четверг, 30 сентября 2010 г.

,,გეტრები” - დან დღემდე

დღეს ,,გეტრების” ჩაცმა მომინდა. ჩავიცვი კიდეც, ხასხასა ვარდისფერი, წითელში გადასული. კაბა მუხლს ქვემოთ და სამსახურში წამოვედი. ყველა ფეხებზე მიყურებდა, არავინ სახეზე. ახლა ,,Moonlight Sonata” უსმენ და ვწერ.  ამ მუსიკაზე სკოლის პერიოდი მახსენდება. ამოვიდოდნენ თუ არა ჩემთან, ჩემი კლასელები, იცოდნენ თუ არა,  მუდამ ამ მუსიკას აკაკუნებდნენ პიანინოზე. უფრო სწორად როგორც ბებიაჩემი ამბობდა ,,უშნოდ უპარტყუნებდნენ”.  ერთი ,,უბარტყუნებდა”, დანარჩენი სავარძელში ჩასვენებულები, პიანინოს მიყუდებულები და სკამზე ნახევრად გადაწოლილები, თვალებდახუჭულები უსმენდით. იმ პერიოდში მიყვარდა. (დედააა, ამხელა ქალი ვარ და სახელს ახლაც არ ვამხელ:))  ვეპრანჭებოდი ,,უგერგილოდ”, ამასაც ბებიაჩემი მეუბნებოდა:)  ბაბუას აზრით ჩემის შესაფერისი ამ ქვეყნად არ დადიოდა:)  

,,გეტრებიდან” დავიწყე, ანუ დილიდან. ახლა 6 -ის ათი წუთია. დეიდუნის და ნინიკოს დავპირდი ჩამოვალ ნამცხვარი გავაკეთოთ -თქო. ორი სტატია მაქვს დასაწერი, მეზარებაა! ! ! წუხელ ელავდა, სახლში მარტო ვიყავი, გულაღმა ვიწექი, აივნის კარი ღია მქონდა, ვერ დავიძინე. მერე გამასხენდა რაღაც ახალი ფილმი რომ ჩავწერე, მოვეწყე გემრიელად მელოდრამის საყურებლად, თურმე შემშლია, მიუზიკლი გადმომიწერია  რაღაც. არ ვიყავი ამ ნოტაზე და ნიკაპამდე საბანაფარებულმა ისევ ელვას დაუწყე ლოდინი. ჩამეძინა ალბათ, რადგან დილით მილებში წყლის ფართხუნმა გამაღვიძა:)

,,გეტრებიდან” დავიწყე. ახლა თეთრი ,,გეტრები” არ მაქვს, ბავშვობაში უამრავი მქონდა, სამაგიეროდ ბავშვობა მქონდა ათასფერი. ახლა სულ ფერადი ,,გეტრები” მაქვს, დღეები კი . . .)    

вторник, 28 сентября 2010 г.

ნატვრების ასახდენად ვიყავ

ორი წლის ოცნება ამიხდა. გერგეთის სამება ვნახე! ! ! წვიმაც იყო, ქარიც, სიცივეც, ტალახიც, ნისლიც, დაღლაც, აღმართებიც, მაგრამ როცა გავივაკეე  და გერგეთის სამება დავინახეეეე 







 

среда, 22 сентября 2010 г.

,,GREY'S ANATOMY”, ცივი ზამთარი და ტკბობა

GREY'S ANATOMY - უკვე მერამდეორი წლის წინ გადიოდა მგონი პირველ არხზე, ზამთარში. მაშინ მარტო სამზარეულოს ვათბობდი, იქ მქონდა ყველაფერი მოწყობილი. ტელევიზორი, რადგან დიდად არ ვწყალობდი მისაღებში დარჩა. მერე ეს ფილმი რომ დაიწყოოოოოო. სამზარეულოსა და მისაღებს შორის მინის კარებია, ხოდა ყოველ დღე, მე სამზარეულოში, მინის კარებიდან უყურებდი ფილმს, ბოლო ხმაზე აწულს, დახურული კარებიდან, რომ კარგად გამოსულიყო ხმა.

GREY'S ANATOMY - და გათანგვაა

GREY'S ANATOMY - უკვე მერამდენედ ვუყურებ. ორი წლის წინ გადიოდა მგონი პირველ არხზე, ზამთარში. მაშინ მარტო სამზარეულოს ვათბობდი, იქ მქონდა ყველაფერი მოწყობილი. ტელევიზორი, რადგან დიდად არ ვწყალობდი მისაღებში დარჩა. მერე ეს ფილმი რომ დაიწყოოოოოო. სამზარეულოსა და მისაღებს შორის მინის კარებია, ხოდა ყოველდღე, მე სამზარეულოში, მინის კარებიდან ვუყურებდი ფილმს, ბოლო ხმაზე აწეულს, დახურული კარებიდან, რომ კარგად გამოსულიყო ხმა.

суббота, 11 сентября 2010 г.

Staff ხვალ გადის:)


ახალქალაქი -ნინოწმინდას დალაშქვრას ვაპირებთ.

მთავარია არ იწვიმოს.

