понедельник, 20 декабря 2010 г.

საიდუმლოდ ქცეული ტენდერები

მუნიციპალიტეტში ეს გრიფით საიდუმლოდ ითვლება; ოფიციალური კომენტარისგან თავს კომპეტენტური პირებიც იკავებენ, დიქტოფონის ჩართვისთანავე ჩუმდებიან და ხელით მანიშნებენ გამორთეო. საჯარო და არასაჯარო პირების დუმილი ტენდერების ირგვლივ. ტენდერი, რომელმაც ქვემოთ დასმულ კითხვებს ნაწილობრივ პასუხი გასცა.

,,რას ქექავთ და აუტკივარ თავს იტკივებთ?! არავინ არაფერს გეტყვით და ვინც დაგელაპარაკებათ, ის, ღრმად საქმეშიც არ ჩაგახედებთ. ყველა ზედაპირულად გაგესაუბრებათ”, - ასეთი კომენტარი გააკეთა ერთ – ერთი შპს-ს დირექტორმა, როცა მას ტენდერების შესახებ ინფორმაციაზე მივაკითხეთ და როცა დარწმუნდა, რომ ჩამწერი გამორთული გვქონდა.

ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველი შპს-ს დირექტორის ,,წინასწარმეტყველება” ახდა. თავდაპირველად ოფიციალური ინფორმაციის მოძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან დავიწყეთ.

საჯარო ინფორმაციის მოძიების პირველი ცდა


თავდაპირველად ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსს გაგა ივანიძეს მივაკითხეთ. მან გვითხრა, რომ პასუხებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ ჯინიუზაშვილი გაცემდა. ზურაბ ჯინიუზაშვილმაც უპასუხოდ გამოგვიშვა.
შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2010 წელს გამოცხადებული ტენდერების შესახებ საჯარო ინფორმაციის მისაღებად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს ოფიციალური განცხადებით მივმართეთ.

,,ტენდერებზე ბიუჯეტში წერია და იქვეა მითითებული თანხაც”- ,,განგვიმარტეს” ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადების წარდგენის შემდეგ.

ცხრილში ტენდერების დანახვა არა თუ ჟურნალისტს ეკონომისტსაც გაუჭირდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიტანილ განცხადებაში დასმული იყო ასეთი კითხვაც - რა კრიტერიუმებით მოხდა ტენდერებში კომპანიების არჩევა, თუმცა, ამ კითხვაზეც, ოფიციალური კომენტარის ნაცვლად, იმ წუთსვე მივიღეთ პასუხი: ,,სატენდერო განცხადებაში წერია თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს განცხადების წარმდგენი შპს”.
თუმცა, სატენდერო კომისიის მიერ გამოცხადებული ტენდერების შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სრულად შევსებული განაცხადი არა ერთმა შპს-მ შეიტანა. კითხვა აქაც პასუხგაუცემელი დარჩა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემა გამგეობის იურისტს გიორგი მიქელაძეს დაევალა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

,,პასუხებს მიიღებთ, ზუსტი დრო არ ვიცი”, – ასე გვიპასუხა პარასკევს, შუადღეს 13:07 საათზე გიორგი მიქელაძემ.

ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციდან კი შემდეგი სურათი გამოიკვეთა, სამცხეში გამოცხადებულ ტენდერებიდან ხელშეკრულებები გაფორმდა და ლიდერობს შპს ,,ასტორია”.

შპს ,,ასტორია” და მის მიერ განხორციელებული ტენდერები

1 – 2009 წელი ,,…ახალციხეში წყლის მრიცხველებს ამონტაჟებენ. სავარაუდოდ, ოქტომბრიდან მოსახლეობა წყლის გადასახადს მოხმარებული წყლის რაოდენობის მიხედვით გადაიხდის.

გამრიცხველიანება ივლისიდან დაიწყო. ამ დროისთვის 1 000-ზე მეტი მრიცხველია დამონტაჟებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ასტორია” ასრულებს.

შპს ,,ასტორია” სამშენებლო კომპანიაა, თუმცა ამას ,,ასტორიასთვის” ხელი არ შეუშლია განსხვავებული პროფილის ტენდერშიც მიეღო მონაწილეობა და გაემარჯვა.

გასულ წელს, წყლის მრიცხველების დამონტაჟებისას მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ მრიცხველის დასამონტაჟებლად მისული მუშები არაკვალიფიციურები იყვნენ და არ იცოდნენ რომელი წყლის მილი იყო ცენტრალური და სად უნდა დაემონტაჟებინათ მრიცხველი.

