среда, 20 ноября 2013 г.

ვალის ამბები


კვირა დღეს  ვალეში მომიწია წასვლამ. კვლევა მქონდა და  ოც ოჯახს ვესტუმრე.  ვალე, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბაა.

დაბაში  მიწას  ამუშავებენ და უმეტესობას თავი  მიწათმოქმედებით გააქვს.

ოცი ოჯახიდან დაახლოებით ათ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ახალგაზრდა ოჯახს ( ვაჟი 29 და გოგო 25 წლის) ორი შვილი ჰყავს.  ოჯახს გასულ წელს სექტემბერში მიანიჭეს სოციალურად დაუცველის სტატუსი,  წელს თებერვალში კი მოუხსნეს.

 ,,სხვა შემოსავალი არ გვაქვს, ამ 104 ლარით ვირჩენდით თავს.  შემოდგომაზე კარტოფილის აკრეფაზე გავედი და დღეში 25 ლარს მაძლევდნენ.  ოთხი დღე ვიმუშავე მეტი არა",  -მეუბნება  გოგო და ხელებს უხერხულად იშვნეტს.

,,მე შეშის დაჩხევაზე დავდივარ, თუმცა მაინც არ გვყოფნის", - ამბობს ქმარი.

ვაჟი ყავას მთავაზობს, ცოლმა ამ დროს  გაფითრებულმა გადახედა და მივხვდი ან ყავა არ აქვთ ან შაქარი. სასწრაფოდ უარს ვეუბნები. გოგო უხერხულად ზის სკამზე და თავის გაჭირვებაზე მელაპარაკება. ვზივარ,  ვუსმენ და ტირილი მინდა.

ამ ოჯახს სხვა საფიქრალი უნდა ქონდეს, სახლში უნდა იყოს სითბო ( ოთახში  ღუმელი კი იდგა, თუმცა შეშის ეკონომიას ვაკეთებთ და ღამით ვანთებთო) ) დედა ბავშვებს ამეცადინებდეს, მამა სამსახურში იყოს. საღამოს ცოლი ერთხელ კიდევ ივარცხნიდეს საგულდაგულოდ თმებს და ქმარს ელოდებოდეს. ახლა შორიშორს სხედან და მგონია როგორი სიცივეც ოთახშია ისე არიან ისინიც გაციებული ერთანეთის მიმართ.  შეეკამათნენ კიდეც ჩემი იქ ყოფნის დროს ერთმანეთს. ამ დროს კინაღამ მართლა ავტირდი.

82 წლის ბებოც ,,ჩავწერე".  თავის ახლობელს  მიმამგვანა - დასუსტებულხარო და მუხლებზე მეფერა:)

სკოლიდან მომავალი ბავშვებიც გადავიღე - ჰელოუუუ -მომესალმენ:)

ვალეში ახალი მხოლოდ გზა და პოლიციის შენობა. სხვა ყველაფერი ნგრევის პირასააა.











 



среда, 30 октября 2013 г.

პატარა მოთხრობა დამეკარგა, საინტერესო - ო -ო - ო

რამდენიმე დღეა მოთხრობას ვეძებ, რომელიც ადრე წავიკითხე და  ბუნდოვნად მახსოვს.
გოგონაზეა, რომელიც იგონებს ცხოვრების სხვადასხვა დროს როგორ მოუწია დაჩოქებამ, თავიდან ლოცულობდა, მერე ვიღაცას რაღაცას თხოვდა და დაუჩოქა. ბოლოს, მამინაცვალი თუ მოძღვარი დააჩოქებს. მოთხრობას ლეიტმოტივად გასდევს - არ დადგე მუხლებზე  -  ნუ, მე ასე მახსოვს.

ხოდა, ვეძებ ახლა ამ მოთხრობას, რომელიც მეგონა დემოზე წავიკიხე, თუმცა მის შემქმნელებსაც ვკითხე და ვერც ისინი იხსენებენ:(

პატარა მოთხრობა დამეკარგა, საინტერესო - ო -ო - ო

კიდევ ბლოგერი დავკარგე ლაშარელა და მასაც ვეძებ:)

კიდევ ზაფხულზე ზურმუხტისფერი ჯვარი ზღვაში.