იმედია ბევრ ფოტოებს გადავიღებ. 

,,ჩემო ბევროს” ვნახავ, - ასე მეძახის ქრისტინა. ქრისტინა ,,სამხრეთის კარიბჭის” სომეხი ჟურნალისტია. 

და როგორც ჩემი ანანო იყტვის ხოლმე წვიმისა და ქარის დედოფალოო არ გამოჩნდე ხვალ რაააააა. 

ფოტოზე, აბულის მთაა გამოსახული, რომელიც ახალქალაქის რაიონშია. ხვალ ვნახავ აბულის მთებს და აბულის ციხე-სიმაგრეს  (მთა მცირე აბული ზღვის დონიდან 2799 მ. ხოლო დიდი აბული-3300 მ.)


среда, 8 сентября 2010 г.

,,დრო, დროზე ჩქარა მიქრისს”


 412  თვის წინ,

1791  კვირის წინ,

1254 2 დღის წინ,

301008  საათის წინ

18060531  წუთის წინ

10 83631918  წამის წინ - დავიბადეეეეეეეეე:)

ჩემი მომდევნო დაბადების დღე არის 241 დღის 10 სათის 8 წუთისა და 30 წამის შემდეგ. აბააააააა

вторник, 7 сентября 2010 г.

რეპორტაჟი ხოსპიოდან




ხოსპიო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის უძველესი სოფელია. წარსულის სიამაყე და აწმყოს პრობლემები. 

ხოსპიო დღეს
აპრილი დაიწყო, თუმცა აქ მაინც სუსხია. ასეთ ამინდს აქაურები მიჩვეულები არიან, ამიტომაც სოფლის ორღობეებში ბავშვები დარბიან, ან ფოტოაპარატის წინ პოზირებენ, ან ექვსი გაკვეთილის შემდეგ მუხლის გაშლა და სილაღე მოუნდათ.

თოვს, თანაც ქარი ქრის. ირგვლივ მთებია დათოვლილი, არადა, იმერეთში უკვე ტყემალი ყვავის და აქაურები ეკრანზე გამოჩენილ ამწვანებულ მინდვრებს შურით უცქერიან.

სახლებს ერთმანეთისაგან ქვებით აშენებული ნახევარმეტრიანი გამყოფებით მიხვდები, რომ აქ სხვადასხვა ოჯახები ცხოვრობენ.

დიდი ყორის ქვები, უზარმაზარი თივის ზვინები, დაბალი სახლები და მიწაში ნახევრად ჩაფლული მიწურები სახურავზე გამხმარი ბალახით, ასეთია ხოსპიო თვალის ერთი შევლებით.

სოფელში ადგილობრივების განცხადებით, ორი წყაროა და სოფელიც წყალს იქიდან ეზიდება. უმეტესობას აქ ჭები აქვს.

ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება

სოფელი ქართულ-სომხურ-ბერძნულია. სკოლა ქართულ-სომხური.

ხოსპიოს დიდი ისტორია აქვს.

,,ხოსპიო ისტორიაში მოხსენიებულია პომპეუსის დროს, ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში. 65 წელს, როცა პომპეუსი მიდის მცხეთის დასალაშქრავად, მაგ დროს საგზაო რუკებში არის მოხსენიებული კასპია, რაც ისტორიკოსების აზრითYარის ხოსპიო”, - ამბობს ისტორიკოსი, სოფელ ხოსპიოს მკვიდრი როინ ყავრელიშვილი.

სოფელში მეთერთმეტე საუკუნეში აგებული წმინდა გრიგოლის სახელობის ეკლესია დგას, სადაც მართლმადიდებელი ქართველები დადიან.

სოფელში ძველი ჯამეცაა, მუსლიმი ქართველების სალოცავი.

,,ხოსპიო ფალავანდიშვილების რეზიდენცია იყო, ახალქალაქის სანჯაყ ბეგებისა. უკანასკნელი ფალავანდიშვილი მუთიბეგ ფალავანდიშვილი იყო, რომელიც ხოსპიოში მუსლიმანთა სასაფლაოზე არის დაკრძალული~, - საუბრობს როინ ყავრელიშვილი.

სოფლის სომხური მოსახლეობა გაღმა სოფელში - მარტუნში მდებარე ეკლესიაში დადის.

,,გურჯისტანის ვილაიეთის დავთარში აღნიშნულია დიდი და პატარა ხოსპიო. პატარა ხოსპიო არის ის, რასაც რევოლუციონერი მარტუნის სახელი ეწოდა, რომელმაც ორი სოფლის დასაკავშირებლად ხიდი გააკეთა და მის საპატივცემულოდ დაარქვს სოფელს მარტუნი”, - აღნიშნავს როინ ყავრელიშვილი.

ხოსპიოს მთაზე სალოცავია, რომელსაც ქართველები ,,წერობას~, ხოლო სომხები ,,სრფინ სარს” ეძახიან, რაც ქართულად სალოცავ მთას ნიშნავს. მთაზე სალოცავად ქართველებიც დადიან და სომხებიც.


