Показаны сообщения с ярлыком სტატიები. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком სტატიები. Показать все сообщения

понедельник, 15 августа 2011 г.

შავ-თეთრი მოგონება

ეს ფოტოები რეპატრირებული მესხის სარვარ საფაროვის ოჯახში მოვიძიეთ. სარვარ საფაროვი ამჯამად ახალციხეში, საბარგო დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ფოტოებზე მისი წინაპრები არიან აღბეჭდილები. მესამე ფოტოზე კი თვითონაა ცოლ-შვილთან ერთად.





вторник, 7 сентября 2010 г.

ზღვა – ტელევიზორში, გარუჯვა – სახურავზე


ბორჯომში მცხოვრები დევნილები აფხაზეთში დაბრუნებაზე ოცნებობენ

სამცხე-ჯავახეთში ჩასახლებულ დევნილთა უმრავლესობა კურორტ ბორჯომში ცხოვრობს. სანატორიუმი ,,მთის ხეობა" დევნილების საცხოვრებლად იქცა. აფხაზეთსა და საკუთარ სახლებზე დევნილები ახლა განსაკუთრებით დარდობენ, რადგან თავს სანატორუმშიც ყველასაგან მიტოვებულად გრძნობენ.  

ბორჯომის რაიონში 322 დევნილი ოჯახია. აქედან 250 ოჯახი სანატორიუმ ,,მთის ხეობაში" ცხოვრობს. სანატორიუმი კურორტის ცენტრში, ამაღლებულ ადგილზეა გაშენებული.

რაც სანატორიუმს უახლოვდები, ბუზების ბზუილი და გაუსაძლისი სუნი ძლიერდება. პირველი კადრი - ავსებული ბუნკერი, ნაგვის სიმძიმისაგან გამოგდებული ხუფი და ნარჩენებით სავსე პარკების უზარმაზარი გროვა გარეთაც. პოლიეთილენის ნაგლეჯები მთელ ეზოშია მიმოფანტული. 


შენობა ათსართულიანია. ლიფტი თუ მუშაობდა, აქ მცხოვრებლებს უკვე არ ახსოვთ.

,,ლიფტი ამუშავდებაო, სულ გვპირდებიან და გვპირდებიან. უკვე 15 წელია, აქ ვართ და ფეხით დავდივართ", - ამბობს შაოსანი მოხუცი, რომელიც მოაჯირის დახმარებით ცდილობს მეექვსე სართულამდე აღწევას.

სადარბაზოს შესასვლელში გარუჯული ახალგაზრდები სხედან. ზოგი ქობულეთში გაშავებულა, ზოგსაც კი ამისათვის სახლის სახურავი გამოუყენებია. ,,არადა, თურმე, სახლის წინ ზღვა მქონია, მთლად ერთი ხელის გაწვდენაზე", - გვეუბნება 15 წლის თამთა.


სანატორიუმში არც სასმელი წყალი აქვთ. ამიტომაც ბნელ კიბეებზე სავსე ჭურჭლით დატვირთულ ადამიანებსაც შეხვდებით.

აფხაზეთიდან დევნილი ნუგზარ შონია გალის რაიონის მკვიდრია. მას ხშირად უწევს მშობლებთნ გალში გადასვლა.

,,საზღავარზე აფხაზები დგანან. მე გალში დავიბადე და გავიზარდე. რადგან გალის მკვიდრი ვარ, უპრობლემოდ მიშვებენ. რიგით მოქალაქეებს ყოველთვის კარგი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან”, - ამბობს ნუგზარ შონია.

დევნილებს მძიმე მატერიალური პრობლემები აქვთ, ამიტომაც დიასახლისთა უმრავლესობა სამუშაოდ საზღვარგარეთაა წასული.

,,ახლა დევნილთა რაოდენობა შემცირდა. ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგიც თბილისში გადავიდა, რადგან აქ ორი თვეა აქტიურობა და მერე ქალაქი დუმდება. ადრე ხე-ტყის დატვირთვაზე ვმუშაობდით, ახლა ყველა ბიზნესმენს თავის მუშები ჩამოჰყავს", - ამბობს გაგრიდან დევნილი ავთანდილ მუშკუდიანი.