2 - 2010 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (მის: დ. ადიგენი, თამარ მეფის ქ. №5) გამოცხადდა ტენდერი - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასმელი წყლის სისტემების, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის, ქუჩების მოასფალტებისა და ხიდის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე.
დაფინანსების წყარო - სახელმწიფო ბიუჯეტი.
შესყიდვის ობიექტი დაიყო 7 ლოტად:
ლოტი №6. დაბა ადიგენში ქუჩების მოასფალტება.სავარაუდო ღირებულება - 290,0 ათასი ლარი.
ტენდერი განახორციელა შპს „ასტორიამ“

გამოცხადებული შვიდი ლოტიდან, ყველაზე დიდი თანხა შპს ,,ასტორიას” ტენდერს ეკუთვნოდა.

3 – დაბა ვალის ქუჩების რეაბილიტაცია – შპს ,,ასტორია”

4 - ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე 2010 წლის 05 მარტის გაზეთ ,,24 საათიის” ¹46-ში გამოქვეყნებულ ტენდერში: ქ. ახალციხის შიდა გზის, ტროტუარების და სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაფორმდა ხელშეკრულებები.

ლოტი 1. ქ. ახალციხის პ. ნათენაძის და კეცხოველის ქუჩების ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შპს ,,ასტორია”

ლოტი 4. ქ.ახალციხის რაბათის უბანში სპორტული მოედნის მოწყობა -შ.პ.ს ,,ასტორია”.

სპორტული მოედნის მოწყობის ისტორია

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კონსერვატიული პარტიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი რაბათის უბანში სპორტული მოედნის მოწყობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ტენდერის ირგვლივ სასაუბრო მართლაც რომ აქვს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის მიხედვით ვგებულობთ - ქ. ახალციხის რაბათის უბანში სპორტული მოედნის მოწყობა 56.125 ლარი.

,,ამ ტენდერზე თავდაპირველად სადღაც 100 000 ათასამდე იყო გამოცხადებული, ზუსტი თანხა არ მახსოვს მაგრამ ასი ათასზე მეტი იყო ნაკლები არა. ვინც გაიმარჯვა, გაიმარჯვა იმით, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ სამუშაოების შესრულება 56 ათასად შესთავაზა. ამ თანხებს შორის სხვაობა კი 44 ათასია”, - ამბობს ოლეგ სანდროშვილი.

თუ როგორ მოხდა თანხის განახევრება, სანდროშვილს ამის რამდენიმე ვერსია აქვს: ,,რამოდენიმე ვარიანტია: ხარჯთაღრიცხვა ვერ გათვალეს, ანუ არ არიან სპეციალისტები, ან შეგნებულად იქნა გაკეთებული, სპეციალურად ჩაისვა დიდი თანხა, რომ შემდეგ, როცა რაღაც საქმე გამოჩნდებოდა, ეს თანხა მოეხსნათ და გადაეტანათ იქ, ვითომცდა ეკონომია გაკეთდა”.

ახალციხის რაბათის უბანში სპორტული მოედნის მოწყობის ირგვლივ ოლეგ სანდროშვილს არაერთი კითხვა უჩნდება: ,,შესასწავლია რის ხარჯზე აკეთებს შპს ,,ასტორია” 56 ათასად აღნიშნულ სამუშაოებს თუ გამგეობამ თანხა სწორად გათვალა?”

კონსერვატიული პარტიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ზემოთ დასმულ კითხვასაც თავად პასუხობს.

,,პირველ რიგში ხარიხსის ხარჯზე, უნდა მოაკლო ხარისხი. მუშას უხელფასოდ ნამდვილად ვერ ამუშავებ. ტექნიკა რაც არ უნდა უახლესი გყავდეს, 40-ათასიან სხვაობას მაინც არ მოგცემს. როცა ეს საკითხი გამგეობაში დავსვი, მიპასუხეს, რომ აღნიშნულ შპს-ს აქვს თავისი ტექნიკა, სხვადასხვა აპარატურაო, მაგრამ ამხელა თანხის დაზოგვა მაინც არ ხდება”, - მიიჩნევს ოლეგ სანდროშვილი.