ქალი სოფელში

ორი შვილის დედა თამილა მაისურაძე, მეზობელი სოფელ ოკმიდან ხოსპიოშია გათხოვილი. ის ქართულ-სომხურ საბაზო სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. დილის რვა საათიდან საღამოს შვიდ საათამდე სკოლას ალაგებს და ხელფასს 46 ლარს იღებს.

,,ეს ფული არაფერში არ მყოფნის, ამიტომაც ჩემი მიწის დამუშავების შემდგ სხვის მიწას ვთოხნი. ძალიან დამღლელია თოხნა, მაგრამ ყოველდღიურად გვიხდიან, ბევრს არაფერს, მაგრამ სხვა რა გზაა”, - გვეუბნება ის.

ამავდროულად, თამილას სახლშიც გამოულევლად აქვს საქმე.

,,ერთი ძროხა მყავს, მარა არც ამით გამოდის რამე. ნორმალურად ცხოვრობს ის, ვისაც კარგი სამსახური აქვს. მიწით და საქონლით წელში ვერ გაიმართები”, - ამბობს ის.

ხოსპიოში ქალს მართლაც უამრავი საქმე აქვს. 46 წლის მარტა ღრმაჯიანიც
ხოსპიოს მკვიდრია.

,,არაფერი ჩვენთვის არ არის. გატანჯულები ვართ და ძაღლურად ვცხოვრობთ”, - ამბობს მარტა ღრმაჯიანი და დაკოჟრილ ხელებს წინსაფარში მალავს.


,,მარჩენალი კარტოფილი~

სოფელ ხოსპიოში ძველ მიწურებს ადგილობრივები კარტოფილის შესანახად იყენებენ.

,,აქ ადრე ოჯახი ცხოვრობდა. ერთ მხარეს, რამდენიმე ოთახში თვითონ იყვნენ, მეორე მხარეს საქონელი ჰყავდათ”, - მიხსნის ადგილობრივი ნური ვახტანგიშვილი.

ახლა ორივე მხარეს კარტოფილი ყრია. კარტოფილის გორები ჭერს წვდება.

,,აქ 40 ტონა კარტოფილია. ლპება, აბა სად წავიღოთ”, - გამწარებული ტონი გასდევს ნური ვახტანგიშვილის საუბარს.

,,ჩემს ახლობელს გორში ხუთი ტონა კარტოფილი ჰქონდა წაღებული, ვერ გაყიდა და იქვე დაყარა. ნათესავებს დაუბარა, რაც გინდათ ის უქენითო. გაწამდა კაცი, თორემ ასე როგორ მოიქცეოდა. ამ კარტოფილით ვირჩენთ თავს, მოგვშივდება, შევჭამთ და ვართ ასე~, - ამბობს ნური ვახტანგიშვილი.

,,გლეხებს შველა უნდათ”, - ამბობენ აქაურები და აცხადებენ, რომ საქართველომ სხვა ქვეყნებიდან კარტოფილი არ უნდა მიიღოს.

,,კარტოფილი, რომელიც ჩვენთან იყიდება, ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოდის. კარგად გასუფთავებული და სასუქიანი. ხალხიც იმას ყიდულობს. აქ კი ასობით ტონა ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი ხალხს ულპება”, - გვითხრა ჯივან თარზიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება სოფლის მოსახლეობას ეკონომიკური კრიზისის დროს მაინც უნდა დაეხმაროს.

,,ფინანსური მხარდაჭერა უნდა იყოს ხელისუფლებისაგან, რომ გადავრჩეთ. ახლა სამუშაო სეზონი იწყება და კარგი იქნება, საწვავით, სასუქით თუ დაგვეხმარებიან. სოფლის მეურნეობას შველა უნდა”, - ამბობს ჯივან თარზიანი.

ვასიკო ჭილაძეც მიწათმოქმედებას მისდევს და კარტოფილი მოჰყავს, პრობლემა მისთვისაც მოწეული პროდუქტის რეალიზაციაა.

,,დაახლოებით 10 ტონამდე კარტოფილი მომყავს. ვერსად ვერ გავყიდე. სოფელში ჩემნაირი უამრავია, ზოგს 10 ტონა ულპება, ზოგსაც 20~, - ამბობს ის.

მიწურში დამპალი კარტოფილის მძიმე სუნი დგას, ნახევრად ბნელა. თეთრღერომოკიდებული კარტოფილი ლპობის პირასაა.

მიწურის შესასვლელში სამი ქალი კარტოფილს არჩევს. ისინი არ მელაპარაკებიან და საქმეს განაგრძობენ. ტალახიანი კარტოფილის გადარჩევისას ხელებიც გაშავებული აქვთ, მუხლებზე დგანან და კარტოფილს ხარისხის მიხედვით სხვადასხვა ტომრებში ათავსებენ.

,,სათესლე კარტოფილს არჩევენ”, - მიხსნის ნური ვახტანგიშვილი.

ადგილობრივები გამოსავალს ვერაფერში ხედავენ.

,,შეიძლება ჩვენმა მთავრობამ იმ დონემდე მიგვიყვანოს, რომ მანქანა დავტვირთო კარტოფილით, პარლამენტის წინ დავყარო...~, - კატეგორიულია ნური ვახტანგიშვილი.

