вторник, 7 сентября 2010 г.

რეპორტაჟი ხოსპიოდან




ხოსპიო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის უძველესი სოფელია. წარსულის სიამაყე და აწმყოს პრობლემები. 

ხოსპიო დღეს
აპრილი დაიწყო, თუმცა აქ მაინც სუსხია. ასეთ ამინდს აქაურები მიჩვეულები არიან, ამიტომაც სოფლის ორღობეებში ბავშვები დარბიან, ან ფოტოაპარატის წინ პოზირებენ, ან ექვსი გაკვეთილის შემდეგ მუხლის გაშლა და სილაღე მოუნდათ.

თოვს, თანაც ქარი ქრის. ირგვლივ მთებია დათოვლილი, არადა, იმერეთში უკვე ტყემალი ყვავის და აქაურები ეკრანზე გამოჩენილ ამწვანებულ მინდვრებს შურით უცქერიან.

სახლებს ერთმანეთისაგან ქვებით აშენებული ნახევარმეტრიანი გამყოფებით მიხვდები, რომ აქ სხვადასხვა ოჯახები ცხოვრობენ.

დიდი ყორის ქვები, უზარმაზარი თივის ზვინები, დაბალი სახლები და მიწაში ნახევრად ჩაფლული მიწურები სახურავზე გამხმარი ბალახით, ასეთია ხოსპიო თვალის ერთი შევლებით.

სოფელში ადგილობრივების განცხადებით, ორი წყაროა და სოფელიც წყალს იქიდან ეზიდება. უმეტესობას აქ ჭები აქვს.

ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება

სოფელი ქართულ-სომხურ-ბერძნულია. სკოლა ქართულ-სომხური.

ხოსპიოს დიდი ისტორია აქვს.

,,ხოსპიო ისტორიაში მოხსენიებულია პომპეუსის დროს, ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში. 65 წელს, როცა პომპეუსი მიდის მცხეთის დასალაშქრავად, მაგ დროს საგზაო რუკებში არის მოხსენიებული კასპია, რაც ისტორიკოსების აზრითYარის ხოსპიო”, - ამბობს ისტორიკოსი, სოფელ ხოსპიოს მკვიდრი როინ ყავრელიშვილი.

სოფელში მეთერთმეტე საუკუნეში აგებული წმინდა გრიგოლის სახელობის ეკლესია დგას, სადაც მართლმადიდებელი ქართველები დადიან.

სოფელში ძველი ჯამეცაა, მუსლიმი ქართველების სალოცავი.

,,ხოსპიო ფალავანდიშვილების რეზიდენცია იყო, ახალქალაქის სანჯაყ ბეგებისა. უკანასკნელი ფალავანდიშვილი მუთიბეგ ფალავანდიშვილი იყო, რომელიც ხოსპიოში მუსლიმანთა სასაფლაოზე არის დაკრძალული~, - საუბრობს როინ ყავრელიშვილი.

სოფლის სომხური მოსახლეობა გაღმა სოფელში - მარტუნში მდებარე ეკლესიაში დადის.

,,გურჯისტანის ვილაიეთის დავთარში აღნიშნულია დიდი და პატარა ხოსპიო. პატარა ხოსპიო არის ის, რასაც რევოლუციონერი მარტუნის სახელი ეწოდა, რომელმაც ორი სოფლის დასაკავშირებლად ხიდი გააკეთა და მის საპატივცემულოდ დაარქვს სოფელს მარტუნი”, - აღნიშნავს როინ ყავრელიშვილი.

ხოსპიოს მთაზე სალოცავია, რომელსაც ქართველები ,,წერობას~, ხოლო სომხები ,,სრფინ სარს” ეძახიან, რაც ქართულად სალოცავ მთას ნიშნავს. მთაზე სალოცავად ქართველებიც დადიან და სომხებიც.


ქალი სოფელში

ორი შვილის დედა თამილა მაისურაძე, მეზობელი სოფელ ოკმიდან ხოსპიოშია გათხოვილი. ის ქართულ-სომხურ საბაზო სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. დილის რვა საათიდან საღამოს შვიდ საათამდე სკოლას ალაგებს და ხელფასს 46 ლარს იღებს.

,,ეს ფული არაფერში არ მყოფნის, ამიტომაც ჩემი მიწის დამუშავების შემდგ სხვის მიწას ვთოხნი. ძალიან დამღლელია თოხნა, მაგრამ ყოველდღიურად გვიხდიან, ბევრს არაფერს, მაგრამ სხვა რა გზაა”, - გვეუბნება ის.

ამავდროულად, თამილას სახლშიც გამოულევლად აქვს საქმე.

