вторник, 7 сентября 2010 г.

ზღვა – ტელევიზორში, გარუჯვა – სახურავზე


ბორჯომში მცხოვრები დევნილები აფხაზეთში დაბრუნებაზე ოცნებობენ

სამცხე-ჯავახეთში ჩასახლებულ დევნილთა უმრავლესობა კურორტ ბორჯომში ცხოვრობს. სანატორიუმი ,,მთის ხეობა" დევნილების საცხოვრებლად იქცა. აფხაზეთსა და საკუთარ სახლებზე დევნილები ახლა განსაკუთრებით დარდობენ, რადგან თავს სანატორუმშიც ყველასაგან მიტოვებულად გრძნობენ.  

ბორჯომის რაიონში 322 დევნილი ოჯახია. აქედან 250 ოჯახი სანატორიუმ ,,მთის ხეობაში" ცხოვრობს. სანატორიუმი კურორტის ცენტრში, ამაღლებულ ადგილზეა გაშენებული.

რაც სანატორიუმს უახლოვდები, ბუზების ბზუილი და გაუსაძლისი სუნი ძლიერდება. პირველი კადრი - ავსებული ბუნკერი, ნაგვის სიმძიმისაგან გამოგდებული ხუფი და ნარჩენებით სავსე პარკების უზარმაზარი გროვა გარეთაც. პოლიეთილენის ნაგლეჯები მთელ ეზოშია მიმოფანტული. 


შენობა ათსართულიანია. ლიფტი თუ მუშაობდა, აქ მცხოვრებლებს უკვე არ ახსოვთ.

,,ლიფტი ამუშავდებაო, სულ გვპირდებიან და გვპირდებიან. უკვე 15 წელია, აქ ვართ და ფეხით დავდივართ", - ამბობს შაოსანი მოხუცი, რომელიც მოაჯირის დახმარებით ცდილობს მეექვსე სართულამდე აღწევას.

სადარბაზოს შესასვლელში გარუჯული ახალგაზრდები სხედან. ზოგი ქობულეთში გაშავებულა, ზოგსაც კი ამისათვის სახლის სახურავი გამოუყენებია. ,,არადა, თურმე, სახლის წინ ზღვა მქონია, მთლად ერთი ხელის გაწვდენაზე", - გვეუბნება 15 წლის თამთა.


სანატორიუმში არც სასმელი წყალი აქვთ. ამიტომაც ბნელ კიბეებზე სავსე ჭურჭლით დატვირთულ ადამიანებსაც შეხვდებით.

აფხაზეთიდან დევნილი ნუგზარ შონია გალის რაიონის მკვიდრია. მას ხშირად უწევს მშობლებთნ გალში გადასვლა.

,,საზღავარზე აფხაზები დგანან. მე გალში დავიბადე და გავიზარდე. რადგან გალის მკვიდრი ვარ, უპრობლემოდ მიშვებენ. რიგით მოქალაქეებს ყოველთვის კარგი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან”, - ამბობს ნუგზარ შონია.

დევნილებს მძიმე მატერიალური პრობლემები აქვთ, ამიტომაც დიასახლისთა უმრავლესობა სამუშაოდ საზღვარგარეთაა წასული.

,,ახლა დევნილთა რაოდენობა შემცირდა. ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგიც თბილისში გადავიდა, რადგან აქ ორი თვეა აქტიურობა და მერე ქალაქი დუმდება. ადრე ხე-ტყის დატვირთვაზე ვმუშაობდით, ახლა ყველა ბიზნესმენს თავის მუშები ჩამოჰყავს", - ამბობს გაგრიდან დევნილი ავთანდილ მუშკუდიანი.

იციან კი, რა ხდება აფხაზეთში, რა მდგომარეობაშია მათი სახლები? აქვთ კონტაქტი იქაურ მეზობლებთან? – ამ შეკითხვის პასუხად ავთანდილ მუშკუდიანი პატარა ისტორიას გვიამბობს:

,,გაგრიდან ჩვენი მზობელი აფხაზები დაგვიკავშირდნენ. ახლა ისინი ჩვენს სახლში ცხოვრობენ, და საფლავების გადატანის ნებართვა გვთხოვეს, ბავშვებს ეზოში გასვლის ეშინიათო. ეზოში ჩემი მშობლები არიან დასაფლავებულები. ჩვენ უარი შეუთვალეთ. მერე ისევ ნაცნობების საშუალებით გავიგეთ, რომ საფლავებისთვის ხელი არ უხლიათ".

,,ბიძაჩემი ტყვარჩელში იყო ახლობლის დასაფლავებაზე წასული. თამადა აფხაზი იყო, მაგრამ სუფრა ქართულად მიჰყავდა, ჩვენც რომ გაგვეგოო", - გვიყვება ბიძის ნაამბობს თამარი.

16 წლის დათო სოხუმელია. ის ერთი წლის იყო, როცა მშობლებმა სოხუმი დატოვეს, თუმცა მათი მოგონებები სოხუმზე იმდენად მძაფრად მოქმედებდა, რომ დათომ გადაწყვიტა, იქ, სოხუმში დარჩენილთათვის როგორმე ხმა მიეწვდინა. ინტერნეტით, გაცნობის საძიებელში სოხუმი და ასაკი მიუთითა და რამდენიმე სოხუმელი თანატოლი გაიცნო. საუბარი რუსულად მიდიოდა. თავიდან ჩვეულებივი საუბრები იყო, სად ცხოვრობ, რა თამაშები გიყვარს. მერე დათო სახლში ყვებოდა, რომ აფხაზ ბიჭებს ელაპარაკებოდა; რომ ისინი დათოს დედის საყვარელ გასასეირნებელ ადგილას - ,,მიმოზოვაია როშაში" ყოველ საღამოს დადიოდნენ.  