- რა ჰქვია თქვენს გაზეთს? მეკითხება ბოლოს. - ,,სამხრეთის კარიბჭე”, - ვპასუხობ მე. კარიბჭე, რომელიც დაკეტილია, ამბობს ის და მშორდება.

რეპორტაჟი ,,პაზიკიდან”

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მთავარი სასაუბრო თემა პოლიტიკაა. ქვეყნის
ავკარგიანობის განხილვა ,,პაზიკში
. "


ავტობუსი ყვითელია, ოღონდ არა ,,ბოგდანის” ტიპის, ახლა მასიურად რომ დადის თბილისის ქუჩებში, არამედ ძველი, როგორც აქაურები ეძახიან, ,,პაზიკი” - სანახევროდ დაკეტილი ფანჯრებითა და ტყავგადახეული, მორყეული სკამებით. ავტობუსში ცივა. ,,პაზიკი” ადიგენის გზაზე მიდის. ფარეხის გაკეთებული ტრასა მალევე დამთავრდა და ბენარის გადასახვევიდან, ღრმულებიანი გზის დასაწყისისთანავე ავტობუსის უკანა მხარეს ერთმანეთზე დაწყობილი ფქვილისა და ქატოს ტომრების წყება თანდათან დაიშალა.


,,ამ გზას ხომ არ დაადგა საშველი”, -
უკმაყოფილო ხმა გაისმა უკანა მხრიდან. წინა რიგებში რატომღაც სულ ქალები სხედან, მათ თავი უკან მიაბრუნეს და ფრაზის ავტორი შეათვალიერეს.

,,მერე, რატომ არ აკეთებს შენი ხელისუფლება?”-
კითხვა დასვა შავებში ჩაცმულმა ქალბატონმა.

-,,გააკეთებს, დააცადეთ!"

- ,,არ აგიდგათ ისე გვერდები”, -
იმერულად მოუქცია ჭრელთავსაფრიანმა მოხუცმა, რომელსაც მუხლებზე უზარმაზარი ჩანთა ედო და ძირს არაფრით არ დებდა.

- ,,აბასთუმნის გზა არ გაკეთდა? რა დაუნახავები ხართ ხალხნო!" -
ხმამაღლა თქვა ფეხზე მგდომმა მამაკაცმა და ცალი ხელით მაღლიდან დაცურებული ფქვილის ტომარა შეაჩერა.

- ,,იჯაყჯაყე ამ ავტობუსით ყოველდღე და იმედი თუ გექნება, ან რამეს თუ დაინახავ, მერე გვითხარი”, -
გაკაპასდა უცებ შავებში ჩაცმული ქალი.

- ,,გამოცვლიან მალე ამ ავტობუსსაც. შენს ოჯახში ვერ მოგიგვარებია კაცს საქმე სწრაფად და ეს სახელმწიფოა, ნელ-ნელა ყველაფერი მოწესრიგდება”, -
დაზეპირებულივით წარმოთქვა ფეხზე მდგომმა მამაკაცმა, რომელსაც ცალი მკლავი ფქვილისგან უკვე მთლად გათეთრებოდა.

- ,,ჩემი ოჯახის საქმეს შენ არავინ გეკითხება!" –
გაწიწმატდა შავებში ჩაცმული ქალი.

- ,,სიტყვის მასალად ვიხმარე, ქალბატონო, აბა, თქვენი ოჯახი რა ვიცი”, -
დაიბნა კაცი.

- ,,ხოდა, შენნაირები არიან იქაც და ვინ რას გაგვიკეთებს” –
მაინც არ დათმო ქალმა და სიტყვა ,,იქაზე” რატომღაც თითი მაღლა ასწია.

- ,,კაი, გაჩერდი!” -
სახელოზე მოქაჩა მას გვერდით მჯდომა ბავშვიანმა ქალმა.

- ,,რა გვიქნა ამ ხელისუფლებამ, არ გადაგვკიდა ხალხი ერთამანეთს?!” -
ამოიხვნეშა ხმამაღლა მანდარინის პარკიანმა კაცმა.

მძღოლმა მაგნიტოფონს აუწია. გაყინული მინები უარესად დააზრო მომღერლის გამყინავმა ხმამ - ,,სამი დალიეეეეეეეე....’’

- ,,გემოვნებასაც გვიქვეითებენ”, -
ცხვირი აიბზუა ისევ შავებიანმა ქალმა.

- ,,თქვენ ოპოზიცია ხართ?”, -
ერთადგილიანი სკამიდან პატარა გოგომ ცნობისმოყვარეობა ვერ დაფარა.

- ,,როგორ გეკადრებათ!" -
დაიძახა ქალმა და აქეთ–იქით გაიხედა.

- ,,ხმა ვის მიეცით?” -
ისევ ვერ მოისვენა პატარა გოგომ.

- ,,ხუთ ნომერს”, -
ხმამაღლა გამოაცხადა ქალმა, რასაც აქა-იქ ჩუმი ჩაფხუკუნება და გაბედულების მხრიდან ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.

