вторник, 27 декабря 2011 г.

,,ორჯერ გასახლება „

მაჰმუდ გოვჰაროვი უკვე ათი თვეა საქართველოში დაბრუნებას ცდილობს. 73 წლის მოხუცს ახალციხეში ოჯახი ელოდება.
ახალციხეში გოვჰაროვების ოჯახს ვსტუმრობ. მაჰმუდ გოვჰაროვის მეუღლეს ზანნას უყვები, რომ აზერბაიჯანში, საათლის რაიონში, სოფელ ნასიმიკენდში, როცა სამცხე-ჯავახეთის რეგონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში საინფორმაციო ცენტრი გახსნა, მისი მეუღლე ვნახე. ზანნა გოვჰაროვას თვალები უბრწყინავს, ფოტოებს ვაჩვენებ. რატომღაც თავსაფარს ისწორებს და ისე ნახულობს ქმრის სურათებს.
- კარგად არის - ვეუბნები მე.
- მართლა? - მეკითხება ის და ვატყობ, რომ ნერვიულობს.
გოვჰაროვების ისტორიული გვარი თურმანიძეა. ისინი საქართველოში ორი წლის წინ ჩამოვიდნენ აზერბაიჯანიდან.
ოჯახი ახალციხეში, ეგრეთწოდებულ ,,ტავარზე“ დასახლდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.
იუნუს და ფავზია გოვჰაროვებს სამი ვაჟი ჰყავთ; ელდარი, ბინალი და რუსტამი. იუნუსის მშობლები ზანნა და მაჰმუდ გოვჰაროვებიც ,,ტავარზე „ ცხოვრობენ.
მაჰმუდ გოვჰაროვი აზერბაიჯანში ექიმთან სამკურნალოდ ამა წლის 26 თებერვალს წავიდა. უკან ორ კვირაში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა. . .
ათი თვის მანძილზე მაჰმუდ გოვჰაროვმა სამჯერ სცადა საზღვრის გადმოკვეთა, თუმცა უშედეგოდ.
,,არ უშვებენ! საბაჟოზე მიზეზსაც კი არ ეუბნებიან და უკან აბრუნებენ. გაწვალდა მოხუცი, ფული ფულად ეხარჯება და არც ფიზიკურად არის კარგად“, - ამბობს ფავზია გოვჰაროვა, მაჰმუდ გოვჰაროვის რძალი.
მაჰმუდ გოვჰაროვსაც უკვირს თუ რატომ არ უშვებენ უკან - ,, ჩვეულებრივ გადმოვედი, თუ პასპორტში მქონდა პრობლემა როგორ გადმოვკვეთე მაშინ საზღვარი? „
ასოციაცია ,,ტოლერანტის“ საზოგადოებრივი ადვოკატი ტარიელ მახაჭაშვილი ცდილობდა გაერკვია სამი მცდელობის მიუხედავად რატომ ვერ გადმოკვეთა საზღვარი მაჰმუდ გოვჰაროვმა, რისთვისაც შეხვედრები ჰქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.
საზოგადოებრივი ადვოკატი ამბობს რომ ,,სტატუსის მინიჭებაა ამ პრობლემიდან გამოსავალი, მოხუცის ასაკიდან გამომდინარე სამინისტროში დაგვპირდნენ, რომ დააჩქარებენ სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილი დოკუმენტების განხილვას“, - აგვიხსნა მან.
მაჰმუდ გოვჰაროვი შვიდი წლის იყო პირველად როცა გაასახლეს. 67 წლის წინ გასახლებული და დაბრუნებული 73 წლის მოხუცი ამჯერად სამშობლოში დაბრუნებას ისევ ითხოვს.
,,გამოდის სამშობლოდან ორჯერ გაასახლეს“, - ამბობს მაჰმუდ გოვჰარვის მეუღლე სინანულით.
ნახეთ აქ

Комментариев нет:

Отправить комментарий