воскресенье, 22 февраля 2015 г.

დამიცავი მეც და დაიცავი თავიც

 21 თებერვალს, შუადღეს, თბილისი - ვალეს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა, ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა. შედეგად  სამი  ადამიანი გარდაიცვალა და ექვსი დაშავდა.

ახალციხის მიკროავტობუსის მძღოლები მცნობენ და გულზე არცეთს ვეხატები. 

მე არ მსიამოვნებს როცა გადაჭედილ მიკროავტობუსში ეგრეთწოდებულ გადმოსაწევ სკამზე მძღოლი კიდევ ერთ მგზავრს როცა სვამს მოტივით - ამხელა გზაზე ცარიელი  ხომ არ ვივლი, ჩემს ოჯახს შენ მირჩენ?! 

მე არ მომწონს როცა ზამთარში მიკროავტობუსში ფანჯრებიდან ყინვა აღწევს და ზაფხულში  მინას ვერ ვაღებ, მძღოლები ასე მიხსნიან -  ყველა სეზონზე თუ მაგ ფანჯრებს გადავყევი, სახლში რაღა მივიტანო?! 

მე არ მომწონს როცა თბილისი - ახალციხის მიკროავტობუსში ვჯდები და სუნს, ბინძურს შალითებსა  და მორყეულ სკამებს რომ თავი დავანებოთ (არადა დაახლოებით ორსაათ ნახევარი უნდა იჯდე ) ემატება ტრანსპორტის გაუმართაობის  ხმა. ახსნა ასეთია  - რა იცი შენ ეს რისი ხმაა, ასე ხმაურობს ყველა მატორი! თუ კომფორტი გინდა ტაქსით წადი! 

არ მომწონს კი არა, სულ მეშინია პირტიტველა ბიჭებისა და ასაკიანი მძღოლების. პირველებს  არ ეშინიათ და ყმაწვილური სიჩქარით მიჰყვათ 14 ადგილიან მიკროავტობუსში მჯდომი 20-25 მგზავრი. მეორენი კი ,,იმდენი წელია შოფერი ვარ" იმიჯით  დაუდევრად მიყავთ ტრანსპორტი -  ცალი ხელი საჭეზე აქვთ  ჩამოდებული, ცალით კი  რამე სასუსნავს  ჭამენ.

ყველა მეორე მძღოლი ტელეფონზე ლაპარაკობს. თავზეხელაღებულები სმსაც წერენ. 
რას აკეთებთ?!  -როცა ერთხელ გადარეულმა მძღოლს ვუყვირე,   როცა ის ჯერ უშველებელ შეტყობინებას კითხულობდა  (ამ დროს რიკოთზე გადავდიოდით) და მერე საპასუხო ტექსის აკრეფა დაიწყო. 

 - არაფერს არ ვაკეთებ -მიპასუხა მშვიდად, სამაგიეროდ მგზავრებმა არ დამაკლეს:  რა გაყვირებთ, შეაშინეთ მძღოლი, ნუ ანერვიულებთ ამხელა გზა აქვს გასავლელი!

ჩვენ არ უნდა ჩაუჯდეთ ასეთ ,,წესიერ" მძღოლებს.

უნდა მოვთხოვთ ავტოსადგურების ხელმძღვანელობას  უზრუნველყოს მიკროავტობუსების ტექნიკური  გამართულობა.

ჩვენი პროტესტი ბევრ რამე შეცვლის. 

მგზავრებო! 

გყავდეთ თქვენი სანდო და პროფესიონალი მძღოლი, რითაც მას გახდით უკონკურენტოს და რადგან სხვებს არავინ ჩაუჯდება იძულებულები იქნებიან ის სხვებიც დათმობებზე წავიდნე და დაივიწყონ მავნე ჩვევები. 

მიუთითეთ მძღოლს ნუ აჩრებს ყველა ჭიშკართან და ყველა ფეხის ნაბიჯზე!

შეახსენეთ  სიჩქარეს არ მოუმატოს და არ იფრინოს ჯაყჯაყა მიკროავტობუსით. 

ნუ ჩაჯდებით გაუმართავ ტრანსპორტში!

შენიშვნა მიეცით მძღოლს როცა ის ტელეფონზე ლაპარაკობს!

გააპროტესტეთ სუნი და სიბინძურე მიკროავტობუსში!

მე არ მინდა ავარიაში მოვკვდე. ეცადე და დამეხმარე შენც ამაში. გამოავლინე შენი მოქალაქეობრივი ვალი.  დამიცავი მეც და დაიცავი თავიც. 

четверг, 12 февраля 2015 г.

მერის იდეა

,,რაბათში ბექა პირველის ძეგლი დაიდგმება" - სანამ სტატიას წავიკითხავდი პირველი რაც გავიფიქრე იყო რა გვეძეგლება:(


ძეგლის დადგმა ჯამში 150 000 ლარი  დაჯდება და თანხა  ქალაქის ბიუჯეტიდან გაიხარჯება.

სამცხის მმართველის, ბექა პირველის ძეგლის  დადგმის იდეა ქალაქის მერს ეკუთვნის.

150 000 არც ისე დიდი თანხა ისეთ მოუწესრიგებელ, მოუვლელ, მუდმივად სამშენებლო პროცესში მყოფ ქალაქისთვის როგორიც ახალციხეა, თუმცა,  საკმაოდ დიდი ფულია გაჭირვებული ოჯახებისთვის.

რა შეიძლება გაკეთდეს 150 000?

 -  სულ მცირე სამი ბინა შეიძლება უყიდო სამ უბინაო ოჯახს;

 - სწავლა დაუფინანსო ასობით სტუდენტს;

და თუ მაინცადამაინც ძეგლის დადგმა გინდათ,  დადგით ქალაქის ცენტრში,  იმ უსახური ხიდის სახელურზე,  მოფარფატე გოგონა, თითისწისწვერებზე მდგარი გასაფრენად გამზადებული,  რომელიც გამვლელებს კარგ ხასიათზე დააყენებს და ბექა პირველის,  როგორც ისტორიული პიროვნების,  სამართლის წიგნის ავტორისა და  ზოგადად ისტორიული პიროვნებების  პოპულარიზაციისათვის გამოაცხადეთ კონკურსი ადგილობრივ მედია საშუალებებისათვის საუკეთესო მასალის, ვიდეო რგოლისა თუ სიუჟეტის მოსამზადებლად.

იდეა, რომლის განხორციელება  150 000  კი არა,  თუნდა ათი ლარი  დაჯდება  ადამიანებს უნდა ემსახურებოდეს.