воскресенье, 16 ноября 2014 г.

ერთი ქალის ისტორია

ახალციხე. ნოემბრის თვე.
საღამოს შვიდი საათი. ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის კვლევას ვაკეთებ, ეს დრო უკეთესია, რადგან სამუშაო საატები დამთავრებულია და ოჯახის ყველა წევრი სახლში მხვდება.

კვლევა დამღლელია, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნოც. ახალ ადამიანებს იცნობ, ნუ, საღამოს მთლად შინაურულ გარემოში უვარდები სახლში და ვახშამზეც გეპატიჟებიან, ზოგიც გაყინულ სადაბაზოში მავსებინებს კითხვას.

ერთ- ერთ ბინაში ახალგაზრდა გოგო მხვდება, როცა ავუხსენი რა მინდოდა დიდად არ ვეპიტნავე, მაგრამ ზრდილობამ სძლია და სახლში შემიპატიჟა.
სასტუმრო ოთახში ვავსებთ კითხვარს.
ახალგაზრდა ქალი მარტოხელა დედაა.  ის რატომღაც თავის ისტორიას მიყვება.

32 წლისაა და ორი შვილი ჰყავს, ქალ-ვაჟი. ქმარს ერთი წელია რაც გაშორდა. ქმარი ცემდა. ცემდა მასაც და ბავშვებსაც.  უფრო გოგონას ურტყამდა, მაგალითად იმაზე რომ რატომ არ სვამს ჩაის ბოლომდე, ამის გამო შეძლო სახეში შემოერტყა. მერე დაუსრულებლად ეფერებოდა.

ათი წელი იყვნენ ცოლ-ქმარი. ბოლო ორი წელი დაიწყო ცოლის ცემა. კაცი ყველას იდეალური ქმარი ეგონა, ახალგაზრდა ქალი მიყვება რომ მშობლები ვერ დააჯერა იმაში რომ ქმარი ცემდა. ახლაც ყველას ირგვლივ სჯერა რომ მათი დაშორება ცოლის ბრალია. დაქალები როცა მოდიოდნენ ქმარი ყავას უდუღებდა, მათ თავს დატრიალებდა. დაქალებასც დღემდე გონიათ რომ დამნაშავე მათი მეგობარია.

,,ფეისბუქზე ქალზე ძალადობაზე ჩემს კედელზე სტატუსი დავდე. საკმაოდ მძიმე. არცეთი ჩემი დაქალი არ შემხმიანებია".

ყოფილი ქმარი ახლაც შსს თანამშრომელია.

,,ნამდვილი მსახიობია, გარდასახვა შეუძლია. ამიტომაც ინარჩუნებს სამსახურს".

არცეთი მეზობელი დასახმარებლად არასდროს შემოსულა, რადგან ყველამ იცოდა რომ იარაღს ატარებდა და ყველას ეშინოდა.

,,მე, ყოველ დღე მედო შუბლზე პისტოლეტი".

ერთ დღესაც ცემა, გაგუდვაც დაუპირა, მაგრამ ქალმა მოახერხა აივანზე გავიდა.

,,წინა სადარბაზოში მცხოვრები კაცი ამოვიდა დასახამარებლად, დაგვინახა რომ აივანზე მახრჩობდა. როგორც ჩანს ვიღაცამ პოლიციაშიც დარეკა. ხოდა, დავცილდით".

ყოფილ ქმარს ახლა მეორე ცოლი ყავს.

ზის ახლა ჩემს წინ მოკუნტული, შავთმიანი, ჯინსებიანი გოგო და მინდა ვკითხო რატომ აიტანა ამდენი, რატომ თავიდანვე არ წამოვიდა, მაგრამ  ჩუმად ვარ.