понедельник, 2 января 2012 г.
სოფელში . . .
სოფელში მირჩევნია ხოლმე შევხვდე ახალ წელს. ბუხარს ავანთებ, რაც ბაბუა გარდაიცვალა ბუხარზე გოჭს აღარ ვწვავთ. ტკაცა-ტკუცისთვის ვაგიზგიზებთ ხოლმე. ღამით უკვე დაიწყება გადაძახილები აივნიდან. მაშკოო გილოცავ! ჩამოდიიი!!! ამოდიი!!! გადმოდიი!!!
დაჭექავს თოფი, მეც მოვიხურებ ბაბუას ,,ტელეგრეიკას" და სოფელში გავდივარ. ბუთხო მომყვება.
დილით მეკვლე, ჩვენებურად მეფერხე მოდის. კარებიდან შემოაბნევს სიმინდს - ასე გამრავლდითო - დაიძახებს. მოაყოლებს შოკოლადებს -ასე ტკბილად დამიბერდითო და შემოვა. აგერ უკვე 20 წელია თემურია ჩვენი მეკვლე. ყველაზე მეტად მისი მოსვლა იმიტომ მიხარია, რომ დედამისის მარიკო დეიდას კვახის გულით გაკეთებულ ჩურჩხელებს მოიტანს. ხვრიკინა ჩურჩხელებს:)
ბაბუა ყოველთვის 14 იანვარს ითენებდა (ამ სიტყვას ამბობდა ზუსტად) ახალ წელს. შობამდე არაფრის დიდებით არ დაკლავდა საკლავს, თუმცა არც არასდროს ყოფილა ეკლესიური,ცოლი იეჰოვას მოწმე, მაგრამ . . . ჩაივლიდა შობა და აჭყივლდებოდა ეზოში გოჭიც.
ხოდა იმას ვამბობდი. დილით იწყება დიდი სტუმრიანობა. ჯერ მამაჩემის ,,პაკალენია ხალხი" მოდის. მერე დედას სადაქალო, მერე თეთეს კლასელები - ,, გამზრდელი დედის და მრავალჭირნახული სამშობლოს" სადღეგრძელოებით.
ბუხართან, ბაბუას დროინდელ სამფეხა ხის მაგიდაზე კეცის ჭადები, ხმელი ყველი და სალა დევს. ვარდიკო ბებია როცა გვსტუმრობს ყოველვის ამ მაგიდასთან ჯდება. ის ჭიქა მომიტანეთ გვეტყვის ხოლმე და გატეხვას გადარჩენილ ერთადერთ წელში გამოყვანილ თლილ ჭიქას ითხოვს.
- მე და ბებიაშენმა ერთად ვიყიდეთ ეს ,,ხრუსტალის" ჭიქები - ამბობს და მიყვება ადრინდელ ამბებს.
- ლამაზი ქალი იყო ბებიაშენი , შენ არ გავხარ -მეტყვის. ანუ რაღაც არ მოეწონა. ან ეზო ვერ დავალაგე ლაზათიანად, ან სუფრის გაშლა დამიწუნა.
გვიან ღამით ორნახადი არაყი, წითელი ღვინო, კონიაკი მიბუყბუყებს მუცელში. მოკუნტული ვწვები და ფარდაში ხაზებად შემოსულ სინათლეს უყურებ. პირველიც მიილია. თოვს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)