იციან კი, რა ხდება აფხაზეთში, რა მდგომარეობაშია მათი სახლები? აქვთ კონტაქტი იქაურ მეზობლებთან? – ამ შეკითხვის პასუხად ავთანდილ მუშკუდიანი პატარა ისტორიას გვიამბობს:

,,გაგრიდან ჩვენი მზობელი აფხაზები დაგვიკავშირდნენ. ახლა ისინი ჩვენს სახლში ცხოვრობენ, და საფლავების გადატანის ნებართვა გვთხოვეს, ბავშვებს ეზოში გასვლის ეშინიათო. ეზოში ჩემი მშობლები არიან დასაფლავებულები. ჩვენ უარი შეუთვალეთ. მერე ისევ ნაცნობების საშუალებით გავიგეთ, რომ საფლავებისთვის ხელი არ უხლიათ".

,,ბიძაჩემი ტყვარჩელში იყო ახლობლის დასაფლავებაზე წასული. თამადა აფხაზი იყო, მაგრამ სუფრა ქართულად მიჰყავდა, ჩვენც რომ გაგვეგოო", - გვიყვება ბიძის ნაამბობს თამარი.

16 წლის დათო სოხუმელია. ის ერთი წლის იყო, როცა მშობლებმა სოხუმი დატოვეს, თუმცა მათი მოგონებები სოხუმზე იმდენად მძაფრად მოქმედებდა, რომ დათომ გადაწყვიტა, იქ, სოხუმში დარჩენილთათვის როგორმე ხმა მიეწვდინა. ინტერნეტით, გაცნობის საძიებელში სოხუმი და ასაკი მიუთითა და რამდენიმე სოხუმელი თანატოლი გაიცნო. საუბარი რუსულად მიდიოდა. თავიდან ჩვეულებივი საუბრები იყო, სად ცხოვრობ, რა თამაშები გიყვარს. მერე დათო სახლში ყვებოდა, რომ აფხაზ ბიჭებს ელაპარაკებოდა; რომ ისინი დათოს დედის საყვარელ გასასეირნებელ ადგილას - ,,მიმოზოვაია როშაში" ყოველ საღამოს დადიოდნენ.  

,,ხომ ვიცოდი, სოხუმში რა ადგილასაც ვცხოვრობდი და ჩემი აფხაზი მეგობარი ჩემი მეზობელი აღმოჩნდა. მან შემატყობინა, რომ ჩემი სახლი არ დანგრეულა, ისევ დგას, დედამისი ჩვენს ეზოში დარგულ მიმოზებსაც უვლის. სახლის კედელზე ამოტვიფრული ჩემი დაბადების მაუწყებელი წარწერაც ისევ ისეა თურმე შენახული. იმ საღამოს სახლში თითქმის არ გვიძინია. მამაჩემი და დედაჩემი გადარეულები იყვნენ... ახლა უკვე სახლის ფოტოებსაც მიგზავნის”, - გვიამბობს დათო.

ასეთი უშუალო კონტაქტები ყოფილ მეზობლებთან სხვებს არ აღმოაჩნდათ, თუმცა აფხაზებთან ურთიერთობაზე ყოველი მათგანი საუბრობს.

,,ერევანში ვიყავით ბანაკში. ქართველ გოგოს და აფხაზ ბიჭს ერთმანეთი შეუყვარდათ. ძალიან გამიხარდებოდა, ცოლადაც რომ მოეყვანა, მაგრამ წამოვედით და როგორ დამთავრდა მათი ურთიერთობა, ნამდვილად აღარ ვიცი", - გვიყვება თამარი.


,,ოჩამჩირიდან ვარ. შვიდი წლის ვიყავი, როცა წამოვედით. ბაღი მახსოვს, პლაჟი... ადრე აზრადაც არ მომსვლია, ახლა კი მინდა, რომ ჩემს აფხაზ თანატოლებს შევეხმიანო. ალბათ ასაკის ბრალია. სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს", - ამბობს 22 წლის თამარი.

