლა გავაკეთებ ხოლმე იანვარში დედაჩემს, რომ შედევრი დავახვედრო, კი ვერ გავაოცებ მაგრამ . . . დედაჩემს,  რომელსაც შეუძლია ერთი კვერცხით და ფქვილით უმაგრესი ტორტი გამოაცხოს  მაინც ვცდი.

пятница, 31 августа 2012 г.

29.08.2012

სახურავებს აკეთებენ, ჩემი სახლის წინ მდგარი კორპუსის თავი წითლად ლაპლაპებს. ნაცრისფერი ,,შიფერი" ძირს ყრია. კარგა ხანია მუშების ხმამამღალი ლაპარაკი და ბრახა-ბრუხი მაღვიძებს. ეს დილაც ჩვეულებრივია - გაზმორებით, კბილების გახეხვითა და ყავით.
სპეცოპერაცია!!!!!! სამი დაღუპული. ხმამამღლა ვლაპარაკობთ სამსახურში. ვინ რას ამბობს, ვინ რას. გარდაცვლილი კაპრალი ჩემი უმცროსი ძმის ტოლია. სამივეს სახელი და გვარი თავში მეჭედება. გრძელდება ისტერია, ისტერია, ბოდვები, ბოდვები.
ღამდება, მუშების ხმა აღარ ისმის. ახალციხის ხელოვნურ ტბაზე ელექტრონული მუსიკის საღამოა. გუგუნის ხმა დახურულ ფანჯრებშიც შემოდის. მე, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ვყოფილიყავი ამ კონცერტს გადავდები, ერთი დღით მაინც.
ღამეც ჩვეულებრივია, ოღონდ არა იმ 14 ადამიანისთვის რომლებიც სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ. სპეცოპერაცია ლაფანყურელი ახალგაზრდების გათავისუფლების მოტივით საქართველოს ძალოვანმა უწყებებმა განახორციელეს.

вторник, 17 июля 2012 г.

понедельник, 7 мая 2012 г.

ძველი ისტორია

ისტორია მინდა მოგიყვეთ - სტუდენტობის დროინდელი ამბავია.გვიანობამდე ფრანგულის გაკვეთილზე ვიჯექი. მჩხავანა პედაგოგი მყავდა, რატომ დავდიოდი მაინც არ ვიცი, ხოდა ერთ საღამოს, უკვე დაბნელებული იყო როცა მოვრჩი მეცადინეობას, დაღლილი მეტროში ჩავედი და დავჯექი. ჩემს წინ სამი,მაღალი სიმპათიური ბიჭი იჯდა, ალბათ კალათბურთელები, სპორტული ჩანთები ჰქონდათ ეტყობა ვარჯიშიდან მოდიოდნენ,რაღაცაზე ხარხარებდნენ. კარები იკეტება - გამოცხადდა და პატარა ბავშვიც შემოძვრა, მოთხუპნული, ფეხშიშველა, მუხლებზე გამობერილი ,,რეიტუზით" და დასჭექა დამეხმარეთ!!!!!! ჯერ ჩემს მხარეს ჩამოიარა, ხურდები ჩაუყარეს. ბიჭებისკენ რომ წავიდა, წაბარბაცდა და ერთს მუხლზე დაეყრდნო. იმ ბიჭმაც ხელი უცებ მოიშორა და ბავშვს პანღური ამოარტყა, ბავშვის სიგრძის ბოტასი ეცვა ალბათ. ვაგონი გაირინდა და წამოვარდი, წინ დაუდექი ბიჭს და მთელი ხმით ვუყვირე, ისე რომ მეტროს დრაგა-დრუგის ხმა გადავფარე - რატომ ამოარტყი პანღური, რატომ ამოარტყი!!!!! ბიჭი ფეხზე ადგა, ჭიპამდე ვწვდებოდი, გაწითლებული ვიდექი და ვუყვიროდი. მენისკი მაქვს და მეტკინა - თავი იმართლა.
მერე მახსოვს მუხლები ამიკანკალდა, ვეღარ დავჯექი, ვერც ის ბიჭი დაჯდა. გოგოებთან, რომ მოვყევი მითხრეს ეგეთი თავხედები თუ იყვნენ იგივე შეძლოთ შენთვისაც გაეკეთებინათ და როგორ გაბედეო. მე ზოგადად მშიშარა ვარ, ეს იყო იმპულსური აფეთქება, თორემ რომ გამეაზრებია შეიძლება მართლაც ვერ მივარდნოდი იმ ბიჭს.
ამიტომაც სულ იმპულსურ გადაწყვეტილებებს ვიღებ, შიშმა, რომ არ მაჯობოს!!!!!!

среда, 18 апреля 2012 г.