- ,,არ აგიდგა ისე გვერდები”, -
გაიმეორა ნაცნობი ფრაზა ჭრელთავსაფრიანმა მოხუცმა.

- ,,შენ ვის მიეცი ხმა”, - ქალი გოგოს მიუბრუნდა.

- ,,მე ჯერ 17–ის არ ვარ”, - თინეიჯერმა ყურსასმენი მოიხსნა და ქალს გაუღიმა.

- ,,ვისი ხარ?”, -
არ ეცნოთ გოგო მგზავრებს. გოგომ უპასუხა.

- ,,აააა, აკაკის გოგო ხარ?"

- ,,დიახ ბებოსთან ჩამოვედი საახალწლოდ”.

- ,,საიდან ჩამოხვედით?”, -
იკითხა ჭრელთავსაფრიანმა ქალმა.

- ,,საბერძნეთიდან”

- ,,აბა, ჭკვიანი აქ როგორ გაჩერდება. ვინც თავს უშველა, საზღვარგარეთ წავიდა, -
ისევ გააქტიურდა შავებში ჩაცმული ქალი - გაიკრიფა ხალხი აქედან. ამათ ჰგონიათ, სახელმწიფოს ვაშენებთო”.

- ,,ნატოში შევალთ და გვეშველება”, -
გაისმა უცხო ხმა.

- ,,ნატო და მაგდანა უშველის ჩვენ აბურდულ ცხოვრებას?"–
ენაკვიმატობს იმერელი მოხუცი.

ავტობუსი ადიგენს უახლოვდება.

- ,,აგერ, წარწერა ხომ გაგვიკეთეს და მალე გზასაც დაგვიგებენ”, - იმედს არ კარგავს ფქვილისგან უკვე მთლად შეთეთრებული მამაკაცი.

- ,,ჩადის აქ ვინმე?" –
მძღოლის ხმამაღალმა დაძახებამ მგზავრები გამოარკვია.

- ,,გააჩერე! გააჩერე!” -
გაიღვიძა მთელი გზის განმავლობაში მთვლემარე სვანურქუდიანმა მოხუცმა და მუხლებზე დაყრდნობით ნელ-ნელა წამოდგა - ,,გევიყინე კაცი, რას გვიშობა ეს მთავრობა?” – თქვა და ავტობუსი დატოვა.

- ,,შოფერ, აქ გამიჩერე! -
სამოცწლამდე მიღწეული მამაკაცი ქატოთი სავსე ტომრით ავტობუსიდან ჩავიდა.

,,შოფერმა” მგზავრები ჭიშკარ-ჭიშკარ დაარიგა. დაცარიელებულ ,,პაზიკში” უარესად აცივდა. მძღოლმა მადარინის კანით, კანფეტების ქაღალდებითა და მზესუმზირის ნარჩენებით გადავსებულ ავტობუსს მოხედა, გემრიელად შეიკურთხა და დაამატა - ,,რა ხალხიცაა, ისაა მთავრობაც”.

ომის კონტრასტები




სემინარი კონფლიქტების თემაზე თვალსაჩინოების თანხლებით

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ორგანიზებით, კავკასიიდან შეირჩა 13 ჟურნალისტი, რომელთაც ჩაუტარდათ სემინარი კონფლიქტების თემაზე. ასე მოვხვდით 22-24 ივლისს ყარაბახში ოსი, აფხაზი, ქართველი, სომეხი და ჩერქეზი ჟურნალისტები.

მსგავსი შეხვედრა ჩემთვის პირველია, ამიტომაც ემოციები და შთაბეჭდილებები გაორმაგებულია.

ყარაბახში მინი ავტობუსით მივდივართ, ძალიან ცხელა. როცა გზა უცხოა, თითქოს ერთიორად გრძელდება და დასასრული არ უჩანს.

ყარაბახის საზღვარზე გადასვლისას ჟურნალისტები პასპორტებში ბეჭედს არ ვარტყმევინებთ, მიზეზი - აზერბაიჯანში ვეღარ შევალთ.

მთიან გზას შევუდექით. იმედია, რომ სტეფანაკერტამდე მალე მივალთ. ორასი მკეთრი მოსახვევის გავლის შემდეგ, რომელიც სულ რაღაც 90 კილომეტრიან მონაკვეთშია მოქცეული, ყარაბახის დედაქალაქს მივუახლოვდით.

მთიან ყარაბახში 138 ათასი კაცი ცხოვრობს, აქედან 50 ათასი - სტეფანაკერტში.

სუფთა, ლამაზი, მოვლილი - ასეთია სტეფანაკერტი. ომგადატანილს აქაურობა ნამდვილად აღარ ჰგავს. ყველაფერს რაღაც საზეიმო ელფერი აქვს. საღამოობით ცენტრალური ქუჩა იკეტება და მოსახლეობა სეირნობს. წყვილები არა ხელგადახვეულები, არამედ ხელკავით დადიან. სიტუაცია ბავშვობას მაგონებს, აღლუმების პერიოდს, როცა საგანგებოდ გამოპრანჭული ხალხი პრეზიდიუმის წინ თავს იწონებდა. აქ ისევ მილიციაა, რომელიც ძველი ცისფერი ფორმებით დადის. ისეთი შეგრძნება მაქვს, ცოტაც და საბჭოთა კავშირის დროინდელი ჰიმნიც გაისმება - ,,საიუზ ნერუშიმი..."

