среда, 18 апреля 2012 г.

მე, პრობაციონერები და ჭლექი

ორგანიზაცია, სადაც ახლა ვმუშაობ ახალგაზრდა 30 - წლამდე პრობაციონერებზე პროექტს ახორციელებს, პროექტის მიზანია ახალგაზრდა პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, პროფესიული სწავლების, დასაქმების გზით.
პროექტის ფარგლებში პრობაციონერებთან შეხვედრები, საუბრები და კითხვარის შევსება მევალება. დაახლოებით ორი კვირაა კარდაკარ, ოჯახიდან ოჯახში დავდივარ და ზოგან უტკბილესი, ზოგან წყალწყალა, ზოგან თბილი და ზოგან ცივი ჩაის და ყავის დალევა მიწევს. უარს ვერ ვამბობ, ისე რუდუნებით მოაქვთ .
ზოგიერთი მათაგანი ზღრუბლთან ამტუზავს და ისე ვავსებ კითხვარს. ყველაზე უჩვეულო მაინც ერთ-ერთი პრობაციონერის გაშლილ ხელისგულებზე შევსებული კითხვარი იყო. ფურცლები რომ ვერ დავიმორჩილე და გამეფანტა, 18 წლის ბიჭმა, რომელსაც არაფრის დიდებით არ უნდოდა სახლში შევეყვანე მოიფიქრა და ხელის გულები გამომიშვირა - აქ დადე ფურცლები და შეავსეო. მერე კარებიდან გოგომ გამოიხედა, ჩემი ნაცნობის შვილმა და მივხვდი ბიჭი რატომაც არ მიშვებდა სახლში, გოგომაც უცებვე შეყო უკან თავი. დანახვა მოვასწარი, თუმცა თვალი მოვარიდე. ჩემი შეყვარებულია - ამიხსნა რატომღაც ბიჭმა და შარვალი ჩამოიფერთხა.
21 წლის ცხრა თვის ფეხმძიმე გოგოს თამარაშვილის ქუჩაზე შევხვდი. ფერდაკარგული ჯდება მანქანაში და თავის მართლებას იწყებს - 17 წლის ვიყავი, გაგებული გექნებათ ეგ ამბავი და მართლაც ნაცნობ ისტორიას მიყვება, რომელიც ოთხი წლის წინ ქალაქში მართლაც გახმაურდა და ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გამოუცდელი ვიყავი, ცუდი ადვოკატიც მყავდა. ფარმაცევტია, თუმცა სამსახურში არ მიიღეს - გადაწყდა, დავიწყე მუშაობა, დილით ხალათით მივედი უკვე, მიხაროდა მეთქი მეღირსა, მაგრამ უარი მითხრეს, ეტყობა გაიგეს, რომ პრობაციონერი ვიყავი.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 14 -დან 30 წლამდე ასაკის 560 პირობითი მსჯავრდებულია.
მუხლებს, თუ რაზე არიან დაკავებულები, რომ გადახედო მიხვდები ვინ რომელი რაიონიდანაა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი 75 პრობაციონერია და ძირითადად ქალის მოტაცების გამო არიან მსჯავრდებულები.
ყველაზე მეტი პრობაციონერი ბორჯომზე მოდის, სადაც ძირითადად ხე-ტყის უკანონო ჭრებზე აქვთ პირობითი მსჯავრი.
27 წლის კარაპეტი მეგობრის დედის დასაფლავებაზეა წასული, სანამ მე დედასთან ერთად ყავას ვაგემოვნებ ისიც მოდის. ჯარში ჩხუბის გამო აქვს ხუთი წელი პირობითი მისჯილი და ჯარიმაც გადაიხადა სამი ათასი - კი ვიჩხუბე, მაგრამ მეგონა ,,გაობახტში“ ჩამაჯენდნენ. მთლიანად შემეცვალა გეგმები - ამბობს დაღონებული. ახლა ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს და ოჯახს არჩენს.
მესხეთის ქუჩაზე მრავალშვილიან ოჯახს ვსტუმრობ, პრობაციონერი შუათანა ვაჟი გევორქია . წვრილი ლურჯი თვალები აქვს ოჯახის ყველა წვერს, ყველა ლამაზია და ყველა მოუსვენარი. გევროქი მუშაობს - რკინის კარებებს ვაკეთებ, ფული ბევრი უნდა დავაგროვო, აბა პრობაციონერი ვარ ისე არავინ მომყვება და ფულით მაინც მოვატუებ ვინმეს - ამბობს და ხარხარებს. რაღაც სხვანაირი სახლი აქვთ, ოთახიდან ოთახში გამავალი ფანჯრები მთლიანადაა ამოღებული და ცარიელ სივრცეში გაბმულ წვრილ ძაფებზე ყვავილები მიიკლაკნება.
ერთ-ერთი პრობაციონერი ირაკლი ვერ ვნახე, ნომერი გაუგია და sms -ს მიგზავნის. ,,დღეს საქეიფოდ მივდივარ ტო, ვერ გნახავთ“ . ორი დღის წინ კი შუაღამეს მომწერა -,,მართლა რატომ გინდა ჩემი ნახვა ე?“ ( სტილი დაცულია).
ნანა პრობაციონერია - ქმარმა ნაქურადლი საქონელი სახლში მოიტანა, ვიცოდი რომ მოპარული იყო, მაგრამ რა მექნა?. ქმარი შარშან ჩხუბში მოკლეს, თვითონ ახლა დედასთან და ბებიასთან ცხოვრობს და სტილისტობა უნდა.
მეზობელმა როცა გაიგო რა პროექტს ვახორციელებდით არ აცია მომახალა - ნეტა შენ რა, კუზიანს სამარე გასწორებს! რას წვალობთ! ამდენი მშიერი დადის და რაღა მაგ ქურდებს და კრიმინალებს იცავთ!
წლების წინანდელი ისტორია გამახსენდა რატომღაც - თბილისში სწავლისას ჩემმა ლექტორმა როცა გაიგო საიდან ვიყავი გადაირია, ამხელაა საქართველო და რაღა აბასთუმანში ცხოვრობ მაგ ჭლექიანებშიო.

Комментариев нет:

Отправить комментарий