среда, 20 ноября 2013 г.

ვალის ამბები


კვირა დღეს  ვალეში მომიწია წასვლამ. კვლევა მქონდა და  ოც ოჯახს ვესტუმრე.  ვალე, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბაა.

დაბაში  მიწას  ამუშავებენ და უმეტესობას თავი  მიწათმოქმედებით გააქვს.

ოცი ოჯახიდან დაახლოებით ათ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ახალგაზრდა ოჯახს ( ვაჟი 29 და გოგო 25 წლის) ორი შვილი ჰყავს.  ოჯახს გასულ წელს სექტემბერში მიანიჭეს სოციალურად დაუცველის სტატუსი,  წელს თებერვალში კი მოუხსნეს.

 ,,სხვა შემოსავალი არ გვაქვს, ამ 104 ლარით ვირჩენდით თავს.  შემოდგომაზე კარტოფილის აკრეფაზე გავედი და დღეში 25 ლარს მაძლევდნენ.  ოთხი დღე ვიმუშავე მეტი არა",  -მეუბნება  გოგო და ხელებს უხერხულად იშვნეტს.

,,მე შეშის დაჩხევაზე დავდივარ, თუმცა მაინც არ გვყოფნის", - ამბობს ქმარი.

ვაჟი ყავას მთავაზობს, ცოლმა ამ დროს  გაფითრებულმა გადახედა და მივხვდი ან ყავა არ აქვთ ან შაქარი. სასწრაფოდ უარს ვეუბნები. გოგო უხერხულად ზის სკამზე და თავის გაჭირვებაზე მელაპარაკება. ვზივარ,  ვუსმენ და ტირილი მინდა.

ამ ოჯახს სხვა საფიქრალი უნდა ქონდეს, სახლში უნდა იყოს სითბო ( ოთახში  ღუმელი კი იდგა, თუმცა შეშის ეკონომიას ვაკეთებთ და ღამით ვანთებთო) ) დედა ბავშვებს ამეცადინებდეს, მამა სამსახურში იყოს. საღამოს ცოლი ერთხელ კიდევ ივარცხნიდეს საგულდაგულოდ თმებს და ქმარს ელოდებოდეს. ახლა შორიშორს სხედან და მგონია როგორი სიცივეც ოთახშია ისე არიან ისინიც გაციებული ერთანეთის მიმართ.  შეეკამათნენ კიდეც ჩემი იქ ყოფნის დროს ერთმანეთს. ამ დროს კინაღამ მართლა ავტირდი.

82 წლის ბებოც ,,ჩავწერე".  თავის ახლობელს  მიმამგვანა - დასუსტებულხარო და მუხლებზე მეფერა:)

სკოლიდან მომავალი ბავშვებიც გადავიღე - ჰელოუუუ -მომესალმენ:)

ვალეში ახალი მხოლოდ გზა და პოლიციის შენობა. სხვა ყველაფერი ნგრევის პირასააა.