მე, პრობაციონერები და ჭლექი

ორგანიზაცია, სადაც ახლა ვმუშაობ ახალგაზრდა 30 - წლამდე პრობაციონერებზე პროექტს ახორციელებს, პროექტის მიზანია ახალგაზრდა პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, პროფესიული სწავლების, დასაქმების გზით.
პროექტის ფარგლებში პრობაციონერებთან შეხვედრები, საუბრები და კითხვარის შევსება მევალება. დაახლოებით ორი კვირაა კარდაკარ, ოჯახიდან ოჯახში დავდივარ და ზოგან უტკბილესი, ზოგან წყალწყალა, ზოგან თბილი და ზოგან ცივი ჩაის და ყავის დალევა მიწევს. უარს ვერ ვამბობ, ისე რუდუნებით მოაქვთ .
ზოგიერთი მათაგანი ზღრუბლთან ამტუზავს და ისე ვავსებ კითხვარს. ყველაზე უჩვეულო მაინც ერთ-ერთი პრობაციონერის გაშლილ ხელისგულებზე შევსებული კითხვარი იყო. ფურცლები რომ ვერ დავიმორჩილე და გამეფანტა, 18 წლის ბიჭმა, რომელსაც არაფრის დიდებით არ უნდოდა სახლში შევეყვანე მოიფიქრა და ხელის გულები გამომიშვირა - აქ დადე ფურცლები და შეავსეო. მერე კარებიდან გოგომ გამოიხედა, ჩემი ნაცნობის შვილმა და მივხვდი ბიჭი რატომაც არ მიშვებდა სახლში, გოგომაც უცებვე შეყო უკან თავი. დანახვა მოვასწარი, თუმცა თვალი მოვარიდე. ჩემი შეყვარებულია - ამიხსნა რატომღაც ბიჭმა და შარვალი ჩამოიფერთხა.
21 წლის ცხრა თვის ფეხმძიმე გოგოს თამარაშვილის ქუჩაზე შევხვდი. ფერდაკარგული ჯდება მანქანაში და თავის მართლებას იწყებს - 17 წლის ვიყავი, გაგებული გექნებათ ეგ ამბავი და მართლაც ნაცნობ ისტორიას მიყვება, რომელიც ოთხი წლის წინ ქალაქში მართლაც გახმაურდა და ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გამოუცდელი ვიყავი, ცუდი ადვოკატიც მყავდა. ფარმაცევტია, თუმცა სამსახურში არ მიიღეს - გადაწყდა, დავიწყე მუშაობა, დილით ხალათით მივედი უკვე, მიხაროდა მეთქი მეღირსა, მაგრამ უარი მითხრეს, ეტყობა გაიგეს, რომ პრობაციონერი ვიყავი.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 14 -დან 30 წლამდე ასაკის 560 პირობითი მსჯავრდებულია.
მუხლებს, თუ რაზე არიან დაკავებულები, რომ გადახედო მიხვდები ვინ რომელი რაიონიდანაა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი 75 პრობაციონერია და ძირითადად ქალის მოტაცების გამო არიან მსჯავრდებულები.
ყველაზე მეტი პრობაციონერი ბორჯომზე მოდის, სადაც ძირითადად ხე-ტყის უკანონო ჭრებზე აქვთ პირობითი მსჯავრი.
27 წლის კარაპეტი მეგობრის დედის დასაფლავებაზეა წასული, სანამ მე დედასთან ერთად ყავას ვაგემოვნებ ისიც მოდის. ჯარში ჩხუბის გამო აქვს ხუთი წელი პირობითი მისჯილი და ჯარიმაც გადაიხადა სამი ათასი - კი ვიჩხუბე, მაგრამ მეგონა ,,გაობახტში“ ჩამაჯენდნენ. მთლიანად შემეცვალა გეგმები - ამბობს დაღონებული. ახლა ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს და ოჯახს არჩენს.
მესხეთის ქუჩაზე მრავალშვილიან ოჯახს ვსტუმრობ, პრობაციონერი შუათანა ვაჟი გევორქია . წვრილი ლურჯი თვალები აქვს ოჯახის ყველა წვერს, ყველა ლამაზია და ყველა მოუსვენარი. გევროქი მუშაობს - რკინის კარებებს ვაკეთებ, ფული ბევრი უნდა დავაგროვო, აბა პრობაციონერი ვარ ისე არავინ მომყვება და ფულით მაინც მოვატუებ ვინმეს - ამბობს და ხარხარებს. რაღაც სხვანაირი სახლი აქვთ, ოთახიდან ოთახში გამავალი ფანჯრები მთლიანადაა ამოღებული და ცარიელ სივრცეში გაბმულ წვრილ ძაფებზე ყვავილები მიიკლაკნება.
ერთ-ერთი პრობაციონერი ირაკლი ვერ ვნახე, ნომერი გაუგია და sms -ს მიგზავნის. ,,დღეს საქეიფოდ მივდივარ ტო, ვერ გნახავთ“ . ორი დღის წინ კი შუაღამეს მომწერა -,,მართლა რატომ გინდა ჩემი ნახვა ე?“ ( სტილი დაცულია).
ნანა პრობაციონერია - ქმარმა ნაქურადლი საქონელი სახლში მოიტანა, ვიცოდი რომ მოპარული იყო, მაგრამ რა მექნა?. ქმარი შარშან ჩხუბში მოკლეს, თვითონ ახლა დედასთან და ბებიასთან ცხოვრობს და სტილისტობა უნდა.
მეზობელმა როცა გაიგო რა პროექტს ვახორციელებდით არ აცია მომახალა - ნეტა შენ რა, კუზიანს სამარე გასწორებს! რას წვალობთ! ამდენი მშიერი დადის და რაღა მაგ ქურდებს და კრიმინალებს იცავთ!
წლების წინანდელი ისტორია გამახსენდა რატომღაც - თბილისში სწავლისას ჩემმა ლექტორმა როცა გაიგო საიდან ვიყავი გადაირია, ამხელაა საქართველო და რაღა აბასთუმანში ცხოვრობ მაგ ჭლექიანებშიო.