მსოფლიოსგან არაღიარებულ რესპუბლიკა, არაღიარებული საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ზეიმობს.

სტეფანაკერტთან ახლოს ქალაქი შუშაა. ომამდე იქ დახლოებით 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. ახლა მოსახლეობის რაოდენობა სამი ათასამდეა შემცირებული.

ქალაქი შუშა მაღალ პლატოზეა. სტეფანაკერტისაგან განსხვავებით, აქ სხვა სიტუაციაა. 1991-94 წლების ომის ნაკვალევი ყველაფერს ემჩნევა. ქალაქში შესვლისას პირველი შთაბეჭდილება - აქ არავინ ცხოვრობს, რადგან გზაზე ტრანსპორტიც კი არ მოძრაობს. კორპუსები ნანგრევებად არის ქცეული. მკვდარი ქალაქი - ეს სიტყვები ამეკვიატა, როცა შუშას ვათვალიერებდი.

ნახევრადცარიელი, დანგრეული ქალაქი ცუდ გუნებაზე გაყენებს.

,,ასეა სოხუმიც", - ამბობს ახრა, აფხაზი ჟურნალისტი.

პატარა ბავშვები გვიახლოვდებიან და სომხურად გველაპარაკებიან. სტუდენტობა სომხურ უბანში გავატარე, ამიტომაც სომხური მესმის - ბავშები ფულს გვთხოვენ.

"როგორ ხართო - გეკითხებიან", - ,,თარგმნის" ანდრეი, ჩვენი თანმხლები, ყარაბახის ერთ-ერთი სამინისტროს წარმომადგენელი.

ეკლესიის ეზოში ჩრდილში ორი მამაკაცი ნარდს თამაშობს. ორივე უმუშევარია. ,,სადაა სამუშაო", - მესმის საკმაოდ ნაცნობი ფრაზა. ,,დანგრეული კორპუსებიდან თუ ვინმეს ქვა ან რკინა სჭირდება, მაშინ მუშებად მივდივართ და ფულს ვიღებთ ხოლმე", - ამბობს 52 წლის მარდუნა.

ერთ დროს აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქალაქში ახლა მხოლოდ მეჩეთი შემორჩა, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას. იქვე ტროტუარზე მოხუცს მუყაოს პატარა კოლოფზე მწვანილი უწყვია გასაყიდად. მოხუცი ომამდე ბაქოში ცხოვრობდა, ახლა იმ დროს მისტირის: ,,ჩემი ქმარი ბაქოზე დარდს გადაჰყვა, ახლა მარტო ვცხოვრობ. ვის უნდა ომი. ვიყავით ჩვენთვის, ვმუშაობდით".

შუშაში ომის შემდეგ, ალბათ, მხოლოდ სასტუმრო და მაღაზია აშენდა. დანგრეული ქალაქის ფონზე ახლად ნაშენები ეს ორი შენობა კონტრასტს ქმნის. სასტუმროს დიდი ინტერესით მივაშურეთ. ნანგრევებმა ცუდად იმოქმედა თითოეულ ჩვენგანზე და ვეცადეთ, რაღაც კარგი დაგვეჭირა, რათა უსიამოვნო განწყობა გაგვქრობოდა.

ჩვენს ირგვლივ რამდენიმე ადამიანი იკრიბება, ყველა მათგანი გაჭირვებაზე წუწუნებს.

,,მალე საწარმოები აშენდება და დასაქმდებით", - ამხნევებს მათ ანდრეი.

შუშიდან უკანა გზაზე ყველა დუმს.

კონფლიქტის მოგვარების გზები და მისი გადაწყვეტა - ესაა სემინარის მიზანი, თუმცა სემინარზე არაფერი რომ არ თქმულიყო, სტეფანაკერტისა და შუშის კონტრასტების მაგალითზე, მთიან ყარაბახში ტრენინგის ჩატარების იდეა მაინც გამართლებულად ჩაითვლებოდა.

ზღვა – ტელევიზორში, გარუჯვა – სახურავზე


ბორჯომში მცხოვრები დევნილები აფხაზეთში დაბრუნებაზე ოცნებობენ

სამცხე-ჯავახეთში ჩასახლებულ დევნილთა უმრავლესობა კურორტ ბორჯომში ცხოვრობს. სანატორიუმი ,,მთის ხეობა" დევნილების საცხოვრებლად იქცა. აფხაზეთსა და საკუთარ სახლებზე დევნილები ახლა განსაკუთრებით დარდობენ, რადგან თავს სანატორუმშიც ყველასაგან მიტოვებულად გრძნობენ.  

ბორჯომის რაიონში 322 დევნილი ოჯახია. აქედან 250 ოჯახი სანატორიუმ ,,მთის ხეობაში" ცხოვრობს. სანატორიუმი კურორტის ცენტრში, ამაღლებულ ადგილზეა გაშენებული.