,,ხომ ვიცოდი, სოხუმში რა ადგილასაც ვცხოვრობდი და ჩემი აფხაზი მეგობარი ჩემი მეზობელი აღმოჩნდა. მან შემატყობინა, რომ ჩემი სახლი არ დანგრეულა, ისევ დგას, დედამისი ჩვენს ეზოში დარგულ მიმოზებსაც უვლის. სახლის კედელზე ამოტვიფრული ჩემი დაბადების მაუწყებელი წარწერაც ისევ ისეა თურმე შენახული. იმ საღამოს სახლში თითქმის არ გვიძინია. მამაჩემი და დედაჩემი გადარეულები იყვნენ... ახლა უკვე სახლის ფოტოებსაც მიგზავნის”, - გვიამბობს დათო.

ასეთი უშუალო კონტაქტები ყოფილ მეზობლებთან სხვებს არ აღმოაჩნდათ, თუმცა აფხაზებთან ურთიერთობაზე ყოველი მათგანი საუბრობს.

,,ერევანში ვიყავით ბანაკში. ქართველ გოგოს და აფხაზ ბიჭს ერთმანეთი შეუყვარდათ. ძალიან გამიხარდებოდა, ცოლადაც რომ მოეყვანა, მაგრამ წამოვედით და როგორ დამთავრდა მათი ურთიერთობა, ნამდვილად აღარ ვიცი", - გვიყვება თამარი.


,,ოჩამჩირიდან ვარ. შვიდი წლის ვიყავი, როცა წამოვედით. ბაღი მახსოვს, პლაჟი... ადრე აზრადაც არ მომსვლია, ახლა კი მინდა, რომ ჩემს აფხაზ თანატოლებს შევეხმიანო. ალბათ ასაკის ბრალია. სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს", - ამბობს 22 წლის თამარი.

,,ახალგაზრდებს უფრო შეუძლიათ დაახლოება. ახალი თაობა უნდა დამეგობრდეს",

- მიაჩნია გალიდან დევნილ ლადო ბაბუას.

16 წლის მარიამს აფხაზეთი არ ახსოვს, ყველაფერი მშობლების მოგონებით იცის. ისიც ლადო ბაბუას მსგავსად ფიქრობს.

,,ტკივილებს დრო აყუჩებს, თუმცა არ აქრობს. დიდებს ეს ტკივილიანი მოგონებები ისევ აქვთ. ამ მხრივ კი ჩვენ, ახალგაზრდებს უფრო შეგვიძლია დავმეგობრდეთ და ურთიერთობა ავაწყოთ", - ამბობს ის.

,,15 წელიწადია, აქ ვარ. სოხუმის დაცემის მესამე დღეს წამოვედი. ჩემს მეგობარ აფხაზთან, ემზართან ურთიერთობა მაქვს. ძმაკაცს მობილურით ვეხმიანები, ვიხსენებთ ძველ ამბებს. რუსები და გერმანელები შერიგდნენ და ჩვენ როდის ვიქნებით ისევ ერთადო, ვამბობთ ორივე", - საუბრობს გალიდან დევნილი 57 წლის ოთარ ქემერტელიძე.

ჟუჟუნა ლომიძე სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთის მკვიდრია. მან სოხუმი 1993 წლის 19 სექტემბერს ორ შვილთან ერთად დატოვა, იქ მეუღლე და ინვალიდი მული დარჩა.

,,მეუღლე ჩემი წამოსვლიდან მესამე დღეს გარდაიცვალა, აფხაზმა მეზობლებმა ჩვენსავე ეზოში დაასაფლავეს. ინვალიდ მულს კი აფხაზი და სომეხი მეზობელი უვლიდა. ისიც გარდაიცვალა და მეზობლებმა ეზოში დაკრძალეს”, - ამბობს ჟუჟუნა ლომიძე.

მან ასეთი ამბავიც გაიხსენა: ,,ჩემმა თანასოფლელმა ექიმმა გოგომ მუშაობა თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო. არანაირი საბუთი არ ჰქონდა. სოხუმიდან შრომის წიგნაკი და ყველა საჭირო დოკუმენტი გადმოუგზავნეს. თან ეს გააკეთა აფხაზმა ქალმა, რომელსაც ომში შვილი დაეღუპა”. 

26 წლის გიორგიმ კი, გალში დარჩენილ აფხაზ მეგობართან კონტაქტის გაბმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 

,,12 წლის ვიყავი, როცა გალიდან წამოვედი. აფხაზი მეგობარი მყავდა და ახლა ვერ მივაკვლიე. ვეძებე, ვეძებე და მითხრეს, უკრაინაშია წასულიო”, - გვითხრა გიორგიმ.

დევნილების არც ერთ თაობას სანატორიუმში ცხოვრება არ მოსწონს. არ უნდათ, რომ დევნილები ერქვათ და ზღვა ტელევიზორში ნახონ. ყველა დაბრუნებაზე ოცნებობს.

22 წლის თამარის ოცნება: ,,ოჩამჩირის რაიონში, სოფელ კოჩარაში ისევ ისეთი ცხოვრება აეწყოს, როგორიც ბავშვობაში მქონდა". 

ლადო ბაბუას ოცნება: ,,ჩემს სოფელ აგუძერაში დავიმარხო".

Комментариев нет:

Отправить комментарий