კიდევ დეიდას ნაჩუქარი პაწაწინა ბეჭდი დავკარგე, ვეძებ . . .


понедельник, 18 февраля 2013 г.

,,ვერაფერს დაუმტკიცებენ"

14 თებერვალს, ჩემმა მეგობარმა სტატია გააკეთა ,,ვანო მერაბიშვილის დედამ სკოლის მოსწავლეები და დამლაგებელი  სცემა".http://sknews.ge/index.php?newsid=1109#.USHox6VkQfs

მანამდე, ანუ დილით,  ვინც კი ვნახე ქუჩაში, შემდეგ კი სამსახურში ყველა ცემის ფაქტზე ლაპარაკობდა. ყველა გადარეულ -აღშფოთებული იყო.

 - ,,ეს პირველი შემთხვევა არაა, ახლა რისი ეშინიათ, სამართალი უნდა აღდგეს".

 - ,,მასწავლებელს შარშან ყური აახია ჟენია მერაბიშვილმა და ეგ შერჩა.  ეს აღარ უნდა შერჩეს"!!

 - ,,მეთერტთმეტე კლასელ ბიჭს, რომ სახეში გაარტყა  კლასელების წინ ბიჭი შეწუხდა, არც ამას მოჰყოლია არაფერი, არადა ყველამ გაიგო".

    - ,,ერთ ბავშვს ოცნების მაიკა ტანზე შემოახია და ცემა".

ყვებიან, ყვებიან ისტორიებს, რომელიც აქამდე ისედაც ასჯერ მაქვს მოსმენილი, თუმცა არც მაშინ და არც ახლა, მშობლებს, მასწავლებლებს ამაზე კრინტი არასდროს დაუძრავთ. ,,კოლონია",  როგორც მეხუთე საშუალო სკოლას ეძახიან აუღებელი აღმოჩნდა ჩემთვის და ჩემი მეგობარი ჟურნალისტებისთვისაც. ფაქტებს ყოველთვის ყველა უარყოფდა.

უკვე შუადღით თამუნა მეუბნება, რომ ცემის ფაქტზე არავინ არაფერს არ ამბობს.
არადა, ყოველი მეორე კი არა ყველა მეკითხება  -  ხომ წერს  ცემაზე კარიბჭე?

თუ როგორ განვითარდა მოვლენები სტატიაში ისედაც წერია და თავს აღარ შეგაწყენთ. ერთი რაღაც მინდა მოგიყვეთ - ჩვენს ორგანიზაციაში დადის მოხალისე მეთორმეტე კლასელი ბიჭი, რომელიც მეხუთე სკოლაში სწავლობს. ჩემმა თანამშრომელმა ძაან სხვათაშორის ჰკითხა ცემაზე.

ბიჭის პასუხი ასეთი იყო - რა ცემა!! არაფერიც არ მოხდა! ჟურნალისტიც დაძვრებოდა, რაღაცას არკვევდაა, ჭორია ყველაფერიი!!!

მეორე დღეს როცა უკვე სტატია დაიბეჭდა კომენტარებით, ის ბიჭი ისევ ჩვენთან იყო სამსახურში. ნახე სტატია?  - ვკითხე მე და ავხედე.

- ვერაფერს დაუმტკიცებენ - მიპასუხა მან და გაიცინა.  ოთახში კიდევ სხვა თანამშრომლებიც იდგნენ და 17 წლის თინეიჯერს გაოცებულები უყურებდნენ.  მე კი ძაან, ძაან მინდოდა მისთვის პანღური ამომეკრა.  


среда, 9 января 2013 г.