,,ერთი ძროხა მყავს, მარა არც ამით გამოდის რამე. ნორმალურად ცხოვრობს ის, ვისაც კარგი სამსახური აქვს. მიწით და საქონლით წელში ვერ გაიმართები”, - ამბობს ის.

ხოსპიოში ქალს მართლაც უამრავი საქმე აქვს. 46 წლის მარტა ღრმაჯიანიც
ხოსპიოს მკვიდრია.

,,არაფერი ჩვენთვის არ არის. გატანჯულები ვართ და ძაღლურად ვცხოვრობთ”, - ამბობს მარტა ღრმაჯიანი და დაკოჟრილ ხელებს წინსაფარში მალავს.


,,მარჩენალი კარტოფილი~

სოფელ ხოსპიოში ძველ მიწურებს ადგილობრივები კარტოფილის შესანახად იყენებენ.

,,აქ ადრე ოჯახი ცხოვრობდა. ერთ მხარეს, რამდენიმე ოთახში თვითონ იყვნენ, მეორე მხარეს საქონელი ჰყავდათ”, - მიხსნის ადგილობრივი ნური ვახტანგიშვილი.

ახლა ორივე მხარეს კარტოფილი ყრია. კარტოფილის გორები ჭერს წვდება.

,,აქ 40 ტონა კარტოფილია. ლპება, აბა სად წავიღოთ”, - გამწარებული ტონი გასდევს ნური ვახტანგიშვილის საუბარს.

,,ჩემს ახლობელს გორში ხუთი ტონა კარტოფილი ჰქონდა წაღებული, ვერ გაყიდა და იქვე დაყარა. ნათესავებს დაუბარა, რაც გინდათ ის უქენითო. გაწამდა კაცი, თორემ ასე როგორ მოიქცეოდა. ამ კარტოფილით ვირჩენთ თავს, მოგვშივდება, შევჭამთ და ვართ ასე~, - ამბობს ნური ვახტანგიშვილი.

,,გლეხებს შველა უნდათ”, - ამბობენ აქაურები და აცხადებენ, რომ საქართველომ სხვა ქვეყნებიდან კარტოფილი არ უნდა მიიღოს.

,,კარტოფილი, რომელიც ჩვენთან იყიდება, ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოდის. კარგად გასუფთავებული და სასუქიანი. ხალხიც იმას ყიდულობს. აქ კი ასობით ტონა ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი ხალხს ულპება”, - გვითხრა ჯივან თარზიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება სოფლის მოსახლეობას ეკონომიკური კრიზისის დროს მაინც უნდა დაეხმაროს.

,,ფინანსური მხარდაჭერა უნდა იყოს ხელისუფლებისაგან, რომ გადავრჩეთ. ახლა სამუშაო სეზონი იწყება და კარგი იქნება, საწვავით, სასუქით თუ დაგვეხმარებიან. სოფლის მეურნეობას შველა უნდა”, - ამბობს ჯივან თარზიანი.

ვასიკო ჭილაძეც მიწათმოქმედებას მისდევს და კარტოფილი მოჰყავს, პრობლემა მისთვისაც მოწეული პროდუქტის რეალიზაციაა.

,,დაახლოებით 10 ტონამდე კარტოფილი მომყავს. ვერსად ვერ გავყიდე. სოფელში ჩემნაირი უამრავია, ზოგს 10 ტონა ულპება, ზოგსაც 20~, - ამბობს ის.

მიწურში დამპალი კარტოფილის მძიმე სუნი დგას, ნახევრად ბნელა. თეთრღერომოკიდებული კარტოფილი ლპობის პირასაა.

მიწურის შესასვლელში სამი ქალი კარტოფილს არჩევს. ისინი არ მელაპარაკებიან და საქმეს განაგრძობენ. ტალახიანი კარტოფილის გადარჩევისას ხელებიც გაშავებული აქვთ, მუხლებზე დგანან და კარტოფილს ხარისხის მიხედვით სხვადასხვა ტომრებში ათავსებენ.

,,სათესლე კარტოფილს არჩევენ”, - მიხსნის ნური ვახტანგიშვილი.

ადგილობრივები გამოსავალს ვერაფერში ხედავენ.

,,შეიძლება ჩვენმა მთავრობამ იმ დონემდე მიგვიყვანოს, რომ მანქანა დავტვირთო კარტოფილით, პარლამენტის წინ დავყარო...~, - კატეგორიულია ნური ვახტანგიშვილი.

- რა ჰქვია თქვენს გაზეთს? მეკითხება ბოლოს. - ,,სამხრეთის კარიბჭე”, - ვპასუხობ მე. კარიბჭე, რომელიც დაკეტილია, ამბობს ის და მშორდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий