среда, 9 января 2013 г.

მარცხენიკა

ერთხელ, ჩემმა სამი წლის ძმიშვილმა  ანანომ  სტუმრების ყურადღების მისაქცევად  მაგიდაზე მოინდომა ბალეტის ცეკვა, ლევანმა მაგიდიდან ყველაფერი აალაგა და შვილი მაგიდაზე  შესვა. ანანომაც  მშვენივრად იცეკვა.

როცა გადავწყვიტე ჩემზე და სკოლაზე დამეწერა რატომღაც  ეს  სცენა გამახსენდა.

ლევანს ახსოვს ჩემი ტირილი,  როცა  სკოლაში  არ მაძლევდნენ საშუალებას მარცხენა ხელით მეწერა. მერე ჩემს მხარდასაჭერად მანაც მარცხენა ხელით დაიწყო წერა. და-ძმას ამბოხი არ გამოგვივიდა.  მარცხენიკაა  -  დაცინვით ნათქვამი ეს სიტყვა ახლაც კი  მთრგუნავს.
 
პირველ კლასში ჯერ სურათების აღწერას არა უშავდა რა, როცა ანბანზე გადავედით  მერე დაიწყო.

ცაციაა!!  გამოაცხადა მასწავლებელმა ჩემზე  და ტუჩებიც გააწკლაპუნა. ყველამ შემომხედა, მასწავლებელმა  დამიწუნა.  უკვე არაფერი მეშველებოდა. თავი დავხარე და ზუსტად არ მახსოვს მგონი ავტირდი.

მეორე დღეს სკოლაში წასვლა არ მინდოდა, ცაციასთან აბა ვინ იმეგობრებდა, თუმცა მაინც წავედი.

 მასწავლებელს ჩემს გამოსასწორებლად გამოსვალი უკვე მოეფიქრებინა. დიდი ,,გულაბკა’’ მოიტანა პერანგის სახელოზე გამიკეთა და მარცხენა ხელი უკან პერანგის დაბოლოებაზე ,,გულაბკით“ შემიკრა, ანუ ხელი  ზურგზე მიმიმაგრა. ერთი ასოც კი ვერ დავწერე მარჯვენა ხელით.

 სკოლაში დედა დაიბარეს, სახლში ვთქვი, რომ ჩემი ცაციობის გამო იბარებდნენ.
,,ვაი ჩვენს პატრონს, რავა არაფერი იცვლება“ -  თქვა ბაბუამ და მოყვა  -  ,,ჩემმა მასწავლებელმა გლობუსი გაჭრა გაკვეთილზე ვნახოთ შიგნით რა არისო, მერე გაჭრილი გლობუსი მე მეფარა თავზე ,,რომელო და ჟულიეტა“,  რომ დავდგითო''.

მეორე დღეს დედამ რა უთხრა მასწავლებელს ან მასწავლებელმა დედას არ ვიცი, მაგრამ მშობლებმა მეორე სემესტრში სხვა სკოლაში გადამიყვანეს.

მეორე სკოლაში რატომღაც  აღარც მიცდია მარცხენა ხელით წერა, მიჭირდა,  მაგრამ არც გამიმხელია, რომ ცაცია ვიყავი. ტ და ც ასოები სულ მოგრეხილი გამომყავდა.

ახლა წერის გარდა ყველაფერს მარცხენა ხელით ვაკეთებ.

ამ ბოლოს პედაგოგების გარემოცვაში მიმიწია ვახშმობა,  ილია ჭავჭავაძეზე საუბრობდნენ, ერთმა თქვა წმინდანად,  რომ შერაცხეს რაღაც მეკრძალება მასზე საუბარი თითქოსო, მეორემ წმინდანია და აბა რა უნდა ექნათო.  საუბარი გაგრძელდა და ბატონყმობა  სიმბოლურად კარგად არის გადმოცემული ,,ოთარაანთ ქვრივში“  სიტყვა ხიდჩატეხილობითო,   როცა ერთმა მასწავლებელმა ხმამაღლა განაცხადა ბაბუას სიტყვები გამახსენდაა  - ,,ვაი ჩვენს პატრონს, რავა  არაფერი იცვლება!!!


Комментариев нет:

Отправить комментарий