четверг, 24 июня 2010 г.

ქალები უუფლებოები და ბრმები არიან

 
სამი ქალის ერთერთი შეხედვით ჩვეულებრივი ისტორია ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯიგრაშენში მოვისმინეთ. აქ შრომას მიჩვეული ქალები, ცხოვრების სიმძიმეზე არ საუბრობენ, უბრალოდ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ყვებიან თავიანთ ყოველდღიურ ყოფას. 

სოფლ ჯიგრაშენის შესასვლელში ნახევრად ჩამონგრეულის სახლი დგას. სახლის უკანა ეზოში ქალი მუშაობს, ოთკუთხედ ნაჭრებად დაჭრილი წივა გასახმობად მზეზე გამოაქვს. ერთი ნედლი წივის წონა დაახლოებით სამი კილოა, ქალს ასეთი ათასი ცალი წივა მაინც აქვს გადმოსაწყობი. წივის სიმძიმეს აუტანელი სიცხეც ემატება. ქალი თავაუწევლად მუშაობს. ძაღლის გაბმულ ყეფაზე მაღლა ამოიხედა. დაკოჟრილი ხელები წინსაფარში დამალა და მოგვიახლოვდა.

დარეჯან ეზეკიანი მარტოხელაა დედაა, ის 40 წლისაა.

,,სახლში მე და ჩემი გოგონა ვცხოვრობთ, ქმარი უკვე რამდენიმე წელიწადია მოსკოვშია წასული. ფულს ვერ გვიგზავნის არ მაქვსო – მეუბნება. ძროხა მყავს, რძე მაქვს და თავიც გაგვაქვს”, -ამბობს ის.

დუხობორთა სოფლებში წივას მამაკაცები აკეთებენ. აქ კი ამ მძიმე საქმეს დარეჯან ეზეკიანი შეჭიდებია.

ძნელი არ არის წივის გაკეთება? ვეკითხები მას.

,,ადვილი რატო იქნება! ჯერ ერთი რო ნაკელში გაქვს ხელი, მერე ყუთში უნდა დატენო, მერე ამოიღო და კიდევ ათასი საწვალებელი რაღაც ჭირდება.
კაცი წასულია თავს უვლის. ჩვენ კი ოჯახის მოვლა გვევალება” - დაღლილი და გაღიზიანებული კილოთი გაგვცა პასუხი დარეჯან ეზეკიანმა.

44 წლის კარინე ოგანესიანიც სოფელ ჯიგრაშენის მკვიდრია. ისიც მარტოხელა დედაა და სახლში მოხუცი მშობლები, ვაჟი, რძალი და შვილიშვილი ყავს.

ოგანესიანების ოჯახში კარინეს გარდა არავინ მუშაობს, მისი 120 ლარიანი ხელფასი კი თვის განმავლობაში პურსა და პატარა შვილიშვილისათვის ბურღულეულის, შაქარის ყიდვას სჭირდება.

,,პატარას ბევრი რამე ჭირდება, ტკბილი ,,მანიქაში” ხო მაინც უნდა აჭამო”, - ამბობს კარინე ოგანესიანი.

კარინე სოფელის ფერმაში მწველავად მუშაობს.

,,მწველავი ვარ. დღეში ოც ძროხას ვწველი. ძნელი არ არის, ყველაფერი მიჩვევაა. ადრე მიჭირდა, მაგრამ სხვა საშველი არ იყო და გავძელი. სახლში მარტო მე ვმუშაობ, ამიტომაც ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა ვარ”, - ამბობს კარინე ოგანესიანი.


სოფელი ჯიგრაშენი ნინოწმინდის რაიონიდან 5-6 კმ არის დაშორებული. ამ სოფლის მცხოვრებლებს ცენტრალურ გზამდე სამი კმ გავლა ფეხით უწევთ.

მაქტაღინ პოღოსიანი ექვსი თვის ფეხმძიმეა, რომელიც ტყუპებს ელოდება, ამიტომაც მისთვის ცენტრამდე ჩასასვლელი სოფლის სამკილომეტრიანი გზა ას კილომეტრიანი ხდება. მის ოჯახს მანქანა არ აქვს, სოფელში კი ავტობუსი არ დადის.

,,ნინოწმინდაში ექიმთან აუცილებლად უნდა ჩავიდე, კარგა ხანია უკვე არ ვყოფილვარ და ბავშვების მდგომარეობა მაინტერესებს. აქედან ჩასვლა კიდევ არაფერია, მაგრამ აღმართში ამოსვლა ძალიან მიჭირს.”, - ამბობს მაქტაღინ პოღოსიანი.

ნინოწმინდაში ქალთა უფლებებზე მომუშავე არცეთი ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. ადგილობრივი მკვიდრი ოფელია პეტროასიანი სწორედ ამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მან თავდაპირველად ღიმილით გვითხრა რომ მისი ,,ემანსიპირებულობა რუსეთში მიღებულმა განათლებამ განაპირობა”.

,,ქალთა უმრავლესობამ თავინთი უფლებები არ იციან, აქ მოტაცება ოჯახის შექმნის მიზნით თითქმის ყოველ დღე ხდება. პატარა გოგონებს ცხვენიათ და უკან არ ბრუნდებიან. ჩვენი ქალები გაუნათლებლები არიან, მათ არსად არ უსწავლიათ სკოლის გარდა. მეათე და მეთერთმეტე კლასებიდან კი თხოვდებიან და მერე სულ სახლში ზიან. გადაჭარბებით ნათქვამი არ იქნება და ქალები უუფლებოები და ბრმებია არიან. ოჯახში ისინი მხოლოდ პურის საჭიროებას ხედავენ. დაუშვათ მამაკაცი მასზე ძალადობს, ქალს კი ვერ წარმოუდგენია პოლიციაში განაცხადოს, ან საერთოდ წამოვიდეს მოძალადის ოჯახიდან”, - ამბობს ოფელია პეტროსიანი.

გულო კოხოძე, ნინოწმინდა

Комментариев нет:

Отправить комментарий