,,იმის იქით მამალიც არ ყივის” – ასე ამბობენ სოფელ დერცელზე.
მიუვალი აღმართით მისაგნები ადიგენის მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე 46 კომლიანი სოფელი დერცელი მნახველს აოცებს. შორიდან ჯერ ღუმელიდან ამოსული კვამლი ჩანს, მერე ძაღლების ყეფა. უცხოს კილომერტის დაშორებით გრძნობენ სოფლის ერთგული მოდარაჯეები და როცა ქანცი გაწყვეტაზე გაქვს, ბოლოს მაღლობზე გაშენებული სოფელიც გამოჩნდება.
სოფელი დერცელი ტყითაა გარშემორტყმული. ხის სახლებს ხის ღობეები აქვს და ყველა ეზოში მორები ყრია, აქ არც სამასალე მერქანია პრობლემა და არც შეშა - “დერცელში ნაჯახით იბადებიან”, - ხუმრობენ ადიგენში.
ზღვის დონიდან 1 520 მეტრის სიმაღლეზე მდებარე, აჭარლებით დასახლებულ სოფელში შვიდი თვე ზამთარია.
1944 წელს 14 ნოემბერის ღამეს, როცა სტალინის ბრძანებით 92 000-ზე მეტი მაჰმადიანი მესხი შუა აზიის ქვეყნებში გაასახლეს, ადიგენის რაიონში 30 სოფელი დაიცალა, მათ შორის დერცელიც. იმავე წელს მთავრობამ აქ იმერლები ჩამოასახლა.
“დასავლეთის სითბოს შეჩვეულმა იმერლებმა მკაცრ კლიმატურ პირობებს ვერ გაუძლეს და ნელ-ნელა ქვედა სოფლებში გადაინაცვლეს”, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მცხოვრები 81 წლის ავთანდილ ვანაძე.
იგი აჭარიდან დერცელში ოჯახთან ერთად, 1956 წელს გადმოსახლდა: “16 კომლი აჭარის მთებიდან ჩვენი ნებით გადმოვედით. კოლმეურნეობა დაგვეხმარა და სახლები ჩავდგით. დღეს ძლიერი სოფელი ვართ”.
ამჟამად დერცელში 45 კომლი ცხოვრობს - ბერიძეები, ვანაძეები მიქელაძეები და გორგაძეები. მათი ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა.
“ოჯახში რვა სული ვართ და 12 ძროხა გვყავს. ესაა ჩვენი შემოსავალი. დღეში საშუალოდ 80 ლიტრი რძე შემოგვაქვს. ვაკეთებთ ყველს, არაჟანს ან ცხვარს და ძროხას ვკლავთ და ვყიდით”, - ამბობს 37 წლის თამილა ირემაძე.
დერცელელებს პროდუქტი ახალციხის ან ბათუმის ბაზარზე გააქვთ.
“ძალიან ვწვალობთ, გზა ჩვენ არ გვაქვს და კვალი. შარშან, 3 ნოემბერს, უკვე წელამდე თოვლი იყო. ყველა ველოდებით იმას, ვისაც მანქანა ჰყავს. თუ არა და ფეხით მიგვავქვს ამხელა ტვირთი”, - ჩივის თამილა ირემაძე.
ყოველწელს, ნოემბრიდან მაისამდე, სოფლამდე მისასვლელი გზა იკეტება. ახალციხეში მოხვედრა მხოლოდ ადიგენიდან შეიძლება. თუმცა ეს არც ისე მარტივია. დერცელის მცხოვრებნი საცალფეხო ბილიკით, 11 კილომეტრის მოშორებით, სოფელ მოხეში უნდა ჩავიდნენ, საიდანაც ავტობუსი ადიგენში მიდის, ისიც დღეში ერთხელ. “თუ შევეტიეთ, ხო ჩავაღწევთ ქალაქამდე, თუ არა ისევ უკან ვბრუნდებით”, - ამბობენ ადგილობრივები.