რაც სანატორიუმს უახლოვდები, ბუზების ბზუილი და გაუსაძლისი სუნი ძლიერდება. პირველი კადრი - ავსებული ბუნკერი, ნაგვის სიმძიმისაგან გამოგდებული ხუფი და ნარჩენებით სავსე პარკების უზარმაზარი გროვა გარეთაც. პოლიეთილენის ნაგლეჯები მთელ ეზოშია მიმოფანტული. 


შენობა ათსართულიანია. ლიფტი თუ მუშაობდა, აქ მცხოვრებლებს უკვე არ ახსოვთ.

,,ლიფტი ამუშავდებაო, სულ გვპირდებიან და გვპირდებიან. უკვე 15 წელია, აქ ვართ და ფეხით დავდივართ", - ამბობს შაოსანი მოხუცი, რომელიც მოაჯირის დახმარებით ცდილობს მეექვსე სართულამდე აღწევას.

სადარბაზოს შესასვლელში გარუჯული ახალგაზრდები სხედან. ზოგი ქობულეთში გაშავებულა, ზოგსაც კი ამისათვის სახლის სახურავი გამოუყენებია. ,,არადა, თურმე, სახლის წინ ზღვა მქონია, მთლად ერთი ხელის გაწვდენაზე", - გვეუბნება 15 წლის თამთა.


სანატორიუმში არც სასმელი წყალი აქვთ. ამიტომაც ბნელ კიბეებზე სავსე ჭურჭლით დატვირთულ ადამიანებსაც შეხვდებით.

აფხაზეთიდან დევნილი ნუგზარ შონია გალის რაიონის მკვიდრია. მას ხშირად უწევს მშობლებთნ გალში გადასვლა.

,,საზღავარზე აფხაზები დგანან. მე გალში დავიბადე და გავიზარდე. რადგან გალის მკვიდრი ვარ, უპრობლემოდ მიშვებენ. რიგით მოქალაქეებს ყოველთვის კარგი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან”, - ამბობს ნუგზარ შონია.

დევნილებს მძიმე მატერიალური პრობლემები აქვთ, ამიტომაც დიასახლისთა უმრავლესობა სამუშაოდ საზღვარგარეთაა წასული.

,,ახლა დევნილთა რაოდენობა შემცირდა. ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგიც თბილისში გადავიდა, რადგან აქ ორი თვეა აქტიურობა და მერე ქალაქი დუმდება. ადრე ხე-ტყის დატვირთვაზე ვმუშაობდით, ახლა ყველა ბიზნესმენს თავის მუშები ჩამოჰყავს", - ამბობს გაგრიდან დევნილი ავთანდილ მუშკუდიანი.

იციან კი, რა ხდება აფხაზეთში, რა მდგომარეობაშია მათი სახლები? აქვთ კონტაქტი იქაურ მეზობლებთან? – ამ შეკითხვის პასუხად ავთანდილ მუშკუდიანი პატარა ისტორიას გვიამბობს:

,,გაგრიდან ჩვენი მზობელი აფხაზები დაგვიკავშირდნენ. ახლა ისინი ჩვენს სახლში ცხოვრობენ, და საფლავების გადატანის ნებართვა გვთხოვეს, ბავშვებს ეზოში გასვლის ეშინიათო. ეზოში ჩემი მშობლები არიან დასაფლავებულები. ჩვენ უარი შეუთვალეთ. მერე ისევ ნაცნობების საშუალებით გავიგეთ, რომ საფლავებისთვის ხელი არ უხლიათ".

,,ბიძაჩემი ტყვარჩელში იყო ახლობლის დასაფლავებაზე წასული. თამადა აფხაზი იყო, მაგრამ სუფრა ქართულად მიჰყავდა, ჩვენც რომ გაგვეგოო", - გვიყვება ბიძის ნაამბობს თამარი.

16 წლის დათო სოხუმელია. ის ერთი წლის იყო, როცა მშობლებმა სოხუმი დატოვეს, თუმცა მათი მოგონებები სოხუმზე იმდენად მძაფრად მოქმედებდა, რომ დათომ გადაწყვიტა, იქ, სოხუმში დარჩენილთათვის როგორმე ხმა მიეწვდინა. ინტერნეტით, გაცნობის საძიებელში სოხუმი და ასაკი მიუთითა და რამდენიმე სოხუმელი თანატოლი გაიცნო. საუბარი რუსულად მიდიოდა. თავიდან ჩვეულებივი საუბრები იყო, სად ცხოვრობ, რა თამაშები გიყვარს. მერე დათო სახლში ყვებოდა, რომ აფხაზ ბიჭებს ელაპარაკებოდა; რომ ისინი დათოს დედის საყვარელ გასასეირნებელ ადგილას - ,,მიმოზოვაია როშაში" ყოველ საღამოს დადიოდნენ.  