როგორც ოლეგ სანდროშვილი ამბობს, პროექტის ნახევარი სახელფასო ანაზღაურებაზე მიდის, ნახევარი ბიუჯეტში საშემოსავლო და სხვა გადასახადების სახით იხარჯება.

,,და წარმოგიდგენიათ ახლა? ამ ასი ათასიდან მინიმუმ 25 ათასი ხომ უნდა წასულიყო ბიუჯეტში?! დახლოებით 25 ათასი სახელფასო ფონდი. მასალებში რაღა დაიხარჯა? რა მაქინაცია ჩატარდა?” - უკვირს საკრებულოს წევრს.

ოლეგ სანდროშვილს ამ საკითხთან მიმართებაში საკუთარი დასკვნაც აქვს: ,,შესაძლოა ეს სპეციალურად იქნა თანხის შესანახად გაკეთებული ბიუჯეტში, რომ ვითომ ეკონომიას აკეთებ და ეს ვითომცდა ეკონომია წლის ბოლოსთვის გროვდება. წლის ბოლოს გააკეთებ განაცხადს რაღაცის შეძენაზე, ან ავტომანქანაზე, ან რემონტს გაუშვებენ. წლის ბოლოს გამოჩნდება, ეგრეთ წდებული, ეკონომიკური ხარჯვის შედეგად მობილიზებული თანხები”.

შპს ,,ასტორია” - ადგილობრივი ხელისუფლების ფავორიტი თუ პროფესიონალებითა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი კომპანია?

შპს “ასტორია” ამირან გოზალიშვილი
ასფალტ-ბეტონის წარმ.
ქვეყანა: საქართველო
რეგიონი: სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი: ახალციხე
იურიდიული მისამართი:
ფიზიკური მისამართი, საფოსტო ინდექსი: დიდიმამიშვილის ქ 2ა
საკონტაქტო პირი:
ფიქს.ტელ:
ფაქსი:
მობ.ტელ: შპს “ასტორია” ამირან გოზალიშვილი .

ეს ინტერნეტიდან მოძიებული ინფორმაციაა, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე სილამაზის სალონი იყო გახსნილი.

რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ შ.პ.ს ,,ასტორიას” დირექტორთან მალხაზ მანველიშვილთან და შპს ,,ასტორიას” ბუღალტერთან ამირან გოზალიშვილთან შეხვედრა შედგა.

შპს ,,ასტორია” დაარსდა 1996 წელს.

,,რა ადგილობრივი ხელისუფლების ფავორიტობაზეა საუბარი'', - უკვირს მალხაზ მანველიშვილს და ამატებს, - ,,პირველი - ფავორიტი შპს რომ ვიყოთ, რაბათის სპორტული მოედნის მოწყობას არა 56 ათასში, არამედ 20 ათასში მოვიგებდით. მეორე - ქალაქის პარკის მშენებლობას ხელისუფლება თავის ფავორიტს ანდობდა თუ ვიღაც ორგანიზაციას? - ეს ჭორებია! რაც ჩვენს ირგვლივ ამბებია, ყველა ჭორია! ჩვენ სამუშაოებს მაღალ დონეზე ვაწარმოებთ და აქედან გამომდინარე, უმნიშვნელო ტენდერებს ვიგებთ”.
კითხვაზე - როგორ შეუძლია სხვადასხვა პროფილის სამუშაოების ჩატარება სამშენებლო კომპანიას (იგულისხმება მრიცხველების დამონტაჟება), ასეთი პასუხი მივიღეთ:

,,წყლის გამრიცხველიანება სამშენებლო პროექტია”.



შპს ,,ასტორიას” დირექტორმა კომენტარი რაბათის სპორტული მოედნის ტენდერზეც გააკეთა: ,,თანხის შეკვეცა არაფრის ხარჯზე არ მომხდარა. ჩვენ გვაქვს ,,დრაბილკა”, ანუ ქვის სამსხვრევ – მახარისხებელი დანადგარი და ამიტომაც გამოვედით გაცილებით იაფ ფასში”.

არასაჯარო პირების დუმილი

სატელეფონო ზარი შპს X დირექტორთან განვახორციელეთ - ,,ვერაფერს გეტყვით! სხვას მიმართეთ!”.

სატელეფონო ზარი იმ ,,სხვასთან” - ,,არა რაა, ხომ მაქვს უფლება არ გიპასუხოთ?”