,,ახალგაზრდებს უფრო შეუძლიათ დაახლოება. ახალი თაობა უნდა დამეგობრდეს",

- მიაჩნია გალიდან დევნილ ლადო ბაბუას.

16 წლის მარიამს აფხაზეთი არ ახსოვს, ყველაფერი მშობლების მოგონებით იცის. ისიც ლადო ბაბუას მსგავსად ფიქრობს.

,,ტკივილებს დრო აყუჩებს, თუმცა არ აქრობს. დიდებს ეს ტკივილიანი მოგონებები ისევ აქვთ. ამ მხრივ კი ჩვენ, ახალგაზრდებს უფრო შეგვიძლია დავმეგობრდეთ და ურთიერთობა ავაწყოთ", - ამბობს ის.

,,15 წელიწადია, აქ ვარ. სოხუმის დაცემის მესამე დღეს წამოვედი. ჩემს მეგობარ აფხაზთან, ემზართან ურთიერთობა მაქვს. ძმაკაცს მობილურით ვეხმიანები, ვიხსენებთ ძველ ამბებს. რუსები და გერმანელები შერიგდნენ და ჩვენ როდის ვიქნებით ისევ ერთადო, ვამბობთ ორივე", - საუბრობს გალიდან დევნილი 57 წლის ოთარ ქემერტელიძე.

ჟუჟუნა ლომიძე სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთის მკვიდრია. მან სოხუმი 1993 წლის 19 სექტემბერს ორ შვილთან ერთად დატოვა, იქ მეუღლე და ინვალიდი მული დარჩა.

,,მეუღლე ჩემი წამოსვლიდან მესამე დღეს გარდაიცვალა, აფხაზმა მეზობლებმა ჩვენსავე ეზოში დაასაფლავეს. ინვალიდ მულს კი აფხაზი და სომეხი მეზობელი უვლიდა. ისიც გარდაიცვალა და მეზობლებმა ეზოში დაკრძალეს”, - ამბობს ჟუჟუნა ლომიძე.

მან ასეთი ამბავიც გაიხსენა: ,,ჩემმა თანასოფლელმა ექიმმა გოგომ მუშაობა თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო. არანაირი საბუთი არ ჰქონდა. სოხუმიდან შრომის წიგნაკი და ყველა საჭირო დოკუმენტი გადმოუგზავნეს. თან ეს გააკეთა აფხაზმა ქალმა, რომელსაც ომში შვილი დაეღუპა”. 

26 წლის გიორგიმ კი, გალში დარჩენილ აფხაზ მეგობართან კონტაქტის გაბმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 

,,12 წლის ვიყავი, როცა გალიდან წამოვედი. აფხაზი მეგობარი მყავდა და ახლა ვერ მივაკვლიე. ვეძებე, ვეძებე და მითხრეს, უკრაინაშია წასულიო”, - გვითხრა გიორგიმ.

დევნილების არც ერთ თაობას სანატორიუმში ცხოვრება არ მოსწონს. არ უნდათ, რომ დევნილები ერქვათ და ზღვა ტელევიზორში ნახონ. ყველა დაბრუნებაზე ოცნებობს.

22 წლის თამარის ოცნება: ,,ოჩამჩირის რაიონში, სოფელ კოჩარაში ისევ ისეთი ცხოვრება აეწყოს, როგორიც ბავშვობაში მქონდა". 

ლადო ბაბუას ოცნება: ,,ჩემს სოფელ აგუძერაში დავიმარხო".

четверг, 24 июня 2010 г.

ომის ქრონიკა

 

მე ჭურვების სროლის ხმა არ გამიგია; ომში ახლობლები არ დამღუპვია; ჩემთვის სახლი არავის გადაუწვავს და გაუძარცვავს, მაგრამ მე ჩემი წილი ომი სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ იმერულ სოფელში მაინც გადავიტანე.

