пятница, 28 октября 2011 г.

მოვფრინავ გული :)

პარასკევია, ჩვეულებრივი დღე. ჟურნალისტებთან შეხვედრა მაქვს გასაკეთებელი და ვმუშაობ. დღეა უღიმღამო. მობილურის ნომრებს ვინიშნავ, ზოგს ურეკავ, ზოგსაც ფეისბუქით ვეხმიანები. გაზეთიც დასაგეგმ-დასაწერ-ასაწყობი მაქვს. ზურგიც მეტკინა. ვზივარ და ვმუშაობ. მწვანე ჩაის მივეტანე, ვსვამ და ვსვამ. მობილური აზუზუნდა -  SMS -ია  ,,მოვფრივან გული",  - თეთე მწერს.  ვპასუხობ - გელოდები კოკრი. კოკრი, ანუ თეთე ჩემი დაა, 22 წლისაა და ნინოწმინდის ქართულ საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებელია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქ წავიდა სამუშაოდ, ძალიან არ მინდოდა, ბევრიც ვეხვეწეთ, მკაცრადაც უთხარით, მაგრამ . . . 
   
     თეთე მოდის, მიხარია, ამინდიც გამოსწორდა:) ვინც თეთეს იცნობს ყველამ მითხრა იქ რა გააჩერებსო, თუმცა უკვე მეორე წელია თეთე პედაგოგობს. რატომ არ მინდოდა, რომ ნინოწმინდაში წასულიყო - პირველი ამინდის გამო, საშინელი ზამთარი იცის. ყინვები. იქ პირობები არ არის ნორმალური საცხოვრებლად. ადგილობრივებს კი აქვთ უკვე ყველაფერი მოწყობილი, მაგრამ თეთეს? ბინა უნდა ექირავებინა, იქ ბუნებრივი გაზი არ არის, ანუ შეშა აქედან უნდა ჩაგვეტანა. ყველაფერს მოერია. ბინაც იქირავა და ნორმალურადაც მოეწყო. ხელფასი 280 ლარი აქვს:) რომელიც არაფერში არ ჰყოფნის, უფრო სწორად ვერც კი ხვდება სად ,,მეკარგება" ეს ფული. იცინის ხოლმე -  ,,ჩექმაც კი ვერ მიყიდია ჩემი ერთი თვის ხელფასითო", - თუმცა მაინც ნინოწმინდაში რჩება. ყოველ პარაკევს ჩამოდის სახლში, გზაში ხარჯავს მგონი მთლიან ხელფასს:) 
     
      ახლა ნინოწმინდაში უკვე თოვლია. ორი კვირის წინ მოთოვა. ტელევიზორი არ აქვს - ,,არც მინდაო"  - თქვა. აქ როცა ჩამოდის შუაღამით ვხედავ ხოლმე ოთახში როცა შემოდის დასაძინებლად, მეგობრებში ხალისობს. ვსაყვედურობ ხოლმე ცალყბად, მაინც უფროსი და ვარ რა:) 

    ნინოწმინდაში მასწავლებლებს, რომ უფრო კარგი პირობები ქონდეთ ბევრი წავა სამუშაოდ და ეს მხარეც ასე შორეული არა მოეჩვენება ზოგ-ზოგიერთებს. თეთე როცა თავის მოსწავლეებზე იწყებს ლაპარაკს ვეღარ ვაჩერებ. როცა ჯავახეთზე საუბრობს მაშინაც ვერ ჩერდება - ,,წივა, თბილი გადასარევი ხალხი,  კიდე ტბები, მიწური სახლები, ეკლესიები, " - ყვება და მეც მნუსხავს:)
   დადის ქორწილებში, მთებში, დედათა მონასტერში. დადის თოვლშიც, წვიმაშიც, ყინვაშიც, ბარალეთი, ფოკა, სპასოვკა, გორელოვკა, სამება. ყველაფერს იღებს, საღაამოობით ლეპტოპში წერს და იქნებ როდესმე წამაკითხოს კიდეც:) ელენე მონასტერში წავიდა, მინანქრის ბეჭედი, რომლიც ასე მომწონდა მე დამიტოვაო - მითხრა გულისწყვეტით. 

    ,, რომ მოთოვა ისე ლამაზი იყო აქაურობაოო"  . . . ,,ღამე ფოკაში კოცონთან დაუვიწყარი|"  . . . მაგრამ მთავარი რატომ არ მოდის ნინოწმინდიდან ბავშვებია. ზემოტაც დავწერე თეთე ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბავშვებს ასწავლის - ,,ყოველ წამოსვლაზე მეხვევიან და მეკითხებიან ხომ დავბრუნდები უკან", - ამბობს და თვალებში ცრემლები უდგება. ბავშვების ისტორიები მძიმე მოსასმენია,  არც მოვყვები,  არც მათ ფოტოებს დავდებ. თეოს კი  მათი უამრავი ფოტო აქვს.

      - ,,მოვფრინავ გული," - მომწერა წეღან და ეს ამიტომ მოვაყოლე. საღამოს სოფელში წავალთ. ჭადებს გავაკეთებთ, ასე ძალიან რომ უყვარს თეთეს. მერე შროშაში ნაყიდ თიხის ქოთანში ლობიოს მოვხარშავთ. ბუხარს დავანთებთ და გოგოშკურ ამბებზე ვიჭორავებთ. ეზოში მუხლებამდე ყვითელი ფოთლები და სახლის მცველი ბუთხო გველოდება.

3 комментария:

  1. გული ამიჩუყე, გულო :)

    ОтветитьУдалить
  2. ვინ იფიქრებდა თეონა მაგ პირობებს და მაგ ცხოვრებას თუ ვერ შეელეოდა)) ახალციხეს და აქაურ ჩაკეტილობებს ვერ იტანდა და)))) ყოჩაღ, მაგარია... ალბათ მართლა სხვა ძალა აქვთ ბავშვთა სახლების ბავშვებს....

    თეთე :*

    ОтветитьУдалить
  3. როგორ დამთბა კოკოროო:*:*

    ОтветитьУдалить