понедельник, 2 января 2012 г.

სოფელში . . .

სოფელში მირჩევნია ხოლმე შევხვდე ახალ წელს. ბუხარს ავანთებ, რაც ბაბუა გარდაიცვალა ბუხარზე გოჭს აღარ ვწვავთ. ტკაცა-ტკუცისთვის ვაგიზგიზებთ ხოლმე. ღამით უკვე დაიწყება გადაძახილები აივნიდან. მაშკოო გილოცავ! ჩამოდიიი!!! ამოდიი!!! გადმოდიი!!!
დაჭექავს თოფი, მეც მოვიხურებ ბაბუას ,,ტელეგრეიკას" და სოფელში გავდივარ. ბუთხო მომყვება.
დილით მეკვლე, ჩვენებურად მეფერხე მოდის. კარებიდან შემოაბნევს სიმინდს - ასე გამრავლდითო - დაიძახებს. მოაყოლებს შოკოლადებს -ასე ტკბილად დამიბერდითო და შემოვა. აგერ უკვე 20 წელია თემურია ჩვენი მეკვლე. ყველაზე მეტად მისი მოსვლა იმიტომ მიხარია, რომ დედამისის მარიკო დეიდას კვახის გულით გაკეთებულ ჩურჩხელებს მოიტანს. ხვრიკინა ჩურჩხელებს:)
ბაბუა ყოველთვის 14 იანვარს ითენებდა (ამ სიტყვას ამბობდა ზუსტად) ახალ წელს. შობამდე არაფრის დიდებით არ დაკლავდა საკლავს, თუმცა არც არასდროს ყოფილა ეკლესიური,ცოლი იეჰოვას მოწმე, მაგრამ . . . ჩაივლიდა შობა და აჭყივლდებოდა ეზოში გოჭიც.
ხოდა იმას ვამბობდი. დილით იწყება დიდი სტუმრიანობა. ჯერ მამაჩემის ,,პაკალენია ხალხი" მოდის. მერე დედას სადაქალო, მერე თეთეს კლასელები - ,, გამზრდელი დედის და მრავალჭირნახული სამშობლოს" სადღეგრძელოებით.
ბუხართან, ბაბუას დროინდელ სამფეხა ხის მაგიდაზე კეცის ჭადები, ხმელი ყველი და სალა დევს. ვარდიკო ბებია როცა გვსტუმრობს ყოველვის ამ მაგიდასთან ჯდება. ის ჭიქა მომიტანეთ გვეტყვის ხოლმე და გატეხვას გადარჩენილ ერთადერთ წელში გამოყვანილ თლილ ჭიქას ითხოვს.
- მე და ბებიაშენმა ერთად ვიყიდეთ ეს ,,ხრუსტალის" ჭიქები - ამბობს და მიყვება ადრინდელ ამბებს.
- ლამაზი ქალი იყო ბებიაშენი , შენ არ გავხარ -მეტყვის. ანუ რაღაც არ მოეწონა. ან ეზო ვერ დავალაგე ლაზათიანად, ან სუფრის გაშლა დამიწუნა.
გვიან ღამით ორნახადი არაყი, წითელი ღვინო, კონიაკი მიბუყბუყებს მუცელში. მოკუნტული ვწვები და ფარდაში ხაზებად შემოსულ სინათლეს უყურებ. პირველიც მიილია. თოვს.

გილოცავთ

ყველას, ყველას, ყველას გილოცავთ:)