ივლისის ბოლო რიცხვებში ავტოავარიით ახლობლები დამეღუპნენ. ნანას და ირაკლის მოგონებით თენდებოდა და მთვრდებოდა ყოველი დღე. შვიდი აგვისტოს შემდეგ კი ისინი აღარ მოგვგონებია. მოვლენა კინოფილმ ,,კუკარაჩას” მსგვასად განვითარდა - ,,ინგა და კუკარაჩა მეორე დღეს აღარავის ახსოვდა. ომი დაწყო”.

ომი დაიწყო!!

არ მახსოვს როდის გავიაზრე, რომ ომი დაიწყო. მაგრამ გაგანია სიცხეში, მაგიდიდან დაჭრილი ცივი საზამთრო რომ გადავყარეთ, რადგან პირი ვერავინ დააკარა, რაღაც სიამოვნების უფლება რომ არ მივეცით თავს, მივხვდი, ომი დაბომბვის გარეშე ჩემს სოფელშიც შემოსულიყო.
07 აგვისტო, 2008 წელი
საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება;
ძვირფასო თანამემამულენო!
“... ასევე გრძელდება სნაიპერული ომი სოფლების მცხოვრებლების წინააღმდეგ. ამ წუთებშიც ინტენსიური ცეცხლია გახსნილი არტილერიიდან, კონფლიქტის ზონაში უკანონოდ შეყვანილი ტანკებიდან, ასევე უკანონდ მყოფი საარტილერიო დანადგარებიდან, ნაღმმტყორცნებიდან, ყუმბართმტყორცნებიდან და სხვა ყველა შესაძლო იარაღიდან”
ოფიციალური ინფორმაცია
“ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან განუწყვეტლივ იბომბება საქართველოს ტერიტორია, მათ შორის დედაქალაქიც. საქართველოში დისლოცილებულია რუსეთის საჯარისო ნაწილები და დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა. დაბომბვების შედეგად დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა. მოსალოდნელია ვითარების შემდგომი ესკალაცია, რომელიც თავისი შედეგებით დამანგრეველი იქნება ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა”.
ომის დაწყებისთანავე ფიქრი მამიდაშვილს გადასწვდა. ჯარში მსახურობს. ვიცი, რომ პირველ ხაზზე იქნება. ვრეკავ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მეასედ, მეათასედ. მობილური ხელში პლასტენინივით რბილდება. ნერვები დაწყვეტაზე გვაქვს და ზარი გადის! საშინელი ხმაურიდან მესმის ხმა.
- სად ხარ? – ვეკითხები.
- ჯანდაბაში! - მპასუხობს და ვცდილობ არ ავღრიალდე.
- კარგად ხარ?
- ხო, მპასუხობს მოკლედ. საკმარისია, მთავარია ცოცხალია. საშინელება რომ არ ხდებოდეს ერაყგამოვლილი მამიდაშვილი ასე არ მიპასუხებდა, თუმცა რა ომი ხომ საშინელებაა...
ჩემი ოთხი წლის ძმისშვილი ,,მამაო ჩვენოს” წაკითხვისა და მეტანიის გაკეთების გარეშე ვეღარ იძინებს. დილით კი გვიმეორებს - ჩემმა ლოცვამ გადაგარჩინათო.
08 აგვისტო, 2008 წელი
სრულიად საქართველოს კათალიკოს –პატრიარქმა მრევლს მოუწოდა გააძლიეროს ლოცვა მშვიდობისათვის
,,საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ სინანულით აღნიშნავს შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ არის მსხვერპლი და დაჭრილები, როგორც სამხედრო შენაერთებში, ისე მშვიდობიან მოსახლეობას შორის”, - ნათქვამია განცხადებაში.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში ეკლესიის ეზოში ყოველ საღამოს ლოცვები იმართება (ეკლესია ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის).

ჩემი ოჯახი მთელი დღეების განმავლობაში ტელევიზორის ეკრანსაა მიშტერებული. ,,კურიერი” დაბომბვის კადრებს აჩვენებს და ეს ყველაფერი აქ ხდება, ჩვენთან, საქართველოში.

