вторник, 1 декабря 2015 г.

სტამბულის ამბები



წავედით სტამბულში. არ მოვყვები იმაზე ლაპარაკს როგორ ავიბარგე ახლაციხიდან, როგორ შევამოწმე ასჯერ მაინც ჩანთა, როგორ მეძინა თბილისის აეროპორტში, როგორ ავიზლაზნე თვითმფრინავში.

ხო, მერე დავინახე  ერთმანეთს მიწებებული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გაპრიალებული  ბაჯაღლოს ,,კალიცოებით“ ქორწილის მაგიდიდან იმ წუთის  ამდგრებს გავდნენ. გოგოს მაკიაჟი ისევ ქონდა ალაგ-ალაგ შემორჩენილი, თვალის ფანქარი ლოყებზე ჩამოღვენთილი და თმა ბრჭყვიალა მოყრილი,  დაკულულებულ- ჩახვეული ასი თუ ასოცი წვრილი თმისამაგრით. ქმარი სულ თავზე კოცნიდა  და ტუჩ- ლოყა მასაც სულ ვერცხლისფრად უბწყინავდა. 

უფრო საინტერესო შემდეგ დაიწყო - ჩემს უკან სამადგილიანზე ორი ქართველი მამაკაცი იჯდა. ავფრინდით, უკან შარი- შური ატყდა, ღვინის სუნიც მოვიდა და შუა სკამზე სუფრაც გაიშალა. პირველი სადღეგრძელო მშვიდობა, მერე ჩამეძინა. ხარხარმა გამომაღვიძა. უკვე გვარიანად შეზარხოშებული მამრები ქალებზე ლაპარაკობდნენ - ჯიბე რომ მქონდა ფულით გამოტენილი, ზედ მახტებოდნენ. ერთ ღამეში ხუთი ათასი ლარი დავხარჯე -თქვა  ერთმა და ორივემ გადაიხარხარა. წასულების სადღეგრძელოც დალიეს, დედის, შვილების. პარალელურად ხარხარებდნენ, იგინებოდნენ. მერე ჩაყუჩდნენ და ორივემ ხმამაღალი ხვრინვა ამოუშვა.


 ჩავედით, გარეთ გამოსასვლელი გზის მოსაძებნად ასე ნახევარი საათი ვიბოდიალე და ჰაერზეც გამოვაღწიე. გავმხიარულდი, თვითმფრინავიდან გამოყოლილი ღვინის სუნიც განიავდა და ტაქსებს მივადექი. მგონია, სტამბულში ყველა ტაქსის  მძღოლი მატყუარაა, დაახლოებით ისეთ თანხებს გეუბნებიან, თბილისიდან ჩამოსვლაში რომ გადავიხადეთ:) ან ჩამოგსვამენ შუა გზაზე და მოვედითო გეუბნებიან.

მანქანები აქაც დგას ტროტუარზე, ძლივს გაივლი. პატრული არ დადის ქუჩებში და რა საგზაო წესები, ვისაც როგორ უნდა ისე დადის მანქანაც და ფეხით მოსიარულეც.

ქართველებს გვცნობენ - გამარჯობა გოგო!   გოგო, მოდი ჩაი დაგალევინო! გურჯისტანის გოგო! მაკოცე და გაჩუქებ რაც გინდა:))

ლურჯი მონასტერი სასწაულია! მოქმედი მეჩეთია, თუმცა ტურისტების  დიდი ინტერესის გამო  მუზეუმის დატვირთვაც აქვს. შეგიძლია შეხვიდე და დაათვალიერო. იხდი ფეხზე, გაძლევენ თავსაფარს  და შედიხარ. ჩემს მეგობარს თავსაბური გადაძვრა და პოლიციელმა შენიშვნა მიცა დაიფარეო. ხო, იმას ვამბობდი სასწაულია თქო. შევედი და ამეტირა.

 ჩადრიანი ცოლები და შარვალმოტკეცილი ქმრები. ფოტოებს იღებდნენ უამრავს  და წლების შემდეგ ვერცეთი ვერ გაიხსენებს როგორი სახე ქონდა მაშინ ქალს, ვერც თვითონ ქალი, ვერც შვილი და ვერც ქმარი:(

უმანკოების მუზეუმი ძლივს მივაგენი, არავინ იცოდა ფამუქი. როგორც იქნა ამიხსნეს, საათნახევრიანი ძებნის შემდეგ ტრავმაის გზა გადავჭერი, ავუყევი ქუჩას, ათიოდე წუთის შემდეგ ჩავუხვიე ხელმარჯვნივ და შორიდან ვიცანი წითელი თუ უფრო შინდისფერი სახლი -  მართლა უმანკოების მუზეუმი.

სასტუმროში როცა ადმინისტრატორ ბიჭს ვუთხარი არავინ იცოდა ფამუქი მეთქი მიპასუხა - ჩვეთან ბევრი ვერ კითხულობს, ჩვენ უფრო ვშრომობთო - ისე გულწრფელი იყოო. ალბათ ჩვენ ქართველებს ასე ხმამაღლა სხვა ეროვნების ადამიანთან  გავვიჭირდება ვაღიაროთ,  რომ არ ვკითხულობთ.

კიდევ ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი, ჯერ ეს იყოს.