81 წლის ავთანდილ ვანაძე ქალაქში იშვიათად დადის, თუმცა უგზობის პრობლემა მაინც აწუხებს: “გლეხის თაობაზე როგორ ვიქნებით?! არჩევნების წინ ამოვიდნენ - ყველაფერი იქნება ოღონდ მხარი დაგვიჭირეთო. ხოდა, ორივე არჩევნებზე ასი პროცენტით მთავრობამ წაიღო ხმები. დაპირებული გზა და ავტობუსი კი დღემდე არავის გახსენებია”.
დერცელში ავტობუსი არც ზაფხულობით დადის. ადიგენიდან დერცელამდე მისასვლელი სამანქანო გზა მოხეში მთავრდება.
“სოფელში თუ ვინმე შეძლებულია უაზის ტიპის მანქანა ჰყავს. აბა, ამ გზით დერცელამდე სხვა არაფერი მოვა”, - ამბობს ნუგზარ გორგაძე.
უტრანსპორტობა სოფელის მოზარდ თაობას განათლების პრობლემას უქმნის. დერცელის არასრული სკოლის დამთავრების შემდეგ საშუალო განათლების მიღება მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც მოხეში ნათესავები ჰყავს.
“მეთერთმეტე კლასში ვარ, მაგრამ გოგოები სიშორის გამო მოხეში ვერ დადიან, ბიჭებთან ერთად მარტო ვერ ვივლი. თან 11 კილომეტრის გავლა, მით უფრო ზამთარში ძალიან ძნელია”, - ამბობს თამუნა მიქელაძე.
მერვეკლასელი ნათია მიქელაძე პედაგოგობაზე ოცნებობს, თუმცა იცის, რომ დასახული მიზნის მიღწევამდე ჯერ საშუალო და შემდეგ უმაღლესი განათლებაა საჭირო: “ალბათ, სანამ მეცხრე კლასს დავამთავრებ მანამდე ავტობუსსაც დანიშნავენ”.
დერცელში ერთადერთი დაწესებულება სკოლაა. ადგილობრივების ერთადერთი გასართობიც სკოლაში გამართული ღონისძიებებია.
“ბიბლიოთეკა ჩვენ არ გვაქვს და კლუბი, რიტუალების სახლი კიდევ ყველა სოფელში გააკეთეს, მაგრამ არჩევნებზე აქედან წაღებული ხმები არც ამჯერად გაახსენებია მთავრობას”, - ჩივიან “ბირჟაზე” მდგომი დერცელელები.
თუ სკოლაში მუშაობ ან სწავლობ, თანასოფლელებისაგან განსხვავებით მეტი გასართობი გაქვს, თუ არა და საოჯახო საქმით უნდა შეიქციო თავი.
“ჯერ სახლში დედას ვეხმარები. მერე ალბათ გავთხოვდები” – ამბობს თამუნა მიქელაძე – ,,ეყვარებული არ მყავს, მაგრამ აქ ეგრე არ ვიცით – თუ ოჯახები შეთანხმდებიან, მოვლენ და დაგნიშნავენ. მინდა სიყვარულით გავთხოვდე. მაგრამ მშობლებმა რომ ნება დამრთონ, სოფელი არ მაპატიებს ამას”.
დერცელში ერთი თვალის შევლებით გაარჩევ ვინაა გათხოვილი და ვინ არა – გათხოვილი ქალი აღმსარებლობის მიხედვით ვალდებულია თავსაბურავით იაროს.
ერთი აღმსარებლობის მიუხედავად, დერცელში მცხოვრებნი მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლებას ეწინააღმდეგებიან.
“იყვნენ ერთ-ორჯერ, თავიანთ ნასახლარებს დაეძებენ. თუ ჩამოასახლებენ, მაშინ ჩვენ გაგვასახლონ აქედან. მიწა-წყალი არ გვეყოფა. არსებობა არ გვინდა?” - კითხულობს ავთანდილ ვანაძე.
გულო კოხოძე, ადიგენი
Комментариев нет:
Отправить комментарий