вторник, 2 декабря 2014 г.

შეხვედრა ჟურნალისტთან

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს ახალციხის ცენტრის სპეციალისტების მიერ ორგანიზებული შეხვედრა ჟურნალისტსა და მოსწავლეებს შორის საინტერესოდ წარიმართა.


ვალის სკოლები, ისევე როგორც მთლიანად დაბა  აღსადგენ-გასარემონტებელ-ასაშენებელია.  თაობა რომელიც ახლა ამ სკოლების,  გასალესი კედლების მიღმა განათლებას იღებს ფიქრობს,  რომ  მათ შვილებს  ,,ძაან, ძაან მაგარ სკოლაში მოუწევთ სიარული“.  ამისათვის კი ისინი რას აკეთებენ? - ,, ვსწავლობთ, ვკითხულობთ“, - გვპასუხობენ  ბავშვები.

ირეკება ზარი, კიბეებზე ყიჟინით  დაშვებული მოზარდების დანახვაზე გახსენდება ბავშვობა და  ცარცის სუნიც ცხვირში სასიამოვნოდ გიყიტინებს.
ნოემბრის  ერთ  დღეს,  მეექსვე გაკვეთილის შემდეგ ვალის პირველი  და მეორე საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებს ჟურნალისტი, გულო კოხოძე შეხვდა.

,,პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილებთან ერთად ექსკურსიები და გაფართოებული შეხვედრები მოსწავლეებისთვის საინტერესო პროფესიის ადამიანებთან.

სკოლის მოსწავლეებს  როცა ვკითხეთ თუ რომელი პროფესიის ადამიანთან  ისურვებდნენ   საუბარს უმრავლესობამ თქვა ჟურნლისტი.   არჩევანი გულო კოხოძეზე შევაჩერეთ, რომელიც თუ არ ვცდები ათ წელზე მეტია ჟურნალისტიკას ემსახურება. საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს და წლების  განმავლობაში გაზეთის ,,სამხრეთის კარიბჭის“ რედაქტორიც იყო. ასევე რედაქტორობდა სამენოვან (ქართული, რუსული, აზერბაიჯანი) გაზეთს ,,ფესვები“.  გამომდინარე პროფესიული წარსულიდან  მივიჩნიეთ რომ  ბავშვებისთვის მასთან შეხვერდა მართლაც საინტერესოდ წარიმართებოდა“, - გვითხრა პროფორიენტაციის სპეციალისტმა, ნინო ზუმბაძემ.

მეცხრეკლასელები გაკვეთილების დასრულებას სულმოუთქმელად ელოდნენ. იყო ბევრი კითხვა.
-         რატომ გინდოდათ ჟურნალისტი გამოსულიყავით?
-         მოიწონეს თუ არა მშობლებმა თქვენი არჩევანი?
-         ყველაზე საინტერესო სტატია;
-         სტატია რომელიც თვლით რომ თქვენი სიამაყეა;
-         რა რჩევას მოგვცემდით პროფესიის არჩევისას?
-         როგორ უნდა გახდე წარმატებული;

,,აქტიურები, ემოციურები, ჭკვიანები, ამბიციურები და საოცრად ლაღი ბავშვები შემხვდნენ. უფრო ადვილია შენ დასვა კითხვები და პასუხებს დაელოდო, თუმცა მომიწია პასუხების გაცემა. თავიდან თითქოს შებოჭილები იყვნენ, მაგრამ შემდეგ გაიხსნენ და კითხვების დასმას არ აცლიდნენ ერთამანეთს. ვფიქრობ, რომ შეხვედრებმა ტრადიციული ხასიათი უნდა მიიღოს და მოსწავლეებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეხვდნენ და ერთმანეთს ინტერესები გაუზიარონ. ეს ბავშვებს ნამდვილად ჭირდებათ“, - თქვა ჟურნალისტმა, გულო კოხოძემ.

Комментариев нет:

Отправить комментарий