მესამე სატელეფონო ზარი, ორიოდე წლის წინ ტენდერების გამო ადგილობრივ ხელისუფლებაზე განაწყენებული ერთ-ერთ შპს დირექტოთანაც განვახორციელეთ - ,,ახალციხიდან საერთოდ წამოვედი. მანდ აღარანაირი შეხება აღარ მაქვს და რა ხდება საერთოდ არაფერი ვიცი და არც სურვილი მაქვს ვიცოდე”.
სამივე რესპონდენტი არასაჯარო პირია და მათი სურვილის გათვალისწინებით ვინაობას არ ვასახელებთ.

საჯარო პირების დუმილი

კითხვები, რომლებიც ახალცხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან პასუხგაუცემელი დარჩა.

- რა ტენდერები განხორციელდა 2010 წელს ახალციხის მუნიციპალტეტში.

- როცა რაბათის სპორტულ მოედანზე ტენდერის გამოხცადება მოხდა თანხა თავდაპირველად 100 ათასამდე იყო, ტენდერი კი 57 ათასში შესრულდა. როდის მოხდა სატენდერო თანხის შეცვლა,Gგანცხადების ჩაბარებამდე თუ შემდგომ? ამ ცვლილების შესახებ ვის ეცნობა და როგორ?

- რას ხმარდება ტენდერებიდან გამოთავისუფლებული თანხა?

აღმოჩენა, რომელმაც მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემდეგ ინფორმაციას მივაკვლიეთ;

ამა წლის 10 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სატენდერო განაცხადი განათავსა ჯიპის შეძენაზე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი აღნიშნულ ტენდერზე 105 ათასი ლარია გამოცხადებული.

უცვლელად გთავაზობთ ტექნიკური სატრანსპორტო საშუალების მიწოდებაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებას

ტექნიკური პირობები სატრანსპორტო საშუალების მიწოდებაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მიერ გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს მაღალგამავლიანი სატრანსპორტო საშუალება (ჯიპი) ერთი ერთეული.

3.3. შესყიდვის ობიექტის აღწერა: ძრავის მოცულობა 4.0 ლ. VX 282 ც.ძ., ბენზინი 2010 წლის
მოდელი (ახალი) 7 ადგილიანი, 5 კარიანი, 5 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი;
Multi Terrain ABშ+BA, Crawil control;
4X4 282ც.ძ., ძრავა 1GE-FE-Euro 3-1;
მუხრუჭის ელ. დისტრიბუცია;
საწვავის ავზი 87 ლიტრი;
DVD, რადიო, CD ჩეინჯერი-6CD;
აუდიოს მართვა უკანა რიგიდან, ინტეგრირებული მონიტორი ჭერში;
14 ხმის გამაძლიერებელი, ანტენა;
მძღოლის ორმაგი უსაფრთხოების ბალიში; მუხლის და გვერდითი ბალიშები;
მგზავრის წინა და გვერდითი ბალიშები, ფარდა ბალიშები სამივე რიგისთვის;
მანქანის გარე განათების კონტროლი, გარე საკრეები გათბობით, კამერით;
KDSS-სტაბილიზაციის სისტემა, ქსენონის ’’ჭკვიანი” ფარები;
მანქანის სიმაღლის რეგულირება, კრუიზ კონტროლი, ცივი ქვეყნის პაკეტი;
წინა და უკანა პარკირების სენსორი, წინა უკანა და გვერდითი კამერები;
უკანა სვლის ოთხკამერიანი მონიტორი, ორმაგი ავტ. კონდიციონერი;
მძღოლის და მგზავრის სავარძლის გათბობა, მესამე რიგის ელ. ჩაკეცვა;
წინა და უკანა სანისლე ფარები, ტყავის ხის ინტეგრირებული საჭე;
ტელეფონის ბლუთუს სისტემა, იმობილაიზერი;
ელ. ლუქი, ფარების გამრეცხი, ფარების ავტომატური რებულირება;
გვერდითი საფეხურები განათებით, უკანა შუშის გამათბობელი და გამწმენდი;
ალუმინის დისკები 265/60/R18 საბურავით;
მანქანის სტაბილურობის კონტროლი + TRC
სახურავის გამაძლიერებელი, ტყავის სავარძლები;
ელ. ფანჯრები, ცენტრალური საკეტი, მაცივარი, ხის დეკორაცია, ქრომირებული სახელურები.

htpps://tenders.procurement.gov.ge/public//lib/files.php?mode=app&file=1727&code=1291646677

გულო კოხოძე, ახალციხე