воскресенье, 16 ноября 2014 г.

ერთი ქალის ისტორია

ახალციხე. ნოემბრის თვე.
საღამოს ექვსი საათი. გამოკითხვას ვაკეთებ და ეს დრო უკეთესია, რადგან სამსახური მთავრდება და ოჯახის ყველა წევრი სახლში  მხვდება.
გამოკითხვა დამღლელია, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნოც. ახალ ადამიანებს იცნობ, ნუ, საღამოს მთლად შინაურულ გარემოში უვარდები სახლში და ვახშამზეც გეპატიჟებიან, ზოგიც გაყინულ სადაბაზოში მავსებინებს კითხვას.
 ერთ- ერთ სახლში ახალგაზრდა გოგო მხვდება, როცა ავუხსენი რაც მინდოდა დიდად არ ვეპიტნავე, მაგრამ ზრდილობამ ძლია და სახლში შემიპატიჟა.
სასტუმრო ოთახში ვავსებთ კითხვარს.
ახალგაზრდა ქალი მარტოხელა დედაა.  ის თავის ისტორიას მიყვება.

32 წლისაა და ორი შვილი ყავს, ქალ-ვაჟი. ქმარს ერთი წელია რაც გაშორდა. ქმარი ცემდა. ცემდა მასაც და ბავშვებსაც.  უფრო გოგონას ურტყამდა, მაგალითად იმაზე რომ რატომ არ სვამს ჩაის ბოლომდე, ამის გამო შეძლო სახეში შემოერტყა. მერე დაუსრულებლად ეფერებოდა.

ათი წელი იყვნენ ცოლ-ქმარი. ბოლო ორი წელი დაიწყო ცოლის ცემა. კაცი ყველას იდეალური ქმარი ეგონა, ახალგაზრდა ქალი მიყვება რომ მშობლები ვერ დააჯერა იმაში რომ ქმარი ცემდა. ახლაც ყველას ირგვლივ ჯერა რომ მათი დაშორება ცოლის ბრალია. დაქალები როცა მოდიოდნენ ქმარი ყავას უდუღებდა, მათ თავს დატრიალებდა. დაქალებასც დღემდე გონიათ რომ დამნაშავე მათი მეგობარია.

,,ფეისბუქზე ქალზე ძალადობაზე ჩემს კედელზე სტატუსი დავდე. საკმაოდ მძიმე. არცეთი ჩემი დაქალი არ შემხმიანებია".

ქმარი ახლაც შსს თანამშრომელია.

,,ნამდვილი მსახიობია, გარდასახვა შეუძლია. ამიტომაც ინარჩუნებს სამსახურს".

არცეთი მეზობელი დასახმარებლად არასდროს შემოსულა, რადგან ყველამ იცოდა რომ იარაღს ატარებდა და ყველას ეშინოდა.

,,მე, ყოველ დღე მედო შუბლზე პისტოლეტი".

ერთ დღესაც ცემა, გაგუდვაც დაუპირა, მაგრამ ქალმა მოახერხა აივანზე გავიდა.

,,წინა სადარბაზოში მცხოვრები კაცი ამოვიდა, დაგვინახა რომ აივანზეც მგუდავდა. როგორც ჩანს ვიღაცამ პოლიციაშიც დარეკა. ხოდა, დავცილდით".

ქმარს ახლა მეორე ცოლი ყავს.

ზის ახლა ჩემს წინ მოკუნტული, შავთმიანი, ჯინსებიანი გოგო და მინდა ვკითხო რატომ აიტანა ამდენი, რატომ თავიდანვე არ წამოვიდა, მაგრამ  ჩუმად ვარ.