ავკარგიანობის განხილვა ,,პაზიკში. "
ავტობუსი ყვითელია, ოღონდ არა ,,ბოგდანის” ტიპის, ახლა მასიურად რომ დადის თბილისის ქუჩებში, არამედ ძველი, როგორც აქაურები ეძახიან, ,,პაზიკი” - სანახევროდ დაკეტილი ფანჯრებითა და ტყავგადახეული, მორყეული სკამებით. ავტობუსში ცივა. ,,პაზიკი” ადიგენის გზაზე მიდის. ფარეხის გაკეთებული ტრასა მალევე დამთავრდა და ბენარის გადასახვევიდან, ღრმულებიანი გზის დასაწყისისთანავე ავტობუსის უკანა მხარეს ერთმანეთზე დაწყობილი ფქვილისა და ქატოს ტომრების წყება თანდათან დაიშალა.
,,ამ გზას ხომ არ დაადგა საშველი”, - უკმაყოფილო ხმა გაისმა უკანა მხრიდან. წინა რიგებში რატომღაც სულ ქალები სხედან, მათ თავი უკან მიაბრუნეს და ფრაზის ავტორი შეათვალიერეს.
,,მერე, რატომ არ აკეთებს შენი ხელისუფლება?”- კითხვა დასვა შავებში ჩაცმულმა ქალბატონმა.
-,,გააკეთებს, დააცადეთ!"
- ,,არ აგიდგათ ისე გვერდები”, - იმერულად მოუქცია ჭრელთავსაფრიანმა მოხუცმა, რომელსაც მუხლებზე უზარმაზარი ჩანთა ედო და ძირს არაფრით არ დებდა.
- ,,აბასთუმნის გზა არ გაკეთდა? რა დაუნახავები ხართ ხალხნო!" - ხმამაღლა თქვა ფეხზე მგდომმა მამაკაცმა და ცალი ხელით მაღლიდან დაცურებული ფქვილის ტომარა შეაჩერა.
- ,,იჯაყჯაყე ამ ავტობუსით ყოველდღე და იმედი თუ გექნება, ან რამეს თუ დაინახავ, მერე გვითხარი”, - გაკაპასდა უცებ შავებში ჩაცმული ქალი.
- ,,გამოცვლიან მალე ამ ავტობუსსაც. შენს ოჯახში ვერ მოგიგვარებია კაცს საქმე სწრაფად და ეს სახელმწიფოა, ნელ-ნელა ყველაფერი მოწესრიგდება”, - დაზეპირებულივით წარმოთქვა ფეხზე მდგომმა მამაკაცმა, რომელსაც ცალი მკლავი ფქვილისგან უკვე მთლად გათეთრებოდა.
- ,,ჩემი ოჯახის საქმეს შენ არავინ გეკითხება!" – გაწიწმატდა შავებში ჩაცმული ქალი.
- ,,სიტყვის მასალად ვიხმარე, ქალბატონო, აბა, თქვენი ოჯახი რა ვიცი”, - დაიბნა კაცი.
- ,,ხოდა, შენნაირები არიან იქაც და ვინ რას გაგვიკეთებს” – მაინც არ დათმო ქალმა და სიტყვა ,,იქაზე” რატომღაც თითი მაღლა ასწია.
- ,,კაი, გაჩერდი!” - სახელოზე მოქაჩა მას გვერდით მჯდომა ბავშვიანმა ქალმა.
- ,,რა გვიქნა ამ ხელისუფლებამ, არ გადაგვკიდა ხალხი ერთამანეთს?!” - ამოიხვნეშა ხმამაღლა მანდარინის პარკიანმა კაცმა.
მძღოლმა მაგნიტოფონს აუწია. გაყინული მინები უარესად დააზრო მომღერლის გამყინავმა ხმამ - ,,სამი დალიეეეეეეეე....’’
- ,,გემოვნებასაც გვიქვეითებენ”, - ცხვირი აიბზუა ისევ შავებიანმა ქალმა.
- ,,თქვენ ოპოზიცია ხართ?”, - ერთადგილიანი სკამიდან პატარა გოგომ ცნობისმოყვარეობა ვერ დაფარა.
- ,,როგორ გეკადრებათ!" - დაიძახა ქალმა და აქეთ–იქით გაიხედა.
- ,,ხმა ვის მიეცით?” - ისევ ვერ მოისვენა პატარა გოგომ.
- ,,ხუთ ნომერს”, - ხმამაღლა გამოაცხადა ქალმა, რასაც აქა-იქ ჩუმი ჩაფხუკუნება და გაბედულების მხრიდან ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.
- ,,არ აგიდგა ისე გვერდები”, - გაიმეორა ნაცნობი ფრაზა ჭრელთავსაფრიანმა მოხუცმა.
- ,,შენ ვის მიეცი ხმა”, - ქალი გოგოს მიუბრუნდა.
- ,,მე ჯერ 17–ის არ ვარ”, - თინეიჯერმა ყურსასმენი მოიხსნა და ქალს გაუღიმა.
- ,,ვისი ხარ?”, - არ ეცნოთ გოგო მგზავრებს. გოგომ უპასუხა.
- ,,აააა, აკაკის გოგო ხარ?"
- ,,დიახ ბებოსთან ჩამოვედი საახალწლოდ”.
- ,,საიდან ჩამოხვედით?”, - იკითხა ჭრელთავსაფრიანმა ქალმა.
- ,,საბერძნეთიდან”
- ,,აბა, ჭკვიანი აქ როგორ გაჩერდება. ვინც თავს უშველა, საზღვარგარეთ წავიდა, - ისევ გააქტიურდა შავებში ჩაცმული ქალი - გაიკრიფა ხალხი აქედან. ამათ ჰგონიათ, სახელმწიფოს ვაშენებთო”.
- ,,ნატოში შევალთ და გვეშველება”, - გაისმა უცხო ხმა.
- ,,ნატო და მაგდანა უშველის ჩვენ აბურდულ ცხოვრებას?"– ენაკვიმატობს იმერელი მოხუცი.
ავტობუსი ადიგენს უახლოვდება.
- ,,აგერ, წარწერა ხომ გაგვიკეთეს და მალე გზასაც დაგვიგებენ”, - იმედს არ კარგავს ფქვილისგან უკვე მთლად შეთეთრებული მამაკაცი.
- ,,ჩადის აქ ვინმე?" – მძღოლის ხმამაღალმა დაძახებამ მგზავრები გამოარკვია.
- ,,გააჩერე! გააჩერე!” - გაიღვიძა მთელი გზის განმავლობაში მთვლემარე სვანურქუდიანმა მოხუცმა და მუხლებზე დაყრდნობით ნელ-ნელა წამოდგა - ,,გევიყინე კაცი, რას გვიშობა ეს მთავრობა?” – თქვა და ავტობუსი დატოვა.
- ,,შოფერ, აქ გამიჩერე! - სამოცწლამდე მიღწეული მამაკაცი ქატოთი სავსე ტომრით ავტობუსიდან ჩავიდა.
,,შოფერმა” მგზავრები ჭიშკარ-ჭიშკარ დაარიგა. დაცარიელებულ ,,პაზიკში” უარესად აცივდა. მძღოლმა მადარინის კანით, კანფეტების ქაღალდებითა და მზესუმზირის ნარჩენებით გადავსებულ ავტობუსს მოხედა, გემრიელად შეიკურთხა და დაამატა - ,,რა ხალხიცაა, ისაა მთავრობაც”.
krutaa!!!! bravoooooooo
ОтветитьУдалить