ჩემი მეგობარი თეა თედლიაშვილი გორელია. ვურეკავ. ჯეოსელი ჭედავს. ვიცი რომ ნიქოზშია, დედათა მონასტერში. რამდენიმე დღის შემდეგ ძლივს ვუკავშირდები. ტირის. თეა, მუდამ აუღელვებელი, დინჯი, მშვიდი, ახლა ტირის. ვცდილობ არ ავტირდე და ვანუგეშებ. მაგრამ ეს ნუგეშიც არ გამომდის...…

ფოთი დაბომბეს!

კოლეგა - მეგობარი ინგა გვასალია ფოთში ცხოვრობს. ვურეკავ.

- ,,იცი რა ხდება?! უამრავი მკვდარია, გადაჭედილია საავადმყოფოს დერეფნებიც. სოფელში უნდა ავიდე ბავშვები წავიყვანო”, - მეუბნება ინგა.

სახლში ჩურჩულით ვლაპარაკობთ. მეშინია!

მამაჩემი რუსეთშია, რუსეთის მოქალაქეა. ეს დღეებია ტელეფონი ხელიდან არ გაუშვია, ყოველ თხუთმეტ წუთში რეკავს. ომახიანად გველაპარაკება, მაგრამ ვიცი, რომ “ხმა დაყენებული აქვს”, ვიცი, რომ სანამ ნომრებს აკრეფს, რამდენჯერმე ჩაახველებს, ყელზე ხელს მოისვამს და ისე გველაპარაკება, ჩვენც რომ არ გადმოგვადოს აღელვება.

გორი იბომბება!

ღამე სიწყნარეში უფრო ისმის თვითმფრინავეის ხმა. მეზობელმა მითხრა - ,,თვითმფრინავები რომ გადაიფრენენ მუშტებს ვუქნევ ხოლმე, აბა სხვა რა შემიძლიაო” – ყველა თავისებურად იბრძვის.

12 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ამოვისუნთქეთ. თურმე ტყუილად... 13 აგვისტოს, დილით, გორის ცენტრში,
წინ ბომბი ჩამოაგდეს. რვა ადამიანი დაიღუპა.

,,პურის ფქვილი აღარ არის მაღაზიებში”, – ამბობენ სოფელში.

მეგობარი გურიიდან, ინტერნეტში მოძიებულ სხვადასხვა ინფორმაციებს მობილურით მაწვდის. ინტერნეტი არის! მიხარია!

სოფელში, ივლისის თვეში სარწყავი არხი გათხარეს. ძალიან ღრმა გამოვიდა დაახლოებით სამი მეტრი სიღრმის.

,,რაში დახარჯეს ფული”, - ოხრავდა სოფელი, თუმცა აგვისტოს თვეში არხმა სხვა ფუნქცია შეიძინა.

,,სანგრების გათხრა აღარ დაგვჭირდება ხალხო”, - იხუმრა ერთხელ ენაკვიმატმა მოხუცმა.

,,ენა გაგიხმა”, - მიაყოლეს და უცებვე გააჩუმეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ენთელში ჯარისკაცი ჩამოასვენეს. დედისერთა ყოფილა, ობოლი.

,,სიმწრით გაუზრდია დედამისს”, - ყვებოდნენ სოფელში.

ის დღეები ჩემს მეზობელ თინეიჯერებს მუსიკა არა თუ ხმამაღლა საერთოდ არ ჩაურთავთ.

სტადიონიდანაც ფეხბურთის მოთამაშე ბავშვების ხმამაღალი ყვირილიც აღარ ისმოდა.

მერე დაჭრილი ჩვენს სოფელშიც გამოჩნდა. ლაშა მამაგეიშვილი, ორი შვილის მამა, 25 წლის ჯარისკაცი ორი დღის განმავლობაში ოჯახს არ შეხმიანებია, მერე კი მეუღლემ ღუდუშაურის საავადმყოფოს წინ გამოკრული სიით დაჭრილებში მიაკვლია.

,,გმირი გვყავს სოფელში", - ითქვა მასზე. ზოგს ორაზროვნად გაეღიმა, ზოგმაც ცინიკურად ჩაიქირქილა, ერთი კი იყო მთელი სოფელი ლაშას ოჯახში დადიოდა ის დღეები და თუ სახლში რამე განსაკუთრებულს გააკეთებდნენ დაჭრილთან მიჰქონდათ.

,,თევდორე ბერის გმირობას ვიღა ჩაიდენს. გზა მტრებმა ჩვენზე უკეთ იციან. ამ ორღობის ნახაზიც კი აქვთ მგონი და ახლა სხვანაირი გმირები გვყავს. ლაშა ჩვენი დროის გმირია", - მოძღვრავდა კაკლის ძირში მჯდომ ბავშვებს სოფლის ყველაზე მცხოვანი მკვიდრი.

დევნილები! იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარ ქვეყანაში...

სამცხე-ჯავახეთში დევნილთა ნაკადმა რვა აგვისტოდან დაიწყო შემოსვლა. რეგიონში 10 207 დევნილი იმყოფებოდა - 1174 ოჯახი. მათ შორის: 1604 - არასრულწლოვანი (0-დან 15 წლამდე); 152 კი მცირეწლოვანი (0-დან 1 წლამდე).

აბასთუმანშიც, სანატორიუმ ,,აღობილში” მიიყვანეს ლტოლვილებიო და სოფელი აფუსფუსდა. სურსათ-სანოვაგის შეგროვება დაიწყო ხალხმა. პოლიტიკოსები თავის საქმეს აკეთებდნენ, სოფელი თავისას.

სამცხე –ჯავახეთში 1147 ადამიანი სხვადასხვა დაწესებულებებში კომპაქტურად იყო ჩასახლებული, 9580 კი ახლობლებთან აფარებდა თავს.

“შევასახლეთ ბორჯომში სასტუმროებში, სანატორიუმებსა და კომპოზიტორთა სახლში. კურორტ აბასთუმანში სანატორიუმ “აღობილში”, ქალაქ ახალციხეში სკოლა-პანსიონის შენობაში” - განმარტავს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ივანე გელაშვილი.

ამ პერიოდისთვის დევნილთა უმეტესობა საკუთარ სახლებს დაუბრუნდა.

“206 არასრულწლოვანი (1 -დან 15 წლამდე); 25 მცირწლოვანი ( 0 - დან 1 წლამდე); 1 – ობოლი; 2 - უდედმამო; 15 – ფეხმძიმე. კომპაქტურად მხოლოდ ბორჯომში ცხოვრობენ, სტაციონარებში 95 ადამიანი ცხოვრობს”, - ამბობს რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე.
იძულებით გადაადგილებული პირები ქალაქ ახალციხეში კომპაქტურად მხოლოდ ახალციხის სკოლა-პანსიონის შენობაში ცხოვრობდნენ.
ამ დროისათვის რეგიონში 593 –მდე დევნილია დარჩენილი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.
რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა ასეა გადანაწილებული: ახალციხე - 300, ასპინძა – 44, ადიგენი – 135, ბორჯომი – 63 ახალქალაქი - 4, ნინოწმინდა - 7 .
2008 წლის 8 სექტემბერს, ევროკავშირის ინიციატივით, ქართულ და რუსულ მხარეებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, განისაზღვრა სარკოზის ,,6 პუნქტიანი შეთანხმების” შესრულების პირველ ეტაპზე განსახორციელებელი კონკრეტული ნაბიჯები.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე 2008 წლის 10 ოქტომბრამდე არც ერთი რუსი ჯარისკაცი არა უნდა დარჩეს საქართველოში (სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარდა).
ომი დამთვრდა... თუმცა ომის შემდგომი პერიოდიც ძალიან მტკივნეული ყოფილა... დღესაც შიშით და იმედით ვუყურებ ყველა საინფორმაციოს... როდემდე გაგრძელდება ეს არ ვიცი . . .