,,ხომ ვიცოდი, სოხუმში რა ადგილასაც ვცხოვრობდი და ჩემი აფხაზი მეგობარი ჩემი მეზობელი აღმოჩნდა. მან შემატყობინა, რომ ჩემი სახლი არ დანგრეულა, ისევ დგას, დედამისი ჩვენს ეზოში დარგულ მიმოზებსაც უვლის. სახლის კედელზე ამოტვიფრული ჩემი დაბადების მაუწყებელი წარწერაც ისევ ისეა თურმე შენახული. იმ საღამოს სახლში თითქმის არ გვიძინია. მამაჩემი და დედაჩემი გადარეულები იყვნენ... ახლა უკვე სახლის ფოტოებსაც მიგზავნის”, - გვიამბობს დათო.

ასეთი უშუალო კონტაქტები ყოფილ მეზობლებთან სხვებს არ აღმოაჩნდათ, თუმცა აფხაზებთან ურთიერთობაზე ყოველი მათგანი საუბრობს.

,,ერევანში ვიყავით ბანაკში. ქართველ გოგოს და აფხაზ ბიჭს ერთმანეთი შეუყვარდათ. ძალიან გამიხარდებოდა, ცოლადაც რომ მოეყვანა, მაგრამ წამოვედით და როგორ დამთავრდა მათი ურთიერთობა, ნამდვილად აღარ ვიცი", - გვიყვება თამარი.


,,ოჩამჩირიდან ვარ. შვიდი წლის ვიყავი, როცა წამოვედით. ბაღი მახსოვს, პლაჟი... ადრე აზრადაც არ მომსვლია, ახლა კი მინდა, რომ ჩემს აფხაზ თანატოლებს შევეხმიანო. ალბათ ასაკის ბრალია. სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს", - ამბობს 22 წლის თამარი.

,,ახალგაზრდებს უფრო შეუძლიათ დაახლოება. ახალი თაობა უნდა დამეგობრდეს",

- მიაჩნია გალიდან დევნილ ლადო ბაბუას.

16 წლის მარიამს აფხაზეთი არ ახსოვს, ყველაფერი მშობლების მოგონებით იცის. ისიც ლადო ბაბუას მსგავსად ფიქრობს.

,,ტკივილებს დრო აყუჩებს, თუმცა არ აქრობს. დიდებს ეს ტკივილიანი მოგონებები ისევ აქვთ. ამ მხრივ კი ჩვენ, ახალგაზრდებს უფრო შეგვიძლია დავმეგობრდეთ და ურთიერთობა ავაწყოთ", - ამბობს ის.

,,15 წელიწადია, აქ ვარ. სოხუმის დაცემის მესამე დღეს წამოვედი. ჩემს მეგობარ აფხაზთან, ემზართან ურთიერთობა მაქვს. ძმაკაცს მობილურით ვეხმიანები, ვიხსენებთ ძველ ამბებს. რუსები და გერმანელები შერიგდნენ და ჩვენ როდის ვიქნებით ისევ ერთადო, ვამბობთ ორივე", - საუბრობს გალიდან დევნილი 57 წლის ოთარ ქემერტელიძე.

ჟუჟუნა ლომიძე სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთის მკვიდრია. მან სოხუმი 1993 წლის 19 სექტემბერს ორ შვილთან ერთად დატოვა, იქ მეუღლე და ინვალიდი მული დარჩა.

,,მეუღლე ჩემი წამოსვლიდან მესამე დღეს გარდაიცვალა, აფხაზმა მეზობლებმა ჩვენსავე ეზოში დაასაფლავეს. ინვალიდ მულს კი აფხაზი და სომეხი მეზობელი უვლიდა. ისიც გარდაიცვალა და მეზობლებმა ეზოში დაკრძალეს”, - ამბობს ჟუჟუნა ლომიძე.

მან ასეთი ამბავიც გაიხსენა: ,,ჩემმა თანასოფლელმა ექიმმა გოგომ მუშაობა თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო. არანაირი საბუთი არ ჰქონდა. სოხუმიდან შრომის წიგნაკი და ყველა საჭირო დოკუმენტი გადმოუგზავნეს. თან ეს გააკეთა აფხაზმა ქალმა, რომელსაც ომში შვილი დაეღუპა”. 

26 წლის გიორგიმ კი, გალში დარჩენილ აფხაზ მეგობართან კონტაქტის გაბმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 

,,12 წლის ვიყავი, როცა გალიდან წამოვედი. აფხაზი მეგობარი მყავდა და ახლა ვერ მივაკვლიე. ვეძებე, ვეძებე და მითხრეს, უკრაინაშია წასულიო”, - გვითხრა გიორგიმ.

დევნილების არც ერთ თაობას სანატორიუმში ცხოვრება არ მოსწონს. არ უნდათ, რომ დევნილები ერქვათ და ზღვა ტელევიზორში ნახონ. ყველა დაბრუნებაზე ოცნებობს.

22 წლის თამარის ოცნება: ,,ოჩამჩირის რაიონში, სოფელ კოჩარაში ისევ ისეთი ცხოვრება აეწყოს, როგორიც ბავშვობაში მქონდა". 

ლადო ბაბუას ოცნება: ,,ჩემს სოფელ აგუძერაში დავიმარხო".