მარცხენიკა

ერთხელ, ჩემმა სამი წლის ძმიშვილმა  ანანომ  სტუმრების ყურადღების მისაქცევად  მაგიდაზე მოინდომა ბალეტის ცეკვა, ლევანმა მაგიდიდან ყველაფერი აალაგა და შვილი მაგიდაზე  შესვა. ანანომაც  მშვენივრად იცეკვა.

როცა გადავწყვიტე ჩემზე და სკოლაზე დამეწერა რატომღაც  ეს  სცენა გამახსენდა.

ლევანს ახსოვს ჩემი ტირილი,  როცა  სკოლაში  არ მაძლევდნენ საშუალებას მარცხენა ხელით მეწერა. მერე ჩემს მხარდასაჭერად მანაც მარცხენა ხელით დაიწყო წერა. და-ძმას ამბოხი არ გამოგვივიდა.  მარცხენიკაა  -  დაცინვით ნათქვამი ეს სიტყვა ახლაც კი  მთრგუნავს.
 
პირველ კლასში ჯერ სურათების აღწერას არა უშავდა რა, როცა ანბანზე გადავედით  მერე დაიწყო.

ცაციაა!!  გამოაცხადა მასწავლებელმა ჩემზე  და ტუჩებიც გააწკლაპუნა. ყველამ შემომხედა, მასწავლებელმა  დამიწუნა.  უკვე არაფერი მეშველებოდა. თავი დავხარე და ზუსტად არ მახსოვს მგონი ავტირდი.

მეორე დღეს სკოლაში წასვლა არ მინდოდა, ცაციასთან აბა ვინ იმეგობრებდა, თუმცა მაინც წავედი.

 მასწავლებელს ჩემს გამოსასწორებლად გამოსვალი უკვე მოეფიქრებინა. დიდი ,,გულაბკა’’ მოიტანა პერანგის სახელოზე გამიკეთა და მარცხენა ხელი უკან პერანგის დაბოლოებაზე ,,გულაბკით“ შემიკრა, ანუ ხელი  ზურგზე მიმიმაგრა. ერთი ასოც კი ვერ დავწერე მარჯვენა ხელით.

 სკოლაში დედა დაიბარეს, სახლში ვთქვი, რომ ჩემი ცაციობის გამო იბარებდნენ.
,,ვაი ჩვენს პატრონს, რავა არაფერი იცვლება“ -  თქვა ბაბუამ და მოყვა  -  ,,ჩემმა მასწავლებელმა გლობუსი გაჭრა გაკვეთილზე ვნახოთ შიგნით რა არისო, მერე გაჭრილი გლობუსი მე მეფარა თავზე ,,რომელო და ჟულიეტა“,  რომ დავდგითო''.

მეორე დღეს დედამ რა უთხრა მასწავლებელს ან მასწავლებელმა დედას არ ვიცი, მაგრამ მშობლებმა მეორე სემესტრში სხვა სკოლაში გადამიყვანეს.

მეორე სკოლაში რატომღაც  აღარც მიცდია მარცხენა ხელით წერა, მიჭირდა,  მაგრამ არც გამიმხელია, რომ ცაცია ვიყავი. ტ და ც ასოები სულ მოგრეხილი გამომყავდა.

ახლა წერის გარდა ყველაფერს მარცხენა ხელით ვაკეთებ.

ამ ბოლოს პედაგოგების გარემოცვაში მიმიწია ვახშმობა,  ილია ჭავჭავაძეზე საუბრობდნენ, ერთმა თქვა წმინდანად,  რომ შერაცხეს რაღაც მეკრძალება მასზე საუბარი თითქოსო, მეორემ წმინდანია და აბა რა უნდა ექნათო.  საუბარი გაგრძელდა და ბატონყმობა  სიმბოლურად კარგად არის გადმოცემული ,,ოთარაანთ ქვრივში“  სიტყვა ხიდჩატეხილობითო,   როცა ერთმა მასწავლებელმა ხმამაღლა განაცხადა ბაბუას სიტყვები გამახსენდაა  - ,,ვაი ჩვენს პატრონს, რავა  არაფერი იცვლება!!!