воскресенье, 4 декабря 2011 г.

ზამთარია, სიცივეა . . .

შაბათს სოფელში ავედი. გრძელი გზა ისე ავიარე კაცის ჭაჭანება არ იყო. ციოდა და . . . ჭიშკრის საკეტის ხმაზე ბუთხო მოვარდა ყეფით და წკმუტუნით. წინა თათები მკერდზე დამაწყო და სახე ამილოკა. ჩემზე მაღალია:) სინათლე ყველა ოთახში ავაბდღვიალე, ღუმელი დავანთე და ღვინოს მოურიე, მაჭარია ისევ, მაინც ამოვიღე, გავივლი მოვწრუპავ, გამოვივლი მოვწრუპავ, ამიტომაც არის სოფელში ხასიათს, რომ არ ვუჩივი:) მთელი ღამე თოვდა. ბუთხომ ღამით ეზოში რაღაც თეთრბეწვიანი ტყავი მოათრია, ეტყობა ცხვარი დაგლიჯეს სოფელში მგლებმა და ალიონზე ტყავი შეხვდა მხოლოდ ბუთხოს. მთელი ღამე გაბმული ყმუილი ისმოდა. ადრე ბაბუა ამბობდა ხოლმე ძაღლებმა მგლის სუნი აიკრეს და ამიტომ ყმუიანო. ძაღლების ყმუილს უსიამოვნო შეგრძნება მოაქვს ხოლმე. ადრე ბაბუა აივანზე თოფს დააჭექებდა და ცოტა ხანში ძაღლებიც შეწყვეტდნენ ყმუილს. მერე უკვე ჩვენებურად ,,კაბიაბის" საყოველთაოდ კი ზღაპრების მოყოლის დროც დგებოდა. ჩემს ძმებს ნადირობაზე უყვარდათ ზღაპრები, მე კონკია და მისთანები მერჩია, თუმცა, ბაბუასთვის გვარის გამგრძელებლების სურვილი იყო მთავარი და ზღაპრებს სულ ნადირობაზე უსმენდი ხოლმე. მე ,,დამტირებლის " ფუნქცია მქონდა. ,,ჩემი დამტირებელი" მეტყოდა ხოლმე ბაბუა და თავზე მაკოცებდა. ლექციაზე ვიჯექი როცა დამირეკეს ბაბუა მოკვდაო. ღამით ავაღწიე სოფელში. სიჩუმე იყო, სამზარეულოში ისხდნენ. მეც ჩუმად დავჯექი სკამზე. ოოოო, სად წავედი. ახლა ყინულის ჩურჩხელებითაა მორთული სახლი გარედან. ლამაზია:) შაბათ -კვირას აქ ვიქნები:)

Комментариев нет